logo.png

ალექსანდრე ლევკოვსკი ისრაელში მცხოვრები რუსულენოვანი ებრაელი მწერალია.

მისი რომანი და მოთხრობების კრებული გამოცემულია ქართულ ენაზე.  იგი ჩვენი ქვეყნის დიდად მოყვარული ადამიანია. აქვს ქართულ სიუჟეტებზე დაწერილი რამდენიმე მოთხრობაც.  არის რამდენიმეგზის საქართველოში ნამყოფი და მისი ინტერვიუ ჩვენს საიტზეც არის გადმობეჭდილი.

გთავაზობთ ბეჭდური სახით ჯერაც გამოუქვეყნებელი მოთხრობის თარგმანს,  რომელსაც ვუთანადებთ დღევანდელ დღეს -

 

11 აპრილი ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტუსაღთა განთავისუფლების სააერთაშორისო დღეა!

 

 

 


ალექსანდრე ლევკოვსკი

 

                                              სიკვდილი კალინინის მოედანზე

 

 

 

                                                                                                                                                                          „თეთრად გათენებულ ღამეში

                                                                                                                                                    სულის სატანჯველზე ვფიქრობ 

                                                                                                                                                                            ხსოვნას ვაების და წამების

                                                                                                                                                                            ვატან ყალზე შემდგარ სტრიქონს“.

                                                                                                                                                                                                                იგორ გამინი

                                                                                                                   „განა მთელი ჩვენი სამყარო სიკვდილმისჯილთა საკანი არ არის?“

                                                                                                                                                ალექსანდრ სოლჟენიცინი, „არქიპელაგი გულაგი“

 

 

 

1

ეს ბოლო ხანებია, დილაუთენია - გარიჟრაჟზე, როდესაც მაწუხებს უძილობა და მოახლოებულ აღსასრულზე ფიქრი, ამ მოედანზე მოვდივარ თითქმის ყოველ დილით. ახლა ის იწოდება „მაიდან ნეზალეჟნოსტი“ („დამოუკიდებლობის მოედნად“), ან უბრალოდ - „მაიდნად“. წარმოთქვამ „მაიდანს“ და ყოველი კიეველი მიხვდება, რომელ მოედანსაც გულისხმობ.  ჩემი ბავშვობისა და ქალიშვილობის წლებში კი ეს იყო კალინინის მოედანი.

ექიმებისგან, დარჩენილი მაქვს წელიწადნახევრის ხანგრძლივობის სიცოცხლე - მე დამიდგინეს ტვინის სიმსივნე, ეგრეთ წოდებული გლიობლასტომა. ას ოთხმოცი დღის შემდეგ - ან უფრო ადრეც კი - ეს ავად სახსენებელი ავადმყოფობა შეწყვეტს ჩემს მიწიერ არსებობას და გამისტუმრებს საიქიოს. აი, თუ გნებავთ ბედის ირონია - თუკი დასაშვებია ვიხმარო სიტყვა „ირონია“ სიკვდილისწინა მონათხრობში. მე გლიობლასტომებისა და  ტვინის მსგავსი დაზიანებების უამრავი ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თავად ნეიროქირურგს მომეწეოდა ტვინის იგივე სასიკვდილო ჩირქოვანება, როგორიც მე ამომიკვეთავს პაციენტებისათვის ლამის ყოველკვირა ჩემს ქირურგიულ პრაქტიკაში.

მე ახლა უკვე სხვაზე არაფერზე შემიძლია ფიქრი - ვფიქრობ მხოლოდ მასზე, ჩემს მოახლებულ სიკვდილზე... სადღაც, დინა რუბინასთან თუ, შესაძლოა, ლუდმილა ულიცკაიასთან  მაქვს ამოკითხული მრავალგზის განმეორებული მოკლე ფრაზა: „დროა სინათლის ჩაქრობის“. მაგრამ, ვიდრე ჯერჯერობით ჩემი სინათლე არ ჩამქრალა, მინდა შევიმეცნო, შევიგრძნო, გავიაზრო, გავარკვიო - რას ნიშნავს ადამიანისთვის - მოკვდეს, გადავიდეს სიცოცხლიდან სიკვდილში, იქცეს გვამად, გაქრეს სამუდამოდ... უძილო ღამეებში ვიხსენებ ყველაფერს, რაც კი წამიკითხავს სიკვდილზე, ყველანაირ სიკვდილს, რაც კი მინახავს თეატრალურ ფიცარნაგებზე თუ კინოეკრანებზე, ყველაფერს, სიკვდილის გამომწვევს, რასაც კი მოვსწრებივარ ჩემი ოთხმოცდაშვიდი წლის სიცოცხლის მანძილზე.

მახსენდება მრავალსახოვანი სიკვდილი, რასაც არაერთგზის გადავყრივარ ცხოვრების გზაზე, რომელთაც შეიძლება დარქმეოდა: სიკვდილი-განტვირთვა, სიკვდილი-თვითშეწირვა, სიკვდილი-შურისგება, სიკვდილი-მოულოდნელობა, სიკვდილი-თვითმკვლელობა...

რამდენიმე წლის წინ მეგობრებმა მიჩვენეს ამერიკული ფილმი უიმედოდ ავადმყოფ ქორეოგრაფზე, შესანიშნავ მსახიობზე, რომელსაც უსაშველოდ უყვარდა სიცოცხლე, მაგრამ იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო.

სიკვდილის როლს ამ ფილმში ასრულებდა ახალგაზრდა, იგავმიუწვდომლად ლამაზი მსახიობი, რომელიც მთელი სურათის მანძილზე ნაზად უღიმოდა საკუთარ მსხვერპლს და თავისკენ იტყუებდა თითების ნაზი და ჰაეროვანი მოძრაობით. ფილმის განწირული გმირი, მომხიბლავი სიკვდილით მონუსხული, თვინიერად და, შეიძლება ითქვას, მზაობითაც კი მიდის მის შესახვედრად, აღტაცებით ეხვევა მას, ამ ქალ-სიკვდილს - ეხვევა ისეთივე გზნებით, როგორც ეხვეოდა უთვალავ ქალ-სიცოცხლეებს მაშინ, როდესაც იყო ძალებისა და ტალანტის გაფურჩქვნის ხანაში... და შემდეგ კადრში - ფილმის ბოლო კადრში - ვიღაცის გულგრილი ხელი ჩვეული მოძრაობით კრავს გრძელი  პლასტიკური კონვერტის ელვას, რომელშიც ჩასვენებულია სიკვდილის მიერ წაყვანილი ჯერ კიდევ თბილი სხეული.

მაგრამ ჩემს ღამეულ შემაწუხებელ სჯა-ფიქრებში უფრო ხშირად წარმომესახებიან არა ლიტერატურული, თეტრალური ან კინოეკრანისეული სიკვდილები - რა მხატვრული ღირსებებითაც უნდა იყვნენ აღბეჭდილნი, არამედ რეალური სიკვდილები ჩემს მშობლიურ ქალაქ კიევში, რომლებიც მე სამუდამოდ დამამახსოვრდა.

 

***

 

ხალხის ნაკადით გადატვირთულ კიევის ქუჩაში სიარული მე ახლა, ჩემს ხანდაზმულ ასაკში  მიმძიმს, მაგრამ ზაფხულის ადრიან დილით სოფიის ქუჩა, რომელიც წმინდა სოფიის ტაძრიდან ქვემოთკენ ეშვება, მაიდნისაკენ, ცარიელია და მე და ოქსანა, სიგრილეში, ჩვენს ინვალიდურ ხელჯოხებს დაყრდნობილნი ჩავდივართ ყოფილ კალინინის მოედანზე შედარებით სწრაფად - ნახევარ საათში. ოქსანაც ჩემი ხნისაა - ოთხმოცდაშვიდისა, მასაც ჩემსავით აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - საშინელი ტკივილები სტანჯავს ხერხემალში. ამ მოფამფალებული დედაბრის შემხედვარე, ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, რომ ის, კიევის ოპერის ვარსკვლავი, ოდესღაც დაფარფატებდა სცენაზე და მსმენელთა გულებს იპყრობდა საოცარი ხმით კარმენის როლში.

ჩვენ ვსხდებით სკამზე მუსიკალური შადრევნების სიახლოვეს, ნიკაპებს ვაყრდნობთ ხელჯოხებზე გადაჯვარედინებულ მაჯებს და თვალის მოუშორებლად ვუცქერით რამდენიმე სართულის სიმაღლის დასურათხატებულ ტილოს, რომელიც ამკობს მოედნის აღმოსავლეთის მხარეს.  ფერადოვანი ტილოდან გადმოგვცქერის ზღაპრულად აყვავებული უკრაინა, ქარში მონანავე მწიფე თავთავის ყანებით, ცისფერ ცის ტატნობზე შეფრთხიალებული ფრთოსნებით, მწიფე ღაჟღაჟა წითელი ნაყოფით დახუნძლული ტოტებით.

ახლანდელი მაიდანი, მართკუთხა ფორმით მწყობრად წაგრძელებული ზედა ქალაქისაკენ, ხრეშჩატიკიდან გორაკის ქუჩებით დაძრული - ისევე გამტკნარებულად და მშვიდობიანად გამოიყურება, როგორადაც მხატვარს აქვს წარმოდგენილი ვეება ტილოზე.

ჩვენ კი არ შეგვიძლია იმის დავიწყება, ეს უმშვიდობიანესი და უმშვენიერესი მოედანი, რა საშინელი მოვლენების მომსწრე შექმნილა, თვით სიკვდილით დამთავრებულით!

2

ოქსანასთან მისასვლელად მჭირდება კიბეების ჩარბენა მეხუთე სართულიდან ქვემოთ, სარდაფამდე, სადაც ის ცხოვრობს დამლაგებელ დედასთან ერთად. მე თოთხმეტი წლის ვარ და სულ ორიოდ წუთში იოლად ვძლევ კიბეებს, ორ-სამ საფეხურს ვახტები, შემდეგ ნახევრად ბნელ სარდაფში მივეხეტები ჭუჭყიანი კედლების გასწვრივ, რომლებსაც მიუყვება სადენები და დამტვერილი მილები, ვიდრე შორეულ კუნჭულში არ დავლანდავ ფირფიცრის კარებს, რომელსაც მათ ოთახში შევყავართ.

ეს ათმეტრიანი სორო კარგად ნაცნობია ჩემთვის - მე და დედაჩემი ვცხოვრობდით აქ 41 წლის სექტემბრიდან 43 წლის ნოემბრის ჩათვლით, როდესაც გერმანელებმა გამოგვასახლეს ჩვენი მეხუთე სართულიდან და მთელი ჩვენი სახლი დაიკავეს ფაშისტური არმიის ოფიცრებმა. მახსოვს, ჩვენს ბარგი-ბარხანას ვაგროვებდით სამზარეულოში და გერმანელი ჯარისკაცი გვეხმარებოდა, რომელმაც დამტვრეული რუსულით გვითხრა: „აქ იცხოვრებს სს-ის შტანდარტენფიურერი ვალტერ ფონ რატენაუ!“ საოცარია ბავშვური მეხსიერების სიღრმე - სულ ცხრა წლისა ვიყავი, მაგრამ ეს უცხო გერმანული სახელი ამ გაუგებარი წოდებითურთ სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში! მე შემდგომში რამდენიმეჯერ კიდევ მოვკარი თვალი ამ ჯარისკაცს, როდესაც ის ავტომობილის კარებს უღებდა თავის უფროსს, მაღალ ტანთხელ ოფიცერს, შავი ფორმის ზემოდან მბრწყინავ ლაბადამოსხმულს. მახსოვს, რომ დედასთან საუბარში მას უბრალოდ „ვალტერის“ სახელით მოვიხსენიებდი.

კარების გვერდით დგას ძველი სამზარეულოს მაგიდა, მასზე შემოდგმული ნავთქურით. შორიდანვე ვხედავ, როგორ მისდგომია ამ ნავთქურას დეიდა ფროსია, ოქსანას დედა, შრომით გათანგული, ჯერ კიდევ შუახნის ასაკსაც არმიღწეული, ომის შემდეგ სოფლიდან კიევს გადმოსახლებული ქალი, იმ დროში, როდესაც სოფლებიდან ათი ათასობით ადამიანი აწყდებოდა ნახევრად დანგრეულ ქალაქს. ოქსანას მამა არა ჰყავს, თუმცა, მეც ხომ არა მყავს მამა. ახლა, 1946-ში ბევრს არა ჰყავს მამა, ძმა და ბაბუაც კი, ომის ქარცეცხლში დაიღუპნენ ან დაიკარგნენ.

დეიდა ფროსია იატაკებს რეცხავს ჩვენს სკოლაშიც, რაიაღმასკომშიც, კალინინის მოედანზე „მასწავლებლის სახლშიც“ და, როგორც ის ამაყად ამბობს, „თვით კორნეიჩუკთან“. ანუ, ცნობილი მწერალი ალექსანდრე კორნეიჩუკი ფულს უხდის არტემის ქუჩაზე მდებარე მისი მდიდრული ორსართულიანი სახლის დალაგებაში, სადაც ის ცხოვრობს თავის ცოლთან, ასევე ცნობილ მწერალ ვანდა ვასილევსკაიასთან ერთად.

ოქსანას ძალიან იშვიათი გვარი აქვს - პტახა. უკრაინულად ეს „ჩიტს“, „ფრინველს“ ნიშნავს. გვარი თითქოს სპეციალურად მისთვის არის მოგონილი, იმიტომ, რომ ის მაფშალიასავით სიმღერისთვის არის გაჩენილი. დედაჩემი, კონსერვატორიის დოცენტი, ამბობს, რომ „ოქსანას ხმის არაჩვეულებრივი დიაპაზონი აქვს, ასპროცენტიანი სმენა და, ალბათ მას ბრწყინვალე მომავალი ელის ოპერაში“. მეც ახლა, ვუახლოვდები მათ კარებს და მესმის მისი ხმის ტალღისებური ხმიანობა:

Мисяць на нэби, зироньки сяють,
Тыхо по морю човэн плывэ.
В човни дивчына писню спивае,
А козак чуе, сэрдэнько мрэ.

(„მთვარეა ცაზე, ვარსვლავი ბრწყინავს და ზღვაზე ნავი მიცურავს ნელა - ნავში გოგონა სიმღერას მღერის, ესმის კაზაკს და ტრფობისგან ღელავს“.)

 

-გამარჯობა, დეიდა ფროსია - კარების გაღებასთან ერთად ვესალმები ოქსანას დედას -ქსანკა- გავძახი ოქსანას- ხვალ გერმანელებს ჩამოკიდებენ!

-ჰოო? - ჩემკენ ტრიალდება დეიდა ფროსია.

-კალინინის, მოედანზე.

დეიდა ფროსია მაწვდის თეფშს, ტაფიდან ახლად აღებული ცხელი ბლინებით სავსეს და დუდღუნით უკრაინულად ამბობს:

— Всих их пэрэвишаты трэба, цих клятых нимцив… Йих трэба усих зныщыты як скажэных собак! („ყველანი უნდა ჩამოახრჩონ, ეს წყეული გერმანელები, ყველა უნდა განადგურდეს, როგორც ცოფიანი ძაღლები!“)

მე ვიცი, რომ ოქსანას დედას საშინლად სძულს გერმანელები. ყოველ წელს, ცხრა მაისს, გა,არჯვების დღეს ის ავტობუსით გადის ასოც კილომეტრს სოფელ რაკიტნომდე, სადაც სასაფლაოზე, საერთო საფლავში წვანან პარტიზანები, 43 წელში ფაშისტებისგან დახოცილები. მათ შორის არის დამარხული დეიდა ფროსიას ქმარიც, გერმანელებისგან მოკლული ოქსანას მამაც. ამიტომაც არის, რომ დეიდა ფროსია მთელი გულით თხოვს ღმერთს, რომ გერმანელები „ყველა უნდა განადგურდეს, როგორც ცოფიანი ძაღლები!“

მე თეფშიდან ვიღებ დეიდა ფროსიას უგემრიელეს ბლინს და სიამოვნებით გეახლებით. ოქსანას დედა ყველაზე კეთილი ქალია, ვისაც კი ვიცნობ. იატაკების რეცხვით გამომუშავებულ ორიოდ გროშით ახერხებს წარმოუდგენელი გემრიელობების კეთებას - თუხთუხა უკრაინული ბორშჩის და კარგად შეწიწკინებული ბლინების. ყოველთვის მიპატიჟებს ხოლმე სუფრასთან:

-ჭამე, ჩემო გოგონა, ჭამე ლენოჩკა - აბა, შეხედე, როგორი გამხდარი ხარ!

მე შევდივარ მათ ნახევრად ყრუ ფანჯრიან ოთახში, რომელიც ტროტუარზე გადის,  საიდანაც მოჩანს გამვლელთა ფეხები და ისმის მოთხლაშუნე ლანჩების ხმა - და ვეუბნები:

-დედამ მითხრა. მათ ამის შესახებ კონსერვატორიაში გამოუცხადეს.

ოქსანა მიმჯდარა ფანჯრის რაფას შეყუდებულ კოჭლი მაგიდის მეორე ბოლოსთან და გაკვეთილებს ამზადებს. როცა არ უნდა მიხვიდე მათთან, ყოველთვის მაგიდას უზის, წინ რვეული აქვს გადაშლილი და რაღაცას წერს, თან ღიღინებს. ოქსანა ჩვენი 138-ე სკოლის საუკეთესო მოსწავლეა. არათუ მხოლოდ  საუკეთესო, არამედ ყველაზე უკეთესო. მას ვერ შეედრება ვერავინ ვერცერთ კლასში, სულ ფრიადები აქვს ყველა საგანში. როდესაც ის, დაფასთან გაძახებული, “ხუთიანს“ კი არა - „ოთხიანს“ იღებს, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ეს კლასში ყველასათვის უჩვეულო მოვლენაა. ის თავჩაქინდრული მიდის მერხისკენ, ხოლო ჩვენ ყოველი კუთხიდან ვამხნევებთ:

-არ დაღონდე, ოქსანა!

-თავი ასწიე მაღლა!

-დიდი ამბავი, „ოთხიანი“ - მე გუშინ „ორიანი“ მივიღე, მაგრამ არა მიშავს რა - ცოცხალი ვარ!

ოქსანა ყველა მასწავლებელს უყვარს, სკოლის დირექტორი ოქსანათი ამაყობს, ხოლო მისი სურათი არ სცილდება სკოლის საპატიო დაფას.

მაგრამ მთავარი, როგორც დედაჩემი ამბობს, ეს ოქსანას სასკოლო წარმატებები კი არ არის, არამედ მისი არაჩვეულებრივი ხმაა. არც მე ვუჩივი სიმღერის უნარის ნაკლებობას, მაგრამ ოქსანამდე ბევრი მიკლია.

...ჰოდა, ერთხელაც ჩემმა მარჯვე დედიკომ, ვისთვისაც სიტყვა არ შორდება საქმეს, მიგვიყვანა მე და ოქსანა  კალინინის მოედანზე „მასწავლებლის სახლში“, ძველ სამსართულიან შენობაში ხრეშჩატიკის კუთხეში, რომლის კედლებიც ჯერ კიდევ ინახავდნენ ტყვიამფრქვევის სროლების კვალს. ბავშვების გუნდის ხელმძღვანელი, დედაჩემის ყოფილი სტუდენტი, გუნდისთვის არჩევდა ბავშვებს ათიდან თექვსმეტ წლამდე და დედამ სთხოვა მას, მოესმინა ჩვენთვის.

ასე გავხდით მე და ოქსანა ამ, უკრაინაში ყველაზე ცნობილი ბავშვთა გუნდის წევრები და ჩავიძირეთ ყოველკვირეულ რეპეტიციებში, რესპუბლიკურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მახსოვს, სამ რიგად ვიდექით, ერთი ერთმანეთის ზემოთ და შთაგონებულად, ხალასი გრძნობით, სიყვარულით ანთებული ბავშვური გულებით ვმღეროდით კანტატას ჩვენს ყველაზე ძვირფას მეგობარსა და ბელადზე, ვისი ძალისხმევითაც დავამარცხეთ გერმანელი ფაშისტები:

 „სულ კიდით-კიდემდე, მთის მწვერვალებამდე,

სად ფრინავს არწივი მაღლით,

მშობლიურ სტალინზე - დიდად საყვარელზე

 სიმღერებს აჟღერებს ხალხი“.

ჩვენი გუნდის დისკანტები და ალტები ჩუმდებოდნენ და ოქსანა, ჩვენი მთავარი სოლისტი, შედიოდა სოლოთი - თავისი სუფთა და მაღალი სოპრანოთი:

 „მიფრინავს სიმღერა ჩიტზე უსწრაფესი,

მჩაგვრელნი კრთებიან შიშით,

მას ვერ შეაკავებს პოსტი და საზღვრები,

ვერც კლდის ჭიუხი და ნიში“.

 

3

იმის სანახავად, თუ როგორ ჩამოკიდებდნენ გერმანელ ფაშისტებს, წავედით სამნი - მე, ოქსანა და დეიდა ფროსია, დედამ უარი თქვა წამოსვლაზე და ორი საათის მანძილზე ცდილობდა, ჩემთვისაც დაეშალა წასვლა კალინინის მოედანზე, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯათ გერმანელები.

-ლენოჩკა - წყნარი ხმით მთხოვდა დედა, - არ შეეფერებათ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, მოზრდილებსაც ადამიანის ჩამოხრჩობის ყურება - ეს საზიზღრობაა!

-დედა! - თითქმის ვუყვიროდი მე - ისინი ადამიანები არ არიან! ისინი არიან გერმანელები!

-გერმანელებიც ადამიანები არიან...

-როგორ თუ ისინიც... ვალტერიც?.. აღარ გახსოვს, როგორ სცემდა ძია იოსიფს მათრახით - ისიც ადამიანია, შენი აზრით?

დედამ სახეზე აიფარა ხელები და აღარაფერი მიპასუხა. მას, რა თქმა უნდა, ახსოვდა...

...მას, შეუძლებელია, დავიწყნოდა და მეც თვალნათლივ მახსოვდა - ჩვენი სახლის სარდაფი, სადაც გერმანელებმა ჩაიყვანეს ათობით ოჯახი ყველა სართულიდან. ჩვენი პატარა ბუდრუგანის გარდა, აქ ნაჩქარევად იყო შეკოწიწებული ფირფიცრისა და ხის გალიები, სადაც წარმოუდგენელ სივიწროვეში და მყრალ დახუთულობაში შეჭუჭკული იყვნენ ისინი, ვინც ვერ მოასწრო ან არ ისურვა კიევიდან გაქცევა 41 წლის ზაფხულში. იდგა სექტემბრის თვე, უკვე ადრიან სიცივეებს იჭერდა და ჩვენი სარდაფის მეზობელი, ძია იოსიფი, რომელიც ითვლებოდა ყველაზე ახალგაზრდა კიეველ თერძად, მწარედ ხუმრობდა:

-ლიდია მიხაილოვნა - ეუბნებოდა ის დედაჩენს, - მოდით მიგიკერებთ თქვენს ჟაკეტზე კარგა დიდ ექვსქიმიან ვარსკვლავს. მაშინათვე დაგთბებათ, დამიჯერეთ.

-გმადლობთ, იოსიფ მარკოვიჩ - პასუხობდა დედა - სწორედ ეგ ექვსქიმიანი ვარსკვლავი არ მყოფნის სრული ბედნიერებისათვის.

ძია იოსიფი მთელი დღეები ჭრიდა ყვითელი სატინისაგან ექვსქიმიან ვარსკვლავებს და აკერებდა  პიჯაკებზე, ჟაკეტებსა და პალტოებზე ებრაელებს, რომელთაც ამ ნიშნის გარეშე ეკრძალებოდათ ქუჩაში გასვლა. მას ეხმარებოდნენ ტყუპი ქალიშვილები, ხუჭუჭა შავგვრემანი  გოგოები - სონკა და სიმკა, ჩემი ყოფილი თანაკლასელები და მეგობრები. მეც ჩავეზიარე მათ და შემწეობა შევთავაზე ძია იოსიფს, მივიღე მისგან დიდი მაკრატელი და თანადროული დარიგება:

-ლენოჩკა, შვილიკო, - მშვიდად ამიხსნა მან - ჯერ პატარა ცარცით ლამაზად უნდა დახატო ორი სამკუთხედი - აი, ასე! - ძია იოსიფმა ქსოვილს დაადო სახაზავი და სატინის ნაჭერზე გამოჩნდა ექვსქიმიანი უცნაური ვარსკვლავის მონახაზი - ამიერიდან, ლენოჩკა, შენ გეცოდინება, რომ ქვეყნად ყველა ვარსკვლავი ხუთქიმიანი და წითელი არ არის, არის კიდევ ყვითელი და ექვსქიმიანი.

მკერდზე ამოკემსილი ამ ყვითელი ვარსკვლავით და სონკაზე და სიმკაზე ხელჩაკიდებული (მათ ორი პატარა ვარსკვლავი მიკერებული ჰქონდათ პალტოების საყელოებზე) გამოვიდა ის არტემის ქუჩაზე 41 წლის სექტემბერში.

მე და დედა ვიდექით ტროტუარზე, ჩვენი სახლის კედელთან შეჯგროვებულ ხალხს შორის და ვუცქერდით, როგორ მიდიოდა ქუჩაში მკერდზე ყვითელვარსკვლავდაბნეულ ადამიანთა კოლონა. ძია იოსიფმა ხელი მოხვია მხრებზე გოგონებს, გადმოგვხედა მე და დედას, თავი დაგვიქნია, სიმწრით ჩაიღიმა და ტროტუარიდან ქუჩის სატრანსპორტო სავალ ნაწილზე გადააბიჯა.

ტროტუარის გაყოლებით, ხუთი-ექვსი მეტრის ინტერვალით, იდგნენ გერმანელი ჯარისკაცები და ადგილობრივი პოლიცაები. ქუჩის საწინააღმდეგო მხარეს, ცხენზე ამხედრებული, მათრახს ათამაშებდა სწორედ ის „სს-ის შტანდარტენფიურერი ვალტერი“, რომელსაც ჩვენი ოთახი ჰქონდა დაკავებული. ხელისგული ავიფარე პირზე, ყვირილი რომ არ ამომსვლოდა, როდესაც დავინახე, შტანდარტენფიურერის გვერდით გავლისას როგორ წაბორძიკდა ძია იოსიფი. სონკა და სიმკა მკლავებში ჩააფრინდნენ და მისი წამოყენება სცადეს, მაგრამ ამ დროს გერმანელი უნაგირიდან გადმოიწია და გადაჰკრა მათრახი იოსიფს ზურგზე და მის გოგონებს სახეებზე - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... მე დედაჩემის კალთაში თავშერგული ქვითინისაგან ვძაგძაგებგი. როდესაც კვლავ გავიხედე ქუჩისაკენ, ყვითელვარსკვლავიან განწირულ ადამიანთა კოლონა აგრძელებდა მსვლელობას, მაგრამ ძია იოსიფი არ იყო მათ შორის. ისიც და ჩემი მეგობარი გოგონებიც - სონკა და სიმკა  იმ დღეს დახვრიტეს „ბაბი იარში“.

***

...კალინინის მოედნისაკენ მიმავალი ქუჩები ათასობით ადამიანებით იყო გადაჭედილი, თვით მოედანზეც ნემსი ვერსად ჩავარდებოდა.

იყო საოცარი სიჩუმე, არავინ ხმაურობდა, მთვრალიც არავინ დამინახავს, ხალხი ერთმანეთს ნახევრად ჩურჩულით ელაპარაკებოდა, თუმც კი უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

ჩვენ - მე, დეიდა ფროსიამ და ოქსანამ ბრბოს შორის გავიკვლიეთ გზა მავთულხლართიანი ღობისაკენ, რომელიც გარს ერტყმოდა მოედანს. სწორედ  შუაგულში აღემართათ სახრჩობელა. წიგნის სურათებით ვიცოდი, რომ სახრჩობელა - ეს არის ბოძი, ზემოდან  გადებული ხარიხითა და ქვემოდან ირიბი საბჯენით დამაგრებული. აღმოჩნდა კი, რომ ყოფილა ფეხბურთის კარივით მართკუთხა. ოღონდ ბევრად უფრო მაღალი და გრძელი და შვიდ ბოძზე დაყრდნობილი. ხოლო ბოძებს შორის, ზედა ხარიხაზე მიხრახნილი იყო თორმეტი კაუჭი, რომლებზეც ეკიდა მარყუჟიანი თოკები. ნიავი ქროდა და ეს მარყუჟები ისე გამომწვევად ქანაობდნენ, თითქოს გვიხმობდნენ, მივსულიყავით და ხელი მოგვეკიდა. ბოძებს შორის, პირდაპირ მარყუჟებს ქვეშ იდგა ექვსი სატვირთო მანქანა, გადახსნილი საბარგულით. მე მაშინვე მივხვდი, რომ ამ საბარგულებზე დააყენებდნენ ფრიცებს, მარყუჟში თავგაყოფილებს და დაალოდინებდნენ საკუთარ სიკვდილს.

ამ დროს მოედანზე შემოგრიალდა ამერიკული „სტუდებეკერი“, რომლის ძარაზეც ისხდნენ გერმანელები, ჩვენი ავტომატიანი წითელარმიელების გარემოცვაში. ფრიცები გადმოტვირთეს და ისინი იდგნენ მჭიდრო ჯგუფად, უკან თოკით შეკრული ხელებით, თავშიშველნი, თავჩაქინდრულნი და მიწას დაშტერებულნი. იქნებ, არც ეპიტნავებოდათ ამ ძაღლთაპირებს სახრჩობელაზე აღსასრული - აკი ჩვენი ხალხის ჩამოხრჩობა უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდათ!

გერმანელები სატვირთოს ძარაზე აიყვანეს და პირდაპირ მარყუჟის ქვეშ დააყენეს - ორ-ორი კაცი თითო სატვირთოზე და დაიწყეს მათი თავების მარყუჟებში გაყრა.

ამ დროს საშინლად ვიგრძენი თავი - გული სასტიკად მიცემდა, ღებინების გრძნობა დამეუფლა და ვამჩნევდი, საცაა გულს მაზიდებდა. მიმოვიხედე ირგვლივ, ქალები და კაცები იდგნენ მდუმარედ, მოღუშულად უცქერდნენ, როგორ იგდებდნენ წითელარმიელები ზურგსუკან ავტომატებს და უხერხული მოძრაობით როგორ უჭერდნენ ფაშისტებს ყელზე მარყუჟს.

გაზეთებიდან ვიცოდი, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანელებს ასამართლებდა სამხედრო ტრიბუნალი - მკვლელობებისთვის, გადამწვარი სოფლებისთვის, იავარქმნილი ხრეშჩატიკისთვის და „ბაბი იარისთვის“, სადაც ათეულ ათასობით ებრაელი და ტყვე წითელარმიელი დაიხვრიტა და, სადაც, გადმოცემით,  მიწა იძვროდა ცოცხლად დამარხულთა სხეულების თავზე - მაგრამ მე რატომღაც მსურდა, რომ არავითარი სასამართლო არ ყოფილიყო მათი, არამედ ამ  გადარჩენილ კიეველთა ბრბოს,   ჩემ გარშემო მყოფს,  პირდაპირ ახლა მოეხდინა ნაძირალა ფაშისტების თვითგასამართლება - თვითგასამართლება ყოველგვარი გამოძიების, დაკითხვისა და ტრიბუნალის გარეშე... გამძვინვარებული ბრბო დასხმოდა მათ თავს და ნაკუწ-ნაკუწ დაეგლიჯა!

და აქ მოხდა მოულოდნელი რამ - სიკვდილმისჯილ ფრიცებს შორის მე უეცრად დავლანდე შტანდარტენფიურერი ვალტერი!!! ჰო, სწორედ ის იყო - ესესელი შავ მუნდირში, რომელიც ძია იოსიფს, სონკას და სიმკას მათრახს ურტყამდა და სასიკვდილოდ მილალავდა „ბაბი იარში“. ეს სწორედ მათ სხეულებს ზემოთ იყო, ჯერ კიდევ ცოცხლების და ცოცხლად დამარხულების თავზე რომ ირწეოდა მიწა... ჰოდა ახლა მის ყელს ჩამოაცვამენ ყულფს და ამ საზიზღარს ჩამოახრჩობენ კალინინის მოედანზე.

წითელარმიელები ჩამოხტნენ სატვირთოებიდან და ერთმანეთს დაუდგნენ გვერდით. ოფიცრის ქურთუკიანმა რომელიღაც ჩინოსანმა რაღაც დაიძახა და ხელი დაიქნია. ძრავები აგუგუნდა და სახრჩობელის ქვემოთ მდგომი მანქანები ნელა დაიძრნენ. მე თვალის მოუწყვეტლივ ვუცქერდი ვალტერის ფეხებს. ის უნებლიე მოძრაობით უნაცვლევდა მათ საყრდენს, თითქოს იმედოვნებდა, რომ სატვირთო შეჩერდებოდა. მაგრამ მანქანა არ შეჩერებულა. გერმანელმა ერთხელაც გააფართხალა კიდურები და მისი მაღალ ჩექმებში გაყრილი ფეხები სიცარიელეში გამოეკიდა.

ფაშისტი გამოესალმა სიცოცხლეს.

ეს იყო პირველის სიკვდილი კალინინის მოედანზე, რომელიც ჩამებეჭდა მეხსიერებაში  და ეს იყო სიკვდილი - შურისგება!

4

ჩემს ქალიშვილებს მე სონია და სიმა დავარქვი - ჩემი თანაკლასელების, „ბაბი აირში“ გერმანელებისგან მოკლული ძია იოსიფის შვილების მოსაგონებლად. ჩემი ორივე შვილი ჩემსავით ექიმი გამოვიდა და მათ 2014 წლის იანვარში, კალინინის მოედანზე სისხლიანი მოვლენების დროს, დადგეს „წითელი ჯვრის კარავი“  პირდაპირ ყოფილი „მასწავლებლის სახლის“  ფანჯრებს ქვეშ, სადაც ოდესღაც მე და ოქსანა აღტყინებით ვმღეროდით სიმღერას საბჭოთა ბავშვების საუკეთესო მეგობარ, ამხანაგ სტალინზე.

ისინი უწევდნენ ადამიანებს პირველ დახმარებას, აწვდიდნენ წამლებს, უსუფთავებდნენ და უხვევდნენ ჭრილობებს, ადებდნენ თაბაშირს.

-სონეჩკა, სიმა - ვთხოვდი მე - თქვენი ადგილი არ არის ამ სისხლიან გარჩევებში, წადით მაქედან, გეხვეწებით!

-ეს გარჩევები არ არის, დედა! - მიყვიროდა სონეჩკა.

-ეს სახალხო აჯანყებაა - ხმას უწყობდა სიმა -ჩვენ ექიმები ვართ! იქ დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანები არიან! დაგავიწყდა ჰიპოკრატეს ფიცი?

... 2014 წლის 20 იანვარს „მასწავლებლის სახლის“ სახურავიდან ისროლეს ჭურვი, რომელიც პირდაპირ ჩემი გოგონების კარავში გასკდა.

და ორივე დამეღუპა.

რისთვის - რა დააშავეს?

სონიასა და სიმასაგან ერთი ძვალიც აღარ დარჩა - არაფერი დამრჩა დასამარხი.

ნეკროლოგში დაიწერა, რომ ჩემი გოგონები დაიღუპნენ საექიმო ვალის აღსრულებისას: მაგრამ მე ამით განა ცხოვრება მიადვილდება?

***

-ოქსანა - ვეუბნები - წამო, სონეჩაკასა და სიმასთან წავიდეთ.

ჩვენ გაჭირვებით ავითრევთ წელს და მივფრატუნობთ ყოფილ „მასწავლებლის სახლისკენ“. აი აქ, ამ ტროტუარზე იდგა მათი კარავი, აი აქ ესროლეს მათ ჭურვი, აქ დაიღუპნენ ისინი.

-ლენა, -მესიტყვება ოქსანა, - გახსოვს, როგორ ვმღეროდით ამ სახლში: „მშობლიურ სტალინზე,  დიდად საყვარელზე სიმღერებს აჟღერებს ხალხი“...

მე თავი გავუქნიე, უარის ნიშნად.

-არ მახსოვს და არც მინდა მახსოვდეს. მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ამ დაწყევლილი სახლიდან ჩემს გოგონებს ესროლეს ჭურვი! და კიდევ მახსოვს, რომ აქ ჩამოკიდეს ფაშისტები. ის იყო სამართლიანი სიკვდილი, მაგრამ სად იყო სამართალი ჩემი გოგოების სიკვდილში?

მე მაღლა ვწევ თავს და ვხედავ გიგანტურ, რამდენიმე სართულის სიგრძის ტილოს, რომელზეც მსხვილი ასოებით არის გამოყვანილი:

„დიდება გმირებს!“

-ოქსანა, - მივმართავ მეგობარს - შინ დაბრუნების დროა!

ოქსანა ჩამავლებს ხელს, ვტრიალდებით და ნელი ნაბიჯით ვტოვებთ ჩემთვის საძულველ კიევის კალინინის მოედანს, მიწის სიღრმემდე გაჟღენთილს სიკვდილით!

-

„გმადლობთ უცნობო, რაკი სწვევიხარ

ჩემს ნავთსაყუდარს ბოლოს...

ჩვენ აქ საფლავთა - სულ ტყვეები ვართ,

ცოცხალი შენ ხარ მხოლოდ.

წუთისოფლისგან სრულად აიღე,

რასაც სთავაზობს სტუმრებს;

როცა მოკვდები, მაშინ გაიგებ,

რა დაგიკარგავს თურმე!“

 ვლადიმერ ვისოცკი, ლექსი, დაწერილი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე.

 

ნანახია: (1578)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას