logo.png

"უფლის მსასოებელი ერი"

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ქართველი ერი ყოველთვის უფლის მიმართ განსაკუთრებული სასოებით ცხოვრობდა. „ქართლის ცხოვრება“ გადმოგცემს ჩვენი ერის უამრავ განსაცდელს: დამყრობლების შემოსევას, ბრძოლასა და ომს, რომელსაც მუდამ უფალის რწმენასა და სასოებას უპირისპირებდა, ქრისტესთან ერთად ცხოვრებით ამარცხებდა. „ქართლის ცხოვრებაც“ ამიტომ ჰქვია ჩვენს მატიანეს − შეგნებულად ქრისტესმიერი ცხოვრებით ცხოვრობდა ქართველი ერი, ცოცხალ ურთიერთობაში იყო უფალთან, ქრისტიანული სწავლებით კი სიტყვა „ცხოვრება“ არსებით ღმერთთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს. ქრისტე მარადიული, სამოთხისეული ცხოვრების ხეა და ცხოვრებაც უფალთან ერთად თანაზიარებით ყოფას გულისხმობს.

ამიტომ ერი და ბერი, ერთად შეკრული იბრძოდა ქრისტეს წიაღში დასარჩენად და ქრისტიანული თვითმყოფადი ეკლესიისა და სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ეკლესიის მეშვეობით ადამიანთა ქრისტეს წიაღში დაბადება, საკუთარი თავის, შთამომავლების სრულყოფა და ცხონება. ამიტომაც იყო, რომ მომხდურის ყველანაირ სასიკეთო დაპირებას, თუ მუქარას, ხშირ შემთხვევაში, უარს ეუბნებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ამ შემოთავაზების უკან რელიგიური მრწამსის საკითხიც დგებოდა. სარწმუნოებასთან მიმართებით კი კომპრომისი არ არსებობდა და უფლის ეს სიტყვა აღესრულებოდა ჩვენზე: „და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ“ (მათე 10, 28-31).

როგორც მემატიანეები აღწერენ, ასეთი რწმენით ცხოვრების დროს ერი უფლის მფარველობით და შემწეობით იმარჯვებდა და ავტოკეფალური ეკლესიის მიერ ღვთივკურთხეული მეფე თვითმყოფად ქრისტიანულ სახელმწიფოს ინარჩუნებდა.

რწმენის შესუსტების შემთხვევაში ერი სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებდა, რაც, სამწუხაროდ, არაერთხელ გამოგვიცდია, როდესაც სხვა ქვეყნის, იმპერიის ნაწილი ვხდებოდით და საქართველოს მმართველებს სხვა ქვეყნის მეფეები თუ იმპერატორები ნიშნავდნენ ამირობის, ბეგლარბეგებოს, მეფისნაცვლობის, ცეკას მდივნობის ტიტულთა მინიჭებით.

ასეთ შემთხვევაშიც უცხო მმართველისგან დანიშნული ადამიანის იმედის ნაცვლად ერი უფალზე სასოებას ირჩევდა და იწყებდა სულიერ, რწმენით მზადებას, გაძლიერებას მტერთან საბრძოლველად... ცხოვრობდა ასე, უფალს მინდობილი, მოლოდინში ღვთის განგებისა, როგორც დავით მეფსალმუნე ღაღადებს სულიწმიდით და იტყვის: „კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ“ (ფსალმუნი 117, 7-9).

უამრავი სიცრუე, დაპირება მოუსმენიათ და უნახავთ ქართველებს საუკუნეთა განმავლობაში, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი დაგვიგროვდა, თუ გამოვიყენებთ, რასაც წმინდა წერილიც გვახსენებს დავით მეფსალმუნის ბაგეებით: „და ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს“ (ფსალმუნი 115, 2). მზერა ყოველთვის უფლისკენ გვქონდა და ამიტომ მოგვიყვანა უფალმა ეს პატარა ერი როგორც ქრისტიანი ერი და სხელმწიფო აქამდე.

დღესაც თუ შეგნებით უფალთან დავრჩებით, გამოვფხიზდებით და გავერთიანდებით, ვერანაირი მტერი მოგვერევა, როგორი სამხედრო თუ ეკონომიკურის ძალისაც არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, სწორედ ისეთ დროს, როდესაც ადამიანური გადასახედიდან არანაირი შესაძლებლობა აღარ გვაქვს გადარჩენისა და ვთვლით, რომ დავმარცხდით, უფალი სწორედ მაშინ გვაჩვენებს თავის ყოვლისშემძლებლობას, სწორედ მაშინ დავამარცხებთ ჩვენს მტერს. ჯერ კიდევ უფლის ბევრი სასწაულის მომსწრენი გავხდებით და დავიბრუნებთ არამარტო ისეთ ტერიტორიებს, ახლო წარსულში რომ დავკარგეთ, არამედ იმასაც, საუკუნეები რომ გვაშორებს.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (139)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას