logo.png

დღეს 12 აპრილია - დიდი ქართველი პოეტის -მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღე!

ქვემოთ წარმოდგენილი ლექსები მუხრან მაჭავარიანს შევარდნაძის შავბნელ წლებში აქვს დაწერილი. თუმც კი ვერ მოესწრო პოეტი ივანიშვილის მმართველობას, მაგრამ მისი იმ პერიოდის შემოქმედება ისევე ზუსტად ასახავს ჩვენს დღევანდელობას, როგორი სიზუსტითაც   შევარდნაძის დროება ემთხვევა ჩვენს დროებას.

 

ამ ჩემმა ზათქი რომ არ ჰყოს გულმა

 

ზიზღის ანთია ჭიაკოკონა, -

გამჭვარტლულია მისგან ცარგვალი!

საქართველოა ახლა როგორიც! - მე საქართველო

არ მსურს

ამგვარი!

 

გადაპოხილა ტვინით ქოჩორი!

ცაში ავარდა ნაღმით ჯარგვალი!

საქართველოა ახლა როგორიც! –

მე საქართველო

არ მსურს

ამგვარი!

. . . . .

ამ ჩემმა ზათქი რომ არ ჰყოს გულმა

(ცეცხლში ვითარცა ქვა სკდება ფილთა), -

დროზე და მალე ვიხილო უნდა, -

მე საქართველო,

როგორიც მინდა!

1992

 

***

ვინც ილხენს ახლა, -

                                         უფრო ცოდოა, -

ვიდრე ის ბევრი, -

                                         ახლა ვინც ტირის...

ამგვარში, -

                                          დღეს რომ საქართველოა, -

არც სიცოცხლე ღირს

                                          და არც სიკვდილი!

1993

 

ძმაკალიობა

 

საქართველოში უზნეობის სუფევს თარეში;

ცრემლად იღვრება მარიამი,

ილხენს არესი,

შურს ცოცხალს მისი, -

წევს, -ამჟამად ვინც სამარეში...

ხდება რაც ახლა!-

მოხდეს უნდა

რა უარესი?!

 

საქართველოში უზნეობის სუფევს თარეში;

უნახავს დღემდე ამნაირი არვის ტაროსი.

ძმაკალიობას გუნდრუკს უკმევს უნეტარესი...

ხდება რაც ახლა!

მოხდეს უნდა

                           რა უარესი?!

იმნაირია, -ახლა, -ჩვენში ძმაკალიობა!-

ენა დაბმია, -

                         გენაცვალე, -

                                                  შენს კალიოპეს.

1994

 

შუადღესავით არის ნათელი

 

წინ ვაგლახია კიდევ რამდენი! -

შუადღესავით არის ნათელი! –

ყველაფრისაა რადგან ჩამდენი

ვაშა რუსის და ვიში ქართველის!

1996

 

პესიმისტის რეპლიკა

ეს ჩემგან კია
მეტისმეტი თუმცა სიმკაცრე,
მაგრამ
ყოველთვის,
ცნობილია,
არ ხამს ალერსი;
დაღონებული როა კაცი, -
მესმის იმ კაცის!
გახარებული კაცის, -
არ მესმის.

ვინც გინდა იყავ, -
გინდ არქიფო,
თუ გინდა ზაქრო! -
რა გიხარია, შე შობელძაღლო?!

 

ნანახია: (4101)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას