რეზო ჭკადუა
რუსეთის იმპერია და
ბედი ქართლისა
მძლავრი რუსული აგენტურული ქსელი და მისი პროპაგანდისტული მანქანა საუკუნეების მანძილზე აპრობირებული, ძალზე ეფექტური მეთოდით, დღესაც დიდი წარმატებით მოქმედებს საქართველოში და ძირფესვიანად ანგრევს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნების დამოუკიდებლობის იდეის რეალიზაციას, რომელსაც თან სდევს უდიდესი მატერიალური და ადამიანური რესურსების დანაკარგები.
ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე ქართველმა ხალხმა სამჯერ მოახერხა იმპერიალისტური რუსეთის კლანჭებისაგან თავდახსნა, მაგრამ სამივეჯერ იგი სისხლში იქნა ჩახშობილი. რუსი დამპყრობლები ტრადიციულად ძალზე ეფექტურად იყენებენ ადგილობრივ აგენტურულ ქსელს, რომელიც ახალი ფეხადგმული სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე, ყველა დანაყოფში ჰყავთ ჩანერგილი და მტერს ძალზე უმარტივებს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ხისტი სახელმწიფო მმართველობის დამხობას. თუმცა ქართველი ხალხი და მისი პატრიოტული ძალები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძვიან ვერაგ მტერს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. 1918-21 წწ. ბოლშევიკურმა რუსეთმა შიდა აგენტურული ქსელის და გარეშე ძალების აგრესიის მიუხედავად, ვერ მოახერხა დამოუკიდებლობის გზაზე მყარად მდგომი ჩვენი დემოკრატიის დამხობა . იგი იძულებული გახდა საგანგებოდ თავი მოეყარა უზარმაზარი არმიისათვის და სამი მიმართულებით გადმოლახა ჩვენი საზღვრები. რუსეთის ჯარების რაოდენობა სხვადასხვა დოკუმენტების მიხედვით 120 000 კაცამდე მერყეობდა. გარდა ამისა, საქართველოს საზღვარი რუს ოკუპანტებთან შეთანხმებით გადმოლახა ქემალისტურმა თურქეთმა და დაიკავა ქ. ბათუმი.
მეორედ - 1992 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საქართველოში „სუკ“-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი) ორგანიზაციაში გაერთიანებული იყო 100 000-ზე მეტი აგენტი და იმავდროულად რუს იმპერიალისტებს გადაბირებული ჰყავდათ ქართული ინტელიგენციის 70%-ზე მეტი. დამოუკიდებლობის რწმენით შეპყრობილი ქართველი ხალხის წინააღმდეგობა ისევ ვერ გატეხა რუსმა იმპერიალისტებმა და იძულებული შეიქნა გამოეყენებინა ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიის უზარმაზარი საჯარისო ნაწილები, სამხედრო ავიაცია და შავი ზღვის ფლოტი ადმირალ ბალტინის მეთაურობით.
2008 წელს ზაფხულში რუსი ოკუპანტი ისევ იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი არმიით გარედან თავს დასხმოდა თავისუფლების გზაზე დამდგარ ქართულ სახელმწიფოს, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთის ავიაციამ და საზღვაო ფლოტმა. სახმელეთო შენაერთებს 2000 სატანკო ერთეული უჭერდა მხარს. ახლადშექმნილი ქართული პროფესიული ჯარის მედგარი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიციის გამო რუსეთმა უკან დაიხია. მაგრამ 2012 წლის ე.წ. არჩევნებში მაინც მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება.
ყველა ზემოჩამოთვლილ სახელმწიფო გადატრიალებებს თან სდევდა ქვეყნის სასტიკი ძარცვა-რბევა, მოსახლეობის შეგნებულად გაღატაკება, ქართული მიწების მიტაცება და იქიდან ადგილობრივი მოსახლეობის ლიკვიდაცია, ან, უკეთეს შემთხვევაში, აყრა/გადასახლება, ხოლო მათი უძრავ-მოძრავი ქონების უპირობოდ დაპატრონება.
თავის დროზე ქართველი ხალხი დიდი იმედით შეხვდა მართლმადიდებელი, ძლევამოსილი რუსეთის იმპერიის მოახლოებას საქართველოს საზღვრებთან, მითუმეტეს იგი აცხადებდა, რომ მოდიოდა ქრისტიანობის დაცვის კეთილშობილური იდეით. ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანას გარს ეხვია მძლავრი მუსულმანური სახელმწიფოები და წვრილ-წვრილი სახანოები. ძნელი იყო ჩვენი წინაპრებისათვის ამხელა აგრესიულ ძალებთან გამკლავება.
მონღოლთა უღელის გადაგდების შემდეგ მოსკოვის სამთავრო თავად გახდა სასტიკი დაუნდობელი აგრესორი. იგი ფაქტობრივად დაშლილი ოქროს ურდოს მემკვიდრე გახდა. მოსკოვის სამთავრო მარტივად დაეუფლა სუსტ და წვრილ-წვრილ სახანოებს და მალევე მოახერხა წყნარ ოკეანემდე გასვლა. 1654 წელს პერეიასლავის რადას გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთი უკვე განევრცო დასავლეთის მიმართულებითაც და მალე იგი ევროპის ჟანდარმად იქცა. ამ მრავალრიცხოვან ბრძოლებში რუსეთმა შექმნა საკმაოდ მძლავრი რეგულარული არმია და გამოიმუშავა სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობის ძალზე მოქნილი, ეფექტური სტრატეგია. იგი მომავალ მსხვერპლ ქვეყანას თავდაპირველად უმეგობრდებოდა და წინასწარ ქმნიდა იქ მძლავრ აგენტურულ ქსელს, რომლის მეშვეობითაც ასუსტებდა ადგილობრივ მმართველობას და შემდეგ მცირე საჯარისო კონტინგენტის გამოყენებით ეუფლებოდა მას. სწორედ ამ მეთოდით მან ძალზე მარტივად მოახერხა ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება. თუმცა უმჯობესია მოკლედ გავეცნოთ ამ მეტად ტრაგიკულ ისტორიას.
საუკუნეების მანძილზე, ჩრდილო კავკასიელი ხალხის მედგარი ბრძოლების მიუხედავად, რუსეთის იმპერია ჩვენი ქვეყანის საზღვრებს თანდათან მოუახლოვდა და XVIII საუკუნის II ნახევარში ცენტრალური კავკასიონის გადმოსასვლელები მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. უკვე იმპერიის დღის წესრიგში დადგა ქართული სახელმწიფოს დაპყრობა-განადგურების გეგმა.
1765 წელს გამომჟღავნდა საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული შეთქმულება, რომელიც აღმავლობის გზაზე მდგარი ქართლ-კახეთის სამეფოსა და მისი მეფის - ერეკლე II წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ შეთქმულების მოთავე რუსეთიდან ირიბი გზებით შემოგზავნილი ვახტანგ VI უკანონო შვილი პაატა ბატონიშვილი აღმოჩნდა. თუმცა ერეკლე მეფემ მარტივად გაანეიტრალა ეს შეთქმულება და ქვეყანა აარიდა დიდ ქაოსს.
ქართული მხედრობა და მეფე ერეკლე უდიდესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა 1770 წლის აპრილში. რუსმა გენერალმა ტოტლებენმა ბორჯომის ვიწრო ხეობაში, აწყურის ციხესთან ქართული ჯარი და მეფე ერეკლე რიცხობრივად მასზე სამჯერ მეტი მტრის ჯარს შეატოვა იმ იმედით, რომ ქართული მხედრობა და მისი გმირი მეფე ვერ დაუსხლტებოდა მტერს, და მან გორისა და დუშეთის მაზრებში დაიწყო რუსეთის იმპერატორზე ხალხის დაფიცება. ქართულმა ჯარმა ბრწყინვალე სტრატეგი მეფის გონივრული მოქმედებით ასპინძასთან სასტიკად დაამარცხა მტერი და რუს გენერალს მტკვრის მარჯვენა მხრიდან დაასწრო თბილისში შემოსვლა.
XVIII ს-ის 70-იან წწ. ქართლ-კახეთის მეფემ შექმნა მოხალისეთა მუდმივმოქმედი ლაშქარი, რომელსაც უნდა აღეკვეთა ლეკთა მოთარეშე რაზმების დაუსჯელი პარპაში აღმოსავლეთ საქართველოში. მას დაერქვა „მორიგე ჯარი“, მის მეთაურად კი დაინიშნა მეფის ღირსეული ძე ლევან ბატონიშვილი. მორიგე ჯარმა ფაქტობრივად აღკვეთა ლეკებისა თუ სხვა გადამთიელი მარბიელი რაზმების ბანდიტური თარეში. აღმოსავლეთ საქართველოში შიშიანობა მოისპო.
ბატონიშვილი ლევანი დიდი მოწინააღმდეგე იყო რუსეთთან ყოველგვარი კავშირ-ურთიერთობის, მაგრამ მოულოდნელად იგი 1781 წელს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ლევან ბატონიშვილის სიკვდილი უდიდესი დარტყმა იყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე, ვინაიდან ბატონიშვილის დაღუპვამ მოშალა მორიგე ჯარი, რომელიც მომავალში საფუძველი უნდა გამხდარიყო პროფესიული არმიის შექმნისა. ჩვენი აზრით ბატონიშვილი მოწამლა რუსეთის აგენტურამ ორი მიზეზით:
1. თავიდან მოიშორა რუსეთის დიდი მოწინააღმდეგე საქართველოში და
2. მისი სიკვდილით ბოლო მოეღო მოხალისეთა ლაშქრის არსებობას, რომელიც დიდი იმედი იყო ქართველი გლეხობისთვის.
ქართლ-კახეთის მოსახლეობა მორიგე ჯარის შექმნამდე ციხე-სიმაგრეებსა და საგანგებოდ მოწყობილ თავშესაფრებში ცხოვრობდნენ, ხოლო ბაღ-ვენახებში გასვლის დროს იძულებულები იყვნენ შრომის იარაღთან ერთად საბრძოლო იარაღიც თან ეტარებინათ.
მტრებით გარშემორტყმული მეფე ერეკლე დღენიადაგ ცდილობდა მოკავშირეთა მოძიებას. მან წერილები დააგზავნა და დელეგაციები მიავლინა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ იქიდან სასურველი პასუხები არ მოდიოდა. ქართლ-კახეთის მეფემ თურქეთთანაც სცადა სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ესეც შუა გზაზე გაჩერდა. მეფის ამ ქმედებებს ყურადღებით აკვირდებოდა რუსეთის საიმპერატორო კარი და მან მოახერხა კიდეც ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლა. იმედგაცრუებული მეფე ერეკლე საბოლოოდ იძულებით დათანხმდა რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას და იგი გაფორმდა კიდეც 1783 წელს, რომელიც ცნობილია გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით. ამ ხელშეკრულების თანახმად რუსეთის იმპერია ვალდებულებას იღებდა დაეცვა ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფოებრიობა და მართლმადიდებლური სარწმუნოება. თუმცა ამ დოკუმენტს უარყოფითი მხარეებიც გააჩნდა. მან ქვეყანას გაუორმაგა მტრის რაოდენობა და იგი კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის იმპერატორმა ხელშეკრულების თანახმად საქართველოში მართლაც შემოიყვანა გარკვეული რაოდენობის სამხედრო კონტინგენტი და ქართველებთან ერთად მათ რამოდენიმე ბრძოლაში მიიღეს კიდეც მონაწილეობა. მაგრამ მოულოდნელად, 1786 წელს იმპერიამ მთლიანად გაიყვანა ჯარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან და საქართველო ისევ მარტოდ მარტო დარჩა აურაცხელი მტრის წინაშე. თუმცა ყველაზე დიდი ღალატი ჯერ კიდევ წინ იყო.
1795 წელს ირანის მმართველმა აღა-მაჰმად -ხანმა 70 000-იანი არმია დაძრა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველმა ელჩებმა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მოახსენა რუსეთის საიმპერატორო კარს და მოითხოვა გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული სამხედრო მოქმედების განხორციელება. მაგრამ მტერი ისე შემოიჭრა და გავიდა მისგან გავერანებულ-განადგურებული ქვეყნიდან, რომ რუსეთს რეაგირება საერთოდ არ მოუხდენია. პროფესორ ი.ცინცაძის აზრით კრწანისის ომში ირანი და რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მას შემდეგ, რაც ირანულმა ჯარმა იავარქმნილი ჩვენი ქვეყანა დატოვა, რუსეთმა მაშინ შემოიყვანა თავისი საჯარისო ნაწილები და მას შემოაყოლა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აგენტურა, რომელიც მთელს ქვეყანას შეესია და ჩაინერგა სამეფო სახლის მაღალ ეშელონებში. აქვე მათ მოავლინეს გეოლოგი მუსინ-პუშკინი, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს გეოლოგიური სიმდიდრის შესწავლა-გამოკვლევა.
***
გმირი მეფის სიკვდილი შემდეგ (1798წ.) რუსული აგენტურა მთლიანად
მოედო მმართველ აპარატს და ფაქტობრივად მართავდა კიდეც ქართლ-კახეთის სამეფოს.
რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ანექსია სხვა მხრივაც უდიდესი ტრაგიკული მოვლენა
იყო. XVIII ს-ის II ნახევარში ინტენსიური მოძრაობა გაიშალა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანების მიზნით. ეს კი უდავოდ უდიდესი ისტორიული მოვლენა იყო. ამ მხრივ ქართლ-კახეთის სამეფოში 2-ჯერ ჩავიდა იმერეთის დელეგაცია. მაგრამ ერეკლე მეფის აზრით საამისო ვითარება ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი, ვინაიდან ამასიის ზავით აღმოსავლეთ საქართველო ეკუთვნოდა ირანს, ხოლო დასავლეთი -თურქეთს. ამ ორი სამეფოს გაერთიანება კი გამოიწვევდა ამ ორ უზარმაზარ სახელმწიფოსთან დაპირისპირებას. XVIII- XIX სს-ის გასაყარზე ირანი და თურქეთი ისე დასუსტდა, რომ საქართველოს გაერთიანების რეალური პირობა შეიქმნა. მაგრამ რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციამ ეს უდიდესი ისტორიული აქტი ჩაშალა. რუსეთმა საქართველოს ისტორიული სახელი გადაარქვა და მას უწოდა „ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიები“.
1801 წ. იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტით ქართული სახელმწიფო გაუქმდა და იგი უპირობოდ მიიერთა რუსეთის იმპერიამ, თუმცა ეს დოკუმენტი საქართველოში 1 წლის დაგვიანებით ჩამოვიდა. მიზეზი კი, შეთქმულთა მიერ პავლე I-ის ლიკვიდაცია იყო, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა ქართული წარმოშობის რუსმა გენერალმა ვლადიმერ იაშვილმა.
1802 წლის 7 აპრილს საზეიმოდ მორთულ თბილისის ქუჩებში დიღმის კარიბჭიდან დიდი ზარ-ზეიმით შემოაბიჯა რუსეთის ჯარმა, რომელსაც წინ მოუძღვოდა წმინდა ნინოს ვაზის „ჯვარი კეთილი“. პროფ. ფარნა ლომაშვილის შეფასებით ეს სატყუარა იყო. რუსის ჯარის შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ, 12 აპრილს ხალხი შეიტყუეს სიონის ტაძრის ეზოში, რომელსაც გარშემო ერტყა სწორედ ის რუსის ჯარი, რომელსაც „მოუძღოდა“ წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და დაიწყო რუსეთს იმპერატორის ერთგულებაზე ძალადობრივი ფიცის დადების ცერემონიალი. ხალხი აღაშფოთა ამ უმსგავსო საქციელმა და სცადა რუსული კორდონის გარღვევა, მაგრამ შეუიარაღებელი ხალხი რუსმა ჯარისკაცებმა ხმლით და ხიშტებით აკუწა, დანარჩენმა კი იძულებით დაიხია უკან. თუმცა კახეთის მხედრობამ რ. ანდრონიკაშვილის მეთაურობით ბრძოლით გაარღვია ტალღა და გავიდა სამშვიდობოს.
გვეცნო ალბათ იმპერიის „მეგობრული ხელი“.
1810 წელს რუსმა დამპყრობლებმა სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად დაიკავა იმერეთის სამეფო და იქიდან განდევნა კანონიერი მეფე სოლომონ II. აქედან დაიწყო ჩვენი ქვეყნის ძარცვა-რბევა და რეპრესიები.
რუსულმა იმპერიამ მთლიანად მიიტაცა ქვეყნის მმართველობის ვერტიკალი. ქართული სამართალი შეიცვალა რუსული სამართლით. აიკრძალა ქართული ენა, როგორც სახელმწიფო და საერო, ისე სასულიერო დაწესებულებებში. 1828 წელს ახალციხის აღების შემდეგ გენერალ პასკევიჩმა ძალის გამოყენებით სამშობლოდან აყარა ძირძველი ქართული მოსახლეობა და იქ ყარსიდან ჩაასახლა 28 000 სომეხი ეროვნების ოჯახი. მოგვიანებით „მართლმადიდებლობის მანტიით შემოსილმა მეგობარმა“ ქვეყანამ მთლიანად მოარღვია ქვეყნის საზღვრები, საიდანაც დაუბრკოლებლად შემოდიოდა უცხოტომელები, განსაკუთრებით კი თურქმანული მოსახლეობა, რომელთაც დღემდე ვერ მოახერხეს ქართულ სამყაროსთან ინტეგრაცია. მათ არ იციან ქართული ენა და კულტურა. ამ ყველაფერს აგრეთვე დაემატა რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან ძალადობრივი გზით ჩამოსახლებული სექტანტური ჯგუფები: დუხობორები, მალაკნები, სტაროაბრიადცები და სხვ., რომელთაც ჩვენს ქვეყანაში გააჩინეს ახალი ტოპონიმები - გორელოვკა, ბოგდანოვკა, ვორონცოვკა, სემიონოვკა ….
ოკუპაციის პირველსავე დღეებში რუსმა ჯარისკაცებმა ენით აღუწერელ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ადგილობრივი ქართული მოსახლეობა. მეფის რუსეთმა თავისი ჯარების ტრანსპორტით უზრუნველყოფა და გამოკვება ქართველ მოსახლეობას დააკისრა. საზარელი სანახავი იყო უღელში შებმული ქართველი ქალები, რომელთაც გამწევ ძალად იყენებდნენ ხარ-კამეჩის დეფიციტის შემთხვევაში. ეს სატრანსპორტო საშუალება ძირითადად გამოიყენებოდა რუსული იარაღისა და საჭურველის ცენტრალური კავკასიის ქედიდან გადმოსატანად, რის გამოც ხშირი იყო ოთხფეხა გამწევი ძალის დაცემა. სწორედ ამის შემდეგ იყენებდნენ ორფეხა გამწევ ძალას, მათ შორის ქალებსაც. თუმცა რუსი სალდათების მიერ განხორციელებული ეს მოქმედება არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ ჩაიდინეს შიდა ქართლის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. მათ მათრახების გამოყენებით, სიცილ-ხარხარის ფონზე ერთ-ერთი ოსი ეროვნების ორსულ გლეხის ქალს სახალხოდ მოასაქმებინეს და განავალი იქვე შეაჭამეს. სხვათა შორის მსგავს ვანდალიზმს უახლოეს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. რუსეთის აგენტურული ქსელის მაღალჩინოსანმა ქ. მარნეულში თავის თანამოქალაქეს სახალხოდ, ვიდეოს თანხლებით მოაშარდინა და მისივე შარდით მოაბანინა სახე. უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ომების ისტორიაში მსგავს ველურ საქციელს ანალოგი არ გააჩნია.
ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაუქმების შემდეგ, 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის უდიდესი ავტორიტეტი გააჩნდა. მის ნაცვლად შექმნა საქართველოს საეგზარქოსო, რომელიც რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ პერიოდიდან დაიწყო მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესიის ძარცვა, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ისე კერძო პირების მიერ. ძარცვის მასშტაბები უპრეცედენტო იყო. ოფიციალური ცნობით XIX ს-ში საქართველოში დაიხურა 15 მონასტერი და 860 ეკლესია. რუსეთმა ხელთ იგდო 143 მილიონი იმდროინდელი რუბლის საეკლესიო ქონება, რომელიც დღევანდელი კურსით ექვივალენტია 20 მილიარდი ა.შ.შ. დოლარისა. გაენათელი პატრიარქის სამოსელის ძვირფასი სამკაულებისაგან გამოადნეს 4 კგ. ოქრო, ხოლო ძვირფასი თვლების რაოდენობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. ქუთათელი პატრიარქი, რუსეთში გადასახლების დროს გზაზე მიმავალი თავზე ტომარაწამოცმული გაგუდეს. დიდი ზიანი მიადგა აგრეთვე საეკლესიო არქივს. მისი უდიდესი ნაწილი დაწვეს ან გადაყარეს მდინარე მტკვარში. ნაწილი კი თავად დაიტაცეს და გაყიდეს. XIX ს-ის 50-იან წწ. გელათის მონასტრიდან გაიტაცეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე ხელოვნების ნიმუში - ხახულის ხატი-ტრიპტიქი. ხატის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა მინანქრის ტექნიკით შესრულებული ღვთისმშობლის გამოსახულება, რაც მსოფლიოში უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენდა მისი ზომისა და მხატვრული ღირებულების გამო. იგი ნაწილებად დაამსხვრიეს და კერძო კოლექციონერებს მიჰყიდეს. მისი ნაწილი დღესდღეობით დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
ეგზარქოსმა პავლემ 1885 წელს დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი.
დღემდე ასეთი „გულმხურვალე მეგობრული“ დამოკიდებულებით გამოირჩევა ჩვენი ჩრდილოელი „ერთმორწმუნე მოძმე“ ერი საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
ნანახია: (2820)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას