logo.png

ეკლესია საბჭოთა პერიოდში

No photo description available.

ერთი ეპიზოდი საბჭოთა პერიოდში ქაშვეთში მოღვაწე სასულიერო პირის მოგონებიდან

საბჭოთა ანტიქრისტიანული იმპერიის დანგრევის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მის სამართავად გამოყენებული მეთოდების შესახებ ბევრი რამ გახდა ცნობილი, ბევრიც ჯერ კიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ამიტომ ამ საკითხის გარშემო მათთვის ერთ მნიშვნელოვან ამბავს გავიხსენებ.

2003 წელს ახლად ნაკურთხი დიაკვანი ღვთისმსახურებისთვის ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დამადგინეს, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში ვმსახურობდი. ამ პერიოდში ტაძრის წინამძღვარი იყო სულცხონებული არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე) − უთბილესი და დიდი სიყვარულის მატარებელი მხცოვანი მოძღვარი. იგი, ზოგადად, ძალიან ცოტას საუბრობდა, საბჭოთა პერიოდში სასულიერო პირთა მდგომარეობაზე იშვიათად თუ იტყოდა რამეს. ერთხელაც ქაშუეთის ტაძრის სადიაკვნოს კედელში ჩაშენებულ კარადაში, სადაც მღვდელმსახურთა შესამოსლები ინახებოდა (კარადა ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ორივე ნაწილი დამოუკიდებელი კარით იხურებოდა) დიდი საკანცელარიო წიგნები შევნიშნე. დავინტერესდი, რა იყო და მამა სოკრატეს ვკითხე მათ შესახებ. წამოიღე ერთი ცალი და აქ მოდიო, მაკურთხა. გადავშალეთ წიგნი. ეს იყო ვრცელი ნუსხა, რომელიც მოიცავდა ტაძრის თითოეული მღვდელმსახურის მიერ დღის განმავლობაში შესრულებული ყველა ღვთიმსახურების ჩამონათვალს, ვინ რა სახის და რამდენი მსახურება ჩაატარა: პარაკლისი, პანაშვიდი, კვეთებულის ლოცვა, რამდენი ჯვარი ან ხატი აკურთხა და ა. შ.

მამა სოკრატეს თქმით, სასულიერო პირთა გარდა ტაძარში ყოველდღიურად იმყოფებოდა სახელმწიფოს წარმომადგენელი − უშიშროების სამსახურის რელიგიის საბჭოს განყოფილების თანამშრომელი, რომელიც აკონტროლებდა და დაწვრილებით აღრიცხავდა მღვდელმსახურთა მიერ ჩატარებულ მსახურებებს. თითოეული ამ მსახურებიდან სახელმწიფოს მიჰქონდა თანხა, რითაც აღნიშნული სამსახური ანტირელიგიურ პროპაგანდას აფინანსებდა, ანუ ეკლესიიდან ამოღებული თანხით მიზანმიმართულად ხდებოდა ანტირელიგიური ლიტერატურის გამოცემისა და ამ ლიტერატურის ავტორთა უზრუნველყოფა. ამ ყველაფრის ფონზე კი ეკლესიას წელიწადში მხოლოდ ერთი წიგნის გამოცემის უფლება ჰქონდა (ეს საეკლესიო კალენდარი იყო). ასეთი მდგომარეობა იყო ყველა მოქმედ ტაძარში. უშიშროების სამსახურის რელიგიური საბჭოს წარმომადგენლის გადაწყვეტილების გარეშე ტაძარი ვერ იმოქმედებდა. აი, ასეთ პირობებში გვიწევდა მსახურება და ეს ყველაზე უფრო მსუბუქი მოქმედებაა იმასთან შედარებით, რასაც წითელი, ანტიქრისტიანული დიქტატურა ახორციელებდა ეკლესიის წინაღმდეგო, − მითხრა მამა სოკრატემ.

ასეთი მდგომარეობა იყო სულ ახლო წარსულში ჩვენს ეკლესიაში, ასე კონტროლდებოდა იგი სახელმწიფოს მხრიდან. საჭიროდ ჩავთვალე ამ ამბის გახსენება გულმავიწყი ადამიანებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ვინც საბჭოთა კავშირს არ მოსწრებია. უნდა ვიზრუნოთ, რომ ასეთი დრო და მდგომარეობა აღარასოდეს დაბრუნდეს! შეგვეწიოს უფალი.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (376)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას