2014 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების თანხმობითა და ხელშეწყობით ჩადენილ იქნა გამოუსწორებელი დანაშაული ერისა და კაცობრიობის წინაშე: მსოფლიო ეკონომიკის ისტორიის ძეგლის - მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილი უძველესი ოქროს საბადოს ვანდალური განადგურება.
2017 წელს ჩვენს დედაქალაქში დაიბეჭდა ცნობილი ქართველი რეჟისორის - ლიანა ელიავას დოკუმენტური რომანი „აფეთქებული საყდრისი“. მასში შთამბეჭდავად არის აღწერილი ქვეყნისთვის ამ საბედისწერო მოვლენის პერიპეტიები, რომლებიც მტკივნეულად ხვდება სამშობლოდან დაშორებით მყოფი ქართველი ადამიანის გულსა და გონებას.
გთავაზობთ ფრაგმენტებს რომანიდან:
ლიანა ელიავა -
„გახსოვდეს საყდრისი!“
„ჩავრთე ინტერნეტი და დავგუგლე „საყდრისი“. კვლავ აღსდგა ჩემს წარმოდგენაში მისი აღმოჩენისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპები.
2004 წელს საქართველოს ეროვნული და გერმანიის სამთო მუზეუმების ერთიანი ძალისხმევით განხორციელდა საერთაშორისო პროექტი თბილისიდან ორმოცდაათ კილომეტრში, ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთთან საყდრისი-ყაჩაღიანის მთაზე. პროექტს აფინანსებდა გერმანიის ერთ-ერთი ძირითადი საფონდო ინსტიტუტი სამეცნიერო და აკადემიური სწავლების სფეროში - ფოლცვაგენის ფონდი (გრანტი შეადგენდა დაახლოებით ხუთასიდან რვაას ათასამდე ევროს).
სავსებით ბუნებრივი იყო ოქროს ძიება იქ, სადაც მადნეულის საბადოა, დმანისში აღმოჩენილი პირველი ევროპელების გვერდით.
ამ მთაში ოქროს არსებობას ადასტურებდა არა მხოლოდ გარედან შემორჩენილი ღიად მოპოვების კვალი, არამედ შიგნით, ცხრა-ოცი მეტრის სიღრმეში აღმოჩენილი ოთხი გვირაბიც.
თავდაპირველად გაითხარა მხოლოდ ერთი, რომელშიც ნაპოვნი იქნა ათი ათასამდე სხვადასხვა დანიშნულების რიყის ქვის უროები და ჩაქუჩები, სასრესი დაფები, სანაყი ამბოსები (პატარ-პატარა ფოსოებიანი ქვები) ზედ კლდეში და სატარებელიც, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები: ჭრაქი, ხის კოვზი, თიხის ჭურჭლის ნატეხები.
გვირაბის კედლებს ეტყობოდა ქვის უროების დანარტყამი გლუვი ანაბეჭდები, ასევე ალაგ-ალაგ ცეცხლის დანთების კვალიც შერჩენოდა და გამურული იყო.
2004-2005 წლებში საყდრისის სიახლოვეს, დაახლოებით კილომეტრნახევარში გაითხარა სამარხები. არქეოლოგებმა მიაკვლიეს ასევე სამთო დასახლებას სახელოსნო უბნითურთ, შუაში ქურით, რომლის ირგვლივაც მიმოფანტული არტეფაქტები წარმოადგენდნენ ოქროს მადნის ისეთივე სანაყ დასაფხვნელ ამბოსებს, ხის, ძვლისა და რქისაგან დამზადებულ სხვადასხვა იარაღს. არსებობდა აგრეთვე მადნის გამოსაწვავი, ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, პირობითად სახელოსნოები.
ერთ-ერთი სახელოსნოდან აღებული ნახშირის ნიმუშები გამოსაკვლევად გადაიგზავნა შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხის იონური ფიზიკის ლაბორატორიაში და ასევე გერმანიაში, ქალაქ ბოხუმის სამთო ინსტიტუტში, რომელიც თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა მთელს ევროპაში.
ორივეგან მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის მთაზე იყო ოქროს საბადო, საიდანაც ჩვენი წინაპრები ოქროს მოიპოვებდნენ უხსოვარი დროიდან, ანუ მეოთხე-მესამე ათასწლეულიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
ამის შემდგომ კვლევებში ჩაერთვნენ რურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები. საჭირო იყო საყდრისის ოქროს ანაბეჭდების შექმნა და მისი შედარება იმ არემარეში ნაპოვნ იმდროინდელ ოქროს ნივთებთან იმის დასამტკიცებლად, რომ თუ მოიპოვებდნენ, ოქროს პრაქტიკული გამოყენებაც უნდა სცოდნოდათ.
ახლომახლოს ვერ მიაგნეს ასეთ საგნებს. შესაბამისად გაფართოვდა კვლევის არეალიც. მტკვარ-არაქსის, რომელსაც მიეკუთვნებოდა საყდრისი და მეზობელი შუამდინარეთის კულტურების გადაკვეთის ადგილას არსლანთეფეში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) გაითხარა ყორღანი, სადავ მიაკვლიეს სამეფო სამარხს (ჩაყოლებულები იყვნენ აგრეთვე: ორი ქალი, ორი კაცი). დამარხულის დიდებულებაზე მეტყველებდა იქ აღმოჩენილი ძვირფასი ნივთები: ოქროს ორი სამეფო დიადემა, ლითონის საბრძოლო იარაღები და კავკასიური ჭურჭელი.
ერთ-ერთი დიადემიდან აღებული მიკროსკოპული ნიმუში გაიგზავნა ფრანკფურტში. გერმანელ და ფრანგ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ლაზერულმა კვლევამ დაადასტურა საყდრისის ოქროსა და სამეფო დიადემის ოქროებს შორის გეოქიმიური შემადგენლობის (ოქრო არასდროს არ არის სუფთა) აბსოლუტური თანხვედრა.
ასე დადასტურდა, რომ მაშავერას ხეობაში ყველაფერი ერთად ყოფილა: საბადო, მაღარო, სამთო დასახლება, ანუ სრული საზოგადოება, რომელიც მოიპოვებდა ოქროს და აღებ-მიცემობაც ჰქონდა მეზობლებთან მისი მეშვეობით.
***
... „საყდარი“ ნათესაობით ბრუნვაში ძველ ქართულად ნიშნავს, რომ ეს მთა ეკლესიას ეკუთვნოდა (მთის ძირში ორი ეკლესიაც დგას). სატანური ყაჩაღიანი, ეტყობა, შემდგომ ხანებში მიეტმასნა ამ წმინდა სიტყვას. ძნელი მისახვედრი არაა, თუ რატომ?
საყდრისის დამცველთა კომიტეტში ძირითადად გაერთიანებულან სტუდენტები, ეკოლოგები, ჟურნალისტები. საპატრიარქოს მოუმარაგებია ისინი კარვებით, ტრანსპორტით, ფულადი დახმარება გაუწევიათ ქართველ ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოჩნდა კადრები მანქანებისა, რომლებიც კაზრეთისკენ მიაქროლებდნენ საყდრისის მრავალრიცხოვან დამცველებს.
ადგილზე ჩასულები „არემჯი გოლდის“ შეიარაღებულმა დაცვამ სიახლოვეს არ გააკარა საყდრისის მაღაროსთან, მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგების სარჩელის შედეგად, სასამართლოს განჩინებით, „არემჯი გოლდს“ შეჩერებული ჰქონია აქ მუშაობის უფლება.
მაშინ ახალგაზრდებმა ეკლესიასთან ჩაატარეს საპროტესტო მიტინგი და მიიღეს მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი, რომელსაც ხელს აწერდა ათასობით ადამიანი.
ამის შემდეგ დატყვევებულ მთას მთლიანად შემოარტყეს ცოცხალი ჯაჭვი. სწორედ ეს კადრი გაქვავებულა ფოტოდ.
ბოლოს ახალგაზრდებმა მოპირდაპირე მხარეს დასცეს კარვები, ააშენეს სათვალთვალო კოშკურა, საიდანაც მორიგეობით, დღე და ღამე, ჭოგრიტით ადევნებდნენ თვალს, რა ხდებოდა საყდრისის გარშემო, თან მობილურით აღბეჭდავდნენ ყველაფერს საეჭვოს.
თბილისშიც არ ცხრებოდა საპროტესტო აქციები: მიტინგები, მანიფესტაციები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, მთავრობის სასახლესთან, პრემიერის სახლთანაც კი.
პროტესტს გამოთქვამდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები. პარლამენტში გამოითქვა აზრი კომისიის შექმნის შესახებ, მაგრამ მმართველმა უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი.
ამ ვითარებაში პრემიერმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და მისივე ბანკის უკვე ყოფილ მმართველს გადააბარა ქვეყნის მართვის სადავეეები. მანაც პატრონის კვალდაკვალ განაცხადა:
„კულტურული ღირებულება მას (საყდრისს) არ ჰქონდა. არავის დაუმტკიცებია, რომ აქ იყო საბადო თუ მაღარო“.
„აღნიშნული მაღაროები სინამდვილეში ბუნებრივი, ტექტონიკური ნაპრალებია, რომლებიც ეროზიული მოვლენებითაა განპირობებული“ – „მეცნიერულად“ გაამყარა უფროსის ნათქვამი ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„მწვამე მუშტის“ შემდეგ „საიამ“ (ახალგაზრდა იურისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია) უჩივლა სასამართლოში „არემჯი გოლდს. იურისტებმაც მოიგეს სარჩელი და კომპანიას საერთოდ აეკრძალა მუშაობა საყდრისში.
გაკრთა იმედის ნაპერწკალი. კულტურის მინისტრმა ისევ დაუბრუნა ძეგლს ჩამორთმეული სტატუსი.
პრემიერი კი ამ დროს საყდრისის დამცველებს „დივერსანტებად“ მოიხსენიებდა, ხოლო კომპანიის მუშაკებს მოუწოდებდა:
-„გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად!“ რაც იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, კომპანიას გაუგრძელდა მუშაობის ვადა.
მთავარ მიზეზად ასახელებდნენ კომპანიაში დასაქმებულ ადგილობრივ მაცხოვრებელთა მძიმე ეკონომიკურ მდგონარეობას, რომელიც ზედაპირზე იდო. ისინი არ იყვნენ გამონაკლისები. ასეთივე სავალალო იყო საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხოვრება.
ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი, გადადგმული კომპანიის სასარგებლოდ, ცხადყოფდა რუსული „მატრიოშკას“ სტილით აწყობილ და შენიღბულ ამ უცხო კომპანიაში გავლენიანი ქართველის ბიზნეს-ინტერესების არსებობას.
კოლექტივთან (იგულისხმეთ მთავრობასთან) შეუთანხმებლად მუშაობას შეეწირა საყდრისის თავდადებული დამცველის, ხელოვნებათმცოდნე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
***
-ეგვიპტური პირამიდების თანამედროვე, მსოფლიოში ყველაზე ძველი სამთამადნო ძეგლი! - ამტკიცებდნენ ქართველი და ევროპელი მეცნიერები, რომლებიც წლობით იკვლევდნენ მას.
-ნაციონალური მოძრაობისა და „რუსთავი-2“-ის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, არავითარი კულტურული ღირებულება არა აქვს, მაღაროები კი არა, ეროზიით გაფართოებული ბუნებრივი ნაპრალებია, - ასეთი იყო თავიდანვე ხელისუფლების დამოკიდებულება საყდრისისადმი.
ძეგლის კულტურული მნიშვნელობის გადაფასებამ ბიზნესის სასარგებლოდ საზოგადოების უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. არ დარჩენილა მედიის არცერთი საშუალება, ბეჭდვითი თუ ვირტუალური, ამ თემაზე გახურებული სჯა-ბაასი არ გაემართოს.
ქართველებთან ერთად გერმანელი მეცნიერებიც ჩაებნენ სახელმწიფოსთან შეკრულ ბიზნესთან ამ უთანასწორო ბრძოლაში. მათ ზურგს უმაგრებდა საგანგებოდ საყდრისის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოება, ეკლესია, არასამთავროები, ოპოზიციური პარტიები, ჟურნალისტები, ხელოვნებათმცოდნენი, სტუდენტობა. იმართებოდა მიტინგები, მანიფესტაციები.
ხელისუფლებამ რომ დაინახა, სიცრუემ საწინააღმდეგო ნაყოფი გამოიღო, ახალი მიზეზი მოიგონა ძეგლის საწინააღმდეგოდ - საყდრისის მთა ირღვევა და იქ საშიშია მეცნიერებისა თუ დამთვალიერებელთა ყოფნაო.
ჯერ ერთი, სანამ ბულდოზერით არ ეძგერნენ და გვერდები არ ჩამოათალეს, სანამ არ დახვრიტეს რამდენიმე ადგილას, მთა მაგრად იდგა და არცერთ მეცნიერს თუ დამთვალიერებელს იქ რაიმე ზიანი არ მოსვლია.
მეორე, მართალიც რომ ყოფილიყო, თუ ძეგლის გადარჩენის სურვილი ჰქონდათ, რატომ არ შეიძლებოდა მისი გამაგრება?!
ამანაც რომ არ იმუშავა, კომპანიას მიენიჭა უძრავი არქეოლოგიური ძეგლის დაშლისა და არტეფაქტების სამუზეუმო სივრცეში გადატანის უფლება.
კომპანიამ კი აფეთქებები ჩაატარა ისე, რომ არქეოლოგების მეთვალყურეობაზე არც უფიქრია. ამ დროს ძეგლის მხოლოდ ერთი მეოთხედი ანუ ოთხიდან ერთი მაღარო იყო შესწავლილი, დანარჩენები გამოუკვლეველი დარჩა.
მთავრობა თავისი მოქმედებების გასამართლებლად ფარად იყენებდა სამი ათას დასაქმებულს ამ კომპანიაში.
რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ამოეწურებოდა კომპანიას მოქმედების ვადა, არ დარჩებოდა ეს ხალხი ისევ უმუშევარი?! აეგუგუნებინათ დაპირებული ასი საწარმოდან ერთ-ერთი იმ არემარეში და სამიდღემშიოდ დაკმაყოფილდებოდა ყველა.
მართალია, ამ აფეთქებამ ვიღაცებს მოუტანა ერთჯერადი დიდ-პატარა სარგებელი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად დასანანია, ქვეყანამ დაკარგა არა მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი, არამედ მუდმივი შემოსავლის წყარო, საყდრისის მუზეუმად ჩამოყალიბებას რომ შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
ქართული იდენტობის გამომხატველი ამ უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის განადგურებამ მკვეთრად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა საქრთველოს პრეზიდენტის მხრიდან.
საპატრიარქომ დაგმო საყდრისის იავარქმნა და ის ადამიანები, ვინც ეს მოაწყო.
უფრო მძიმე იყო ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა განაჩენი, რომლებმაც „ვანდალიზმი“, „ტერორისტული აქტი“ უწოდეს საყდრისის აფეთქებას და ევროპული სასამართლოთი დაემუქრნენ მის მომწყობებს.
მოგვიანებით, მედიის ცნობით, საყდრისიდან ამოგებული ასობით მილიონიანი შემოსავლიდან შვიდი მილიონი გამოუყვიათ ბოლნისში მუზეუმის დასაფინანსებლად და იქ არტეფაქტების განსათავსებლად, ვირტუალური სამგანზომილებიანი სივრცის მოწყობასაც აპირებენ თურმე. აკი არ იყოო საყდრისში ოქროს მომპოვებელი მაღარო?!
***
...წარმოუდგენელი იყო ამ ძეგლის განადგურება - კულტურულ-ისტორიული ღირებულების გარდა, საყდართან დაკავშირებული ფუძის გამოც. ახლა უფრო ცხადი გახდა ამ წმინდა სიტყვას მიტმასნილი სატანური ყაჩაღიანის მნიშვნელობა. ყველაფერი იყო ნათქვამი ამ შეუთავსებელ სიტყვათშეთანხმებაში - საყდრისი-ყაჩაღიანი!
როგორც საყდრისის ერთ-ერთი დამცველი ჰყვებოდა, კოშკურიდან ჭოგრიტით თვალთვალისას დაუნახავს, როგორ ამოვარდა სამი ჯიპი, ვიღაცებმა დაქოქეს იქვე მდგარი ბულდოზერი, რომელმაც გვერდიდან ორ ადგილას შემოაცალა მთას ნაშალი მიწა.
შემდეგ უკვე სხვა მორიგეს, ასევე ჭოგრიტით მოახლოებისას, შეუნიშნავს, როგორ ბურღავდნენ მთას სხვადასხვა ადგილას, რაც იმის მომასწავაბელი იყო, რომ საყდრისს ამზადებდნენ ასაფეთქებლად.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაიმართა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „ყავის სმისა და ძეგლთა ნგრევის სამინისტრო“.
...საღამოს ისევ ჩავრთე ინტერნეტი.
წამყვანი დაწვრილებით ჰყვებოდა, რა ორომტრიალი იდგა კვირის ბოლო სამუშაო დღეს ანუ პარასკევს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ერთ დღეში თურმე ცამეტი სხვადასხვა მოქმედება ჩაუტარებიათ და ოთხი გადაწყვეტილება გაუფორმებიათ ბრძანებებით. ამ ვერაგული სქემით საყდრისს ისევ მოეხსნა თურმე კუთვნილი - კულტურული ძეგლის სტატუსი. ამასთან დაკავშირებით, ეტყობა, საგანგებო გადაცემა მიდიოდა.
-თეორიულადაც კი შეუძლებელია ამ მოცულობისა და სირთულის სამუშაოს ჩატარება ასეთ მცირე დროში, - დაასკვნა საყდრისის თავგადაკლულმა ქომაგმა ჟურნალისტმა.
-ცხადია, ეს ყველაფერი იყო ფორმალური და ემსახურებოდა მთავრობის სასარგებლო „ოქროს შუალედის“ მოძებნას მეცნიერებსა და საეჭვო წარმოშობის ოქროსმომპოვებელ ფირმას შორის, - განაცხადა თამამმა პოლიტიკოსმა სარკასტული ღიმილით.
-ოქროსმაძიებელმა ყაჩაღებმაც დაუყოვნებლივ ისარგებლეს ამ ხელშეწყობით და შაბათს, დასვენების დღეს, როცა ყველამ მოადუნა ყურადღება, დილაუთენია ქურდულად ააფეთქეს საყდრისი, - თავზარდამცემი ფაქტი ამცნო საზოგადოებას ახალგაზრდამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან.
-აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ სოფელში ფანჯრის მინები და ჭაღები დაილეწა, - დაურთო ამ საზარელი ფაქტის თვითმხილველმა მასწავლებელმა კაზრეთიდან...
-საყდრისის ადგილას ახლა ორმოა, მთა საბარგო მანქანებით ნაწილ-ნაწილ გაიტანეს გადასამუშავებლად, - სვენებ-სვენებით ძლივს ამოთქვა ძეგლის ერთ-ერთმა მკვლევარმა ქალბატონმა.
***
აფეთქებული საყდრისი ჩემთვის იმთავითვე იქცა მეტაფორად, ტრაგიკულ მხატვრულ სახედ, რომელიც რაღაც დოზით ყველა ჩემნაირს მიესადაგება...
-ოქროს გულისათის პრეისტორიული ძეგლი ააფეთქეს!..
ლოგინში ჩავწექი, მაგრამ რა დამაძინებდა! ჩემი თავისთვის ვერ მეპატიებინა, იმ საბედისწერო დილას, როცა ოქროს მაძიებელმა ყაჩაღებმა საყდრისი ააფეთქეს, შფოთიანად, მაგრამ მაინც რომ მეძინა საკუთარ ლოგინში.
განა ამის მომასწავებელი არ იყო ხელისუფლების დაჟინებული, დაუსაბუთებელი მტკიცება, არ იყო საყდრისში ოქროს საბადო და არ მოიპოვებდნენ ოქროსო?! მაშ ამდენი ხრიკები რად დასჭირდა უნიკალურ ძეგლად მიჩნეულ მთის გორმახებად ქცევას?!
სამარცხვინოა, რომ ეს მოხდა ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოში! ემიგრაციის სიღატაკეში, ამ დიდმა ქართველმა არათუ შეუნარჩუნა სამშობლოს წინაპართაგან ნაგროვები საგანძური, კიდევ მიუმატა!
როგორც ვაჟა იტყოდა, „მე რა გამგე ვარ ამისა“?! უმჯობესია ისტორიის სარკეში ყველამ თავის ნამოქმედარს თვითონ გაუსწოროს თვალი. თუ ოდნავ გონებისა და გრძნობის ნატამალი შერჩენია, მიხვდება ყველაფერს, თავისა და სხვის ავ-კარგს.
...ჩემი ქვეყნის ამჟამინდელი უბედურებების შემყურეს და გამგონეს კარგი რა დაგემართება!
როგორი ასატანია, გადაშენების უფსკრულთან მდგარ შენს ხალხში გახშირებული მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერიები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა, ამ ბოლო დროს ბავშვებისაც?!
...რომელი იმუნიტეტი შეეგუება ამ უსინდისო, მცოცავ ანექსიას ჩრდილოელი მეზობლისაგან, თითქოს მიწას კი არ აჭრიან შენს ქვეყანას, თვითონ შენ გაგლეჯენ ცოცხლად ხორცს!
მომეჩვენა, რომ აფეთქებულთა შორის მეცა ვარ, ერთი პატარა საყდრისი. ჩემი უბედური ქვეყნის ჭირ-ვარამს, პირადულსა და პროფესიულსაც თუ დაურთავ, რა იმუნიტეტი ეყოფა ირგვლივ გამეფებულ გაუნათლებლობასთან და, აქედან გამომდინარე, ყალბ ამბიციებთან, უღირსთა აღზევებასთან, ღირსეულთა დამცრობასთან შეუგუებლობას?!
გონებასა და წარმოდგენაში სულ სხვა განზომილებაში გადაზრდილი, საყდრისის ტრაგედია ყველაზე საბედისწეროდ დაილექა ჩემს ჯირკვლებში. აფეთქებული საყდრისი ჩემთვის იქცა სიმბოლოდ, რომელიც ვრცელდება ადამიანებზეც - იგი უბირთაგან აფეთქებული უამრავი დიდ-პატარა საყდრისია!
ნანახია: (2269)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას