logo.png

მადლი – ღმრთის შეუქმნელი ძალა, შეუქმნელი ენერგია.

შეიძლება იყოს monument გამოსახულება

სამყარო ღმრთისგან შეიქმნა და დღემდე მისი განგებულებით არსებობს; უფალი ყველგან არის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყველაფერი მის ძალმოსილებაში მყოფობს, მაგრამ მაცხონებელი მოქმედება მხოლოდ ეკლესიის წიაღში აღესრულება, რომელსაც მამები მადლს, შეუქმნელ ენერგიას უწოდებენ.

ღმერთი ქმნილი სამყაროსგან სრულიად მიღმურია არსით, მაგრამ, ამავდროულად, სამყაროში მყოფია უქმნელი ენერგიებით, მადლს რომ ვუწოდებთ, რომელიც თავად ღმრთის ენერგიაა, მისგან გამომდინარე. ღმრთაებრივი მადლი გამოდის არსისგან, მაგრამ ამ გამოსვლით არ განეშორება არსს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ღმრთის განსაკუთრებული ყოფიერებაა საკუთარი არსის გარეთ. ეს მის შემოქმედებაში ვლინდება – სამყაროს შექმნა და ღვთის განკაცება, ადამიანისთვის ახალი მარადიული ყოფიერების მინიჭება.

მადლი სამების სამივე პირიდან მომდინარეობს, მამისაგან ძის მიერ სულიწმიდაში. მაცხონებელი მადლით მოქმედებაში ღმრთაების სამივე პირი მონაწილეობს. ძე ღმერთის განკაცებამ მოიტანა ჩვენთვის სულიწმიდის მადლმოსილი ნიჭები. მისი ღვაწლის წყალობით გახდა შესაძლებელი ადამიანის გამოხსნა. მადლი წმინდა წერილში ღვთის ძალადაც მოიხსენიება. ეს ჩანს პავლე მოციქულის მიმართ მაცხოვრის სიტყვებში:

„და მრქუა მე: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაითა დაემკვიდროს ჩემთანა ქრისტემან“ (2 კორ. 12, 9). ასევე: „რომლისათვისცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა“ (კოლ. 1, 29).

ღმრთის მადლში იგულისხმება მაცხონებელი ძალა, რომელიც გვენიჭება მაცხოვრის კაცთმოყვარეობით – მისი განკაცებისა და აღდგომის მეშვეობით, რომელიც ახდენს ჩვენს განათლებას, განწმედას ცოდვათაგან, გვზრიდს სათნოებებში, გვსრულყოფს და განგვაღმრთობს. მადლი არის ზეციდან გარდამოვლენილი და ქრისტეს ეკლესიაში დავანებული ძალა ღვთისა, ამაღორძინებელი, მაცოცხლებელი, სრულმყოფი, კეთილმსახური ქრისტიანის წარმმართავი იესო ქრისტეს მიერ ბოძებული ცხონების მისაღებად. ეს მაცხონებელი ძალა ჩვენამდე აღწევს სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, ამიტომ წმინდა გარდამოცემაში ხშირად იწოდება სულიწმიდის ძალად, თუმცა თანაბრად მიეკუთვნება ყოვლადწმიდა სამების ყოველ პირს. მადლი მოქმედებს ადამიანის ბუნებრივ ძალებსა და შესაძლებლობებზე, მაგრამ არ ცვლის ადამიანის ბუნებას მისი არსით, არამედ სრულყოფს მას, გარდაქმნის ადამიანს და ფერისცვალებას ახდენს – განაღმრთობს. ადამიანის სულიერი დაბადება, ასევე შემდგომი სულიერი ზრდა ორი საწყისის ურთიერთქმედებით ხდება: ერთი მათგანია სულიწმიდის მადლი, მეორე – მის მისაღებად გულის გახსნა, წყურვილი და სურვილი, მისი ისე შეთვისება, როგორც წვიმის სისველეს ისრუტავს გამოფიტული, გამომშრალი მიწა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა ადამიანის პირადი ძალისხმევა, რათა მოიპოვოს, დაიმარხოს და აამოქმედოს სულში საღვთო ნიჭები. სულიწმიდა – ყოვლადწმიდა სამების მესამე პირი, რომელიც მამისაგან გამოვალს სამყაროში ძის მიერ, წარმოადგენს საკუთრივ შემსრულებელს ჩვენი განწმედისა. ამ ორი საწყისის ერთობლივ მოქმედებაზე საუბრობს პეტრე მოციქული: „რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ... და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - მარხვაჲ, მარხვასა შინა - მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა - ღმრთის მსახურებაჲ და ღმრთისა მსახურებასა შინა - ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა - სიყუარული. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ“ (2 პეტ. 1,3,5-9). პავლე მოციქულთან ასევე ვკითხულობთ: „შიშითა და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენთანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის“ (ფილიპ. 2,12-13), ანუ თავად იმოქმედეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე საღვთო მადლით გეძლევათ.

საეკლესიო საიდუმლოებანი სულიწმიდის იარაღია, რომელიც უეჭველი კეთილისმყოფელობით მოქმედებს საიდუმლოში მონაწილეებზე, მაგრამ მორწმუნეთა მიერ საიდუმლოთა მიღების შემდგომ მათი განმაახლებელი, მაცხონებელი ძალის მოქმედების ნაყოფიერება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ღირსეულად მიეახლება ადამიანი საიდუმლოს; სულიწმიდა ღმერთმა განაღმრთო მადლით ყველა: წმინდა, მართალი, აღმსარებელი, მოსაგრე, სარწმუნოებისათვის წამებული, სასწაულმოქმედი – ამქვეყნადვე „მიწიერ ანგელოზად, ზეციურ ადამიანად“ ქცეული. ეს გასაოცარი სულიერი მიღწევები, რომლებიც არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობის გარეშე, მოიპოვება იმ საღვთო, უხილავი მადლის მოქმედებით, რომელიც მიიღება ნათლისღებითა და მირონცხებით, განცხოველდება სინანულითა და წმინდა საიდუმლოსთან ზიარებით.

ღმრთის შემეცნება შეუძლებელია ღმრთაებრივი გამოცხადების გარეშე. ადამიანმა ღმერთი იცის იმდენად, რამდენადაც თავად ღმერთი ეცხადება, ეხსნება მას. მაგრამ, ამასთან, ადამიანი სულიერად უნდა იღწვოდეს, ემზადებოდეს ღვთაებრივი გამოცხადების აღქმისათვის ისევე, როგორც მოციქულები, სულიერი ზრდასთან ერთად რომ იხვეჭდნენ მადლსა და ღვთის აღქმის შესაძლებლობასაც. წმ. სვიმეონ ღვთისმეტყველის გადმოცემით, პავლე მოციქული დამასკოს გზაზე დაბრმავდა და მიწაზე განერთხა ღვთაებრივი ნათლის გამოჩინებით, ვინაიდან მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქრისტეს რწმენა. სხვებთან პირიქით მოხდა: წმ. გრიგოლ პალამას სიტყვებით, წმ. მარიამ მაგდალინელს შეეძლო ეხილა აღდგომის ნათელი, რომელიც ავსებდა მაცხოვრის საფლავს და ხილულად ქმნიდა იქ მყოფს ღამის უკუნის მიუხედავად, როცა გძნობდა, დღეს ჯერ კიდევ არ გაენათებინა მიწა. ამ ნათელმა მისცა მის თვალებს ძალა, ეხილა ანგელოზი და ესაუბრა მათთან.

ძე ღმერთის განკაცებისთანავე ადამიანის ბუნება განიღმრთო ქრისტეში და ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, იმიტომ კრთოდა სიხარულით წმინდა იოანე ნათლისმცემელი ჯერ კიდევ დედის წიაღში, როდესაც მართალი ელისაბედი ღვთისმშობელს შეხვდა. ქრისტე თავის მიწიერ ცხოვრებაში ყოველთვის იყო განათებული ამ ნათლით, უხილავი რომ იყო ადამიანთა უმრავლესობისთვის. ღვთის ფერისცვალება არ იყო დროითა და სივრცით შემოსაზღვრული, ქრისტესთვის არაფერი შეცვლილა, ცვლილება მოხდა მოციქულთა ცნობიერებაში, რომლებმაც გარკვეული დროით მიიღეს იმის უნარი, რომ მასწავლებელი ეხილით ისეთი, როგორიც ის იყო თავისი ღვთაებრიობის მარადიულ, ბრწყინვალე ნათელში. სწორედ ღვთის მადლით შეძლეს მოციქულებმა მაცხოვრის დიდებაში ხილვა.

ღვთაებრივი ნათელი რომ ვიხილოთ, უფლის მოწაფეთა დარად, უნდა ვიყოთ ამ ნათლის თანაზიარნი; აუცილებელია, რომ მის მიერ შევიცვალოთ მეტ-ნაკლებად. ადამიანური ბუნების ცვლას ღვთის მადლის მოქმედებით აღწევს ესათუ ის პიროვნება. წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: „)რომელმაც მიიღო ღვთაებრივი მადლი, თვითონ არის თითქოსდა ნათელი, და სინათლესთან იმყოფება და მისი მეოხებით ხედავს იმას, რაც ამგვარი მადლის გარეშე ყველასთვის დაფარულია. იგი მაღლდება არა მარტო ხორციელ გრძნობებზე, არამედ ყოველივეზე, რაც ჩვენ ვუწყით... როგორც ცხრა ნეტარებაში გვასწავლის უფალი, რამეთუ გულით წმინდანნი ხედავენ ღმერთს, რომელიც არის რა ნათელი, შემოდის სულში და თავს უმხელს მის მოყვარულთ და მისგან შეყვარებულთ...“.

მადლი არის ღვთაებრიობის გამომაჩინებელი სინათლე, ამიტომ შეუძლებელია, ვერ აღვიქვათ და ვერ შევიგრძნოთ ღმერთი, თუკი ჩვენი ბუნება იმყოფება სულიერი სიჯანსაღის მდგომარეობაში. ამიტომ უნდა ვიღწვოდეთ მადლის მოსახვეჭად, რომელიც ასე უხვად გადმოდის და მიეცემა ადამიანს, რათა არსებითად გვესმოდეს და განვიცდიდეთ ამ სიტყვების მნიშვნელობას – „ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩვენ ნათელი“ (ფს. 35, 10), აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (205)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას