logo.png

ადმინისაგან

დღეს ისეთი ადამიანის სულის ხსენების დღეა, რომლის ბადალი თითოოროლა თუ იბადება საუკუნეში. ასეთ ადამიანებზე იწერება ქვეყნის დიდების ისტორია, რადგან ისინი ბალავარში უდგანან საკუთარი სამშობლოს გადარჩენას.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ თანამედროვენი შურითა და ცილობით ექიშპებიან  მსგავს პიროვნებებს და ცდილობენ მარტივ ქმედებებამდე დაიყვანონ მათი ამაგი, რათა ამით საკუთარი რიგითობა გაამართლონ და უტოვებენ თაობებს უკუღმართ მატიანეებს. ჩვენი ვალია, სამეცნიერო და მედია საშუალებებით დავუხშოთ კარი ისტორიის როგორც ძველ ისე თანამედროვე გამყალბებლებს!

და ასეთ ვაიმეისტორიეთა საპირისპიროდ, სიამაყით  გადავცეთ თაობებს სამშობლოს ყველა დიდი მოამაგის ღვაწლი:

 

დაე უწყოდნენ შთამომავლებმა, რომ ამბროსი ხელაია იყო საბჭოთა პერიოდის პატრიარქთაგან ერთადერთი, ვინც სხვა მღვდელმთავართა დარად არ შესულა მტრის სამსახურში, არ დამონებია ერთმორწმუნე სიუზერენს და არ დაუქვემდებარებია მისი ახალნერგი ეკლესიისათვის თავისი კატაკომბური ქრისტიანობის ასაკის ეკლესია!

 

 

პატრიარქი, ვისი გულიც საქართველოს ეკუთვნოდა!

29 მარტი წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) ხსენების დღეა

                                                                            

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ამბროსი  მიწიერ ცხოვრებაშივე იყო უფლისაგან ზენაარი  მადლით დაჯილდოებული.

ერთხელ, რაჭაში, ჭელიშში მსახურებისას, მიწიდან ესმა ხმა – გაათხრევინა და იქ აღმოჩნდა წმინდა წერილის  უძველესი ქართული ხელნაწერი, რომელიც დღეს „ჭელიშურის“ სახელით არის ცნობილი. ღვთის ენა-პირი ასხიაო“, - ამბობდნენ  თურმე მასზე იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“.

რა გასაკვირია, რომ ასეთ მღვდელმთავარს განსაკუთრებული გრძნობით  მიეტანა გულთან  ერის ყველა ტკივილი და განსაცდელი.   ცარიზმის პერიოდში  იგი დაუცხრომლად  იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ხმას იმაღლებდა  ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის წინააღმდეგ.

1922 წელს მან გაგზავნა მემორანდუმი  გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთის ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების სრული ჩამონათვალით.

როგორც ემიგრაციაში მყოფი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე მანველიშვილი აღნიშნავდა: „საქართველოს  კათალიკოსმა თავი გასწირა სამშობლოსათვის და შექმნილ ჯოჯოხეთურ პირობებში, თბილისიდან ხმა მიაწოდა კონფერენციას. მემორანდუმში დაწვრილებით არის აღწერილი საქართველოს უბედური მდგომარეობა და განათლებული კაცობრიობისაგან მოითხოვს დახმარებას. მემორანდუმი წაკითხულ იქნა კონფერენციაზე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“.  კათოლიკოსი, ქართველი ერის სახელით, საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას  მოითხოვდა.

გენუაში გაგზავნილი წერილის გამო ამბროსი ხელაია ბოლშევიკებმა შეიპყრეს და სასტიკად სტანჯავდნენ და აწამებდნენ. სასამართლოზე, პატრიარქი, უშიშრად, ყოველგვარი ქარაგმებისა და ერთმორწმუნეობისადმი დათმობების გარეშე,  ღიად ამხელდა რუსული შოვინიზმის სახეს და თავის დამოკიდებულებას მათი ავკაცობისადმი: „ჩემი 87 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები.“

და თუ რატომ არ უნახავს, ადვილი მისახვედრი იყო, როდესაც ჰყვებოდა,  რა ვითარებაში  უხდებოდა ქართველებს თავისუფლებისათვის ბრძოლა – მისგან მოტანილი მარტო ერთი სოხუმის მაგალითზეც კი ნათლად ჩანდა,  რომ ვერანაირი რუსობა ვერ ურიგდებოდა საქართველოს თავისუფლებას: „დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ უსწავლელი, ყველა გაიძახოდა: „როგორ შეიძლება საქართველო იყოს თავისუფალი, ეს დროებითია,  მოვა ჩვენი ჯარი და ისევ დავიმორჩილებთო. მას ასახელებდნენ: „Кукурузная республика“  ანუ „Республика на 11/2  часа“. ბატონობის იდეაზე აღზრდილი ადგილობრივი რუსი ბუნებრივი მოსურნე იყო ბატონობისა და თანასწორობას ვერ გუობდა“.

ცხადია, კრემლის ყურმოჭრილი მონები მსგავს მსჯელობას ვერ აპატიებდნენ და, რაკი   ვერაფრით გატეხეს პატრიარქის უტეხი სული, განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანეს, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო მიუსაჯეს  თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

პატრიარქი სასამართლოს ბრალდებულის სკამიდანაც თვით სდებდა ბრალს ბრალმდებლებს და განაჩენის გამოტანამდე იქით შეაგონებდა:

როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში - იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი - იყოს ნება ღვთისა! - და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“ (ლუკ. 23, 28).

ორი წლის შემდეგ კათოლიკოსი ამნისტიით გაანთავისუფლეს და, რაღა თქმა უნდა, ის სატუსაღოდან პირდაპირ სიონისაკენ გაემართა. კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო თურმე ქალაქს, როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო და აქვითინდა.

 მაშინ აღმოხდენია სიხარულით:როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს – და მომეტებული მღელვარებისგან გული წასვლია.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამბროსი ხელაია  წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

შთამომავლებს ანდერძად დარჩებათ წმინდანის სიტყვები, რომლითაც მას წამების დროს მიუმართავს ბოლშევიკი მტარვალებისათვის:

„სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი – საქართველოს, ხოლო გვამი ჩემი – თქვენი იყოს, ძაღლებო!“

ზურაბ ქართველაძე        

პირველი პუბლიკაცია

https://www.georoyal.ge/

ნანახია: (1420)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას