logo.png

აფხაზეთი საქართველოა!

May be an image of the Cotswolds and castle

 

გამჭრიახობა მოგვმადლოს უფალმა!

ქართველი ხალხის ცხოვრება და მისი ისტორია ნათლად გვიჩვენებს, როგორ ცდილობდა სხვადასხვა იმპერია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას, რწმენის შეცვლას, მისი თვითმყოფადობის წაშლას, ენის, კულტურისა და ტრადიციის გაქრობას, ერის ასიმილაციას. ამას სხვადასხვა სისტიკი მეთოდით ახორციელებდნენ: მოსახლეობის აყრითა და გადასხლებით, ტყვეთა სყიდვით, მუჰაჯირობით, ეკლესიის თვითმყობადობის გაუქმებით. ბოლოს სასტიკი მეთოდები რუსეთის იმპერიამ განახორციელა როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ეკლესიის გაუქმებით, თუმცა თავადაც უმძიმესი შედეგი მიიღო თავისი იმპერიის დაშლით.

საქართველოს ეკლესიის აღდგენას ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენაც მოჰყვა, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მნიშვნელოვანი სამი წლით. შემდეგ ისევ საბჭოთა რუსეთის იმპერიამ გააუქმა და დაიპყრო საქართველო. ამ დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მათი მხრიდან არ იყო აღიარებული (ცნობისათვის, საეკლესიო სამართლის ყველა რუსულ სახელმძღვანელოში, რომლითაც ასწავლიან სემინარია-აკადემიებში, საქართველოს ეკლესიას მოიხსენიებენ, როგორც ფართო ავტონომიის მქონეს და არა როგორც ავტოკეფალიურს). იმდენად მძიმე, სასიკვდილო რეპრესიებით იმოქმედა ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე, მრევლზე, რომ სადამსჯელო მეთოდებით ჩვენი ქვეყნის ყველა დამპყრობელს გადაუსწრო. საკუთარი იმპერიული მიზნების მისაღწევად რუსეთმა ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას საქართველოს ისტორიული მხარეები და ტერიტორიები გადასცა... მაგრამ უფლის განგებას ვინ დაუდგება წინ! საბჭოთა ანტიქრისტიანული იმპერია, როგორც კვამლი ნიავისგან, ისე დაიშალა და გაიბნა. ქართული სახელმწიფოებრიობა და ეკლესია ისევ მტვრისგან აღადგინა უფალმა და დღესაც ადიდებს და მადლობს უფალს ქართველი კაცი თავის მშობლიურ ენაზე.

ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი აწარმოა რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ და დღემდე აგრძელებს მცოცავ და საინფორმაციო, მენტალურ ოკუპაციას; ნახევარი მილიონი ადამიანი აჰყარა თავისი ისტორიული ტერიტორიებიდან, მამაპაისეული სახლებიდან და ლტოლვილად აქცია, მაგრამ მაინც ვერ გატეხა ჩვენი ხალხი. ამიტომაც კიდევ მეტი მზაკვრობით დახვეწილი გეგმა მოიფიქრა – ჯერ თვითონ აღიარა მსოფლიოს მიერ საქართველოს აღიარებულ საზღვრებში სამი ახალი სახელმწიფო: საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ახლა კი ცდილობს, გვაიძულოს, საერთაშორისო დონეზე ასე იყოს მიღებულ-აღიარებული, რაც ჩვენივე ხელით საკუთარი ქვეყნის გაუქმებას ნიშნავს! ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ყველა ქრისტიანული ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის საეკლესიო თავისუფლება და თვითმყოფადობაა საჭირო, ამიტომ რუსეთის ეკლესია საეკლესიო სამართალში დაიწყებს კანონების ძიებას, რათა აფხაზეთის კათალიკოსის ტიტულზე დაყრდნობით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიტროპოლიტის ტოლფასი ხარისხია საქართველოს ეკლესიაში, ავტოკეფალიურობა მიანიჭოს მის საყდარს. ამას დიდი ხანია ცდილობენ სხვადასხვა საეკლესიო სეპარატისტული ჯგუფის მეშვეობით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაგრამ საეკლესიო სამართალი არ იძლევა ამის საშუალებას. თუმცაღა მოცემულობა რადიკალურად შეიცვლება ჩვენივე მხრიდან სახელმწიფო აღიარების შემდეგ. ეს გულისხმობს საქართველოს ეკლესიის კუთვნილი საეკლესიო ქონების „აფხაზეთის ეკლესიის“ იურისდიქციაში გადასვლას, მის საკუთრებად გამოცხადებას. შეგახსენებთ, რომ როდესაც რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა გააუქმა, მაგ დროისთვის ბოლო რეზიდენცია აფხაზეთის კათალიკოსისა გელათში იყო, ამიტომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დადგება დასავლეთ საქართველოს ეპარქიებთან მიმართებით, ნუმცა იქნების! ამას იმიტომ ვწერ, რომ უკეთ წარმოიდგინოთ, რა მოჰყვება მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არა მარტო სახემწიფეოებრიობის დონეზე, არამედ საეკლესიო იურისდიქციის კუთხითაც.

კარგად უნდა გავიაზროთ, რა მასშტაბის მზაკვრობაა ჩადებული საქართველოს წინააღმდეგ! ვინც ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებაში დაეხმარება რუსეთს, სამაგალითოდ დაისჯება უფლისგან. გაიაზროს ამ გეგმის მომწონებელმა, რომ საქართველოს დაშლასა და გაქრობას უჭერს მხარს! უფლის განგებას ნურვინ შეეწინააღმდეგება, საქართველო და მისი ავტოკეფალიური ეკლესია იქნება ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე ღვთის განგების აღმასრულებელი, როგორც ამას იოანე ზოსიმე წერს: „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“. ენაში, ქრისტიანული ღვთისმეტყველებით, ერიც იგულისხმება, ეს ერი ღვთის განგებულების ნაწილია, ვერვინ და ვერაფერი მოერევა. ასე რომ, ნუ დაისჯით თავს და საკუთარ შთამომავლობასაც ნუ გამოუტანთ განაჩენს. ახლო მომავალში საქართველო არათუ დაიმცრობა, უფრო გაძლიერდება და გაიზრდება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, რუსული ბაზების დაცარიელების ხარჯზე, როგორც ეს 90-იანებში განისაზღვრა და რომელსაც დღემდე არ ასრულებს რუსეთი, თუმცა მოუწევს. ასევე საქართველოს ეკლესიაც თავისი წართმეული ეპარქიების შემოერთებით და მისი სიწმინდეების დაბრუნებით გაძლიერდება, ქრისტეს სწავლების ერთ-ერთი ძლიერი მქადაგებელი იქნება სიტყვითა და საქმით. ლოცვაც ყველგან აღევლინება ქართულ ენაზე, როგორც ამას გიორგი მერჩულე წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. არა თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, არამედ წმინდა გრიგოლ ხანცთელის ნაღვაწიც შემოურთდება ეპარქიალურად საქართველოს ეკლესიას და საქართველოს კულტურული საზღვრების არეალში მოექცევა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ თვითონ არ შევეწინააღმდეგებით უფლის ნებას საქართველოსთან მიმართებით მისი განგებულების თვალსაზრისით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამჭრიახობა გვმართებს, რომელიც ყველაფრის მართებულად ხედვისა და ყოველგვარ მოცემულობაში სწორად გარკვევის უნარს გულისხმობს. ჩვენთან არს ღმერთი!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

 

ნანახია: (344)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას