logo.png

 

 

                                                                                                                                                                                                                                    ადმინისაგან

დღეიდან, თანამედროვეობის ამსახველ  მასალებთან ერთად, მკითხველებს მივაწვდით რეტროსპექტივასაც, სადაც ასახული იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განსაკუთრებულად მღელვარე ეპიზოდები.

წერილში, რომელიც თქვენს წინაშეა, მოთხრობილია იმ იშვიათ პერიოდზე, როდესაც ქართველებმა შეძლეს ერთობის მიღწევა.

მაგრამ ეს იყო მცირე პერიოდი - იმპერია, დღიდან საქართველოში ფეხის მოკიდებისა, ერთთავად ცდილობდა ქართველების შუაზე გახლეჩას - და ჩინებითა თუ ეპოლეტებით, თაფლაკვერისა თუ მათრახის პოლიტიკით მიაღწია კიდეც მიზანს: ორი საუკუნის განმავლობაში, თუ ერთნი ქართველთაგანნი თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათენ-აღამებდნენ, მეორენი მონობის შენარჩუნებისთვის არ ზოგავდნენ ძალებს.

ასე იყო კავკასიურ ომებში, ასე იყო თავად-აზნაურთა შეთქმულებისას, ასე იყო პირველად აღდგენილი დამოუკიდებლობის სამწლეულში და ასეა დღესაც - როდესაც ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას კრემლის ფარული მოდარაჯენი უდგანან ჯიბრში და კორონავირუსის პირობებშიც კი არ არიან მზად იმდაგვარი  ერთსულოვნებისათვის, რომლის მონატრებაც არის ქვემოთ წარმოდგენილ წერილში!

 

                                           ქართველებო, გახსოვთ, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი?

 

გახსოვთ 1989-91 წლების თბილისი და საქართველო?

ახალგაზრდებმა არ იციან და თვითმხილველებს კი რა დაავიწყებს, როგორ გვიყვარდა იმ წლებში ქართველებს ერთმანეთი!

ვის შეიძლება არ ახსოვდეს ის გულისხმიერება, რომელიც გვაკავშირებდა თვისტომობით დიდსა და პატარას!

როგორი სითბოთი და თანაგრძნობით იყვნენ გარემოცულნი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით მოშიმშილე ახალგაზრდები -

როგორ მოჰქონდათ თბილისელებს მათთვის თბილი ტანსაცმელი, ’ბორჯომისბოთლები  და ლეიბ-საბნები მთავრობის სასახლესთან 1989 წლის აპრილის დღეებში!

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი, როგორ შემოდიოდა ყველა ოჯახში სიკვდილის აჩრდილთან ერთად საჭირისუფლო თანაგრძნობიერი ცრემლი საყოველთაო გლოვის დღეებში და როგორ იდგნენ ქართველები რიგში  სისხლის ჩასაბარებლად, უმოწყალო ჩეხვაში ვნებული თანამემამულეებისათვის!

ხოლო მერე, გლოვის დასრულებისთანავე, გულგატეხილობის და იმედის დაკარგვის  ნაცვლად,  როგორ დადიოდნენ მხნედ მთელ ქალაქში თბილისელები მიტინგებითა და მანიფესტაციებით, როგორ დაჰყავდა ზვიადსა და მერაბს დემონსტრანტები თბილისის ყველაზე მიყრუებულ უბნებში და როგორ აცოცხლებდნენ მიძინებულ ეროვნულ სულს და უკვე სიხარულის კურცხალით როგორცრემლებოდნენ ფანჯარასა და აივნებში გადმომდგარი თბილისელები - როგორ აფრიალებდნენ ეროვნულ დროშებს და ისროდნენ ყვავილებს!

როგორ თანდათან იკრებდა ძალებს ეროვნული თვითშეგნება - როგორ უთავისუფლებდნენ საკუთარ ბინებს მარტოხელა   მოხალისეები ეროვნული მოძრაობის აქტივისტებს, შეკრებებისთვის და თავად ეკედლებოდნენ ნაცნობ მეგობრებსროგორ კეტავდნენ ხაბაზები პურის საცხობებს და როგორ ურიგებდნენ მომიტინგეებს პურს უსასყიდლოდ; როგორ ჩერდებოდა მანქანა საბურავჩაშლილი მანქანის გვერდით და როგორ უწვდიდა უცნობი მძღოლი  საბურავს: - აი, შენ საბურავი და ჩემი მისამართი, გექნება საშუალება და დამიბრუნებ საბურავს - არადა შენი ფეშქაში იყოს - ქართველები არა ვართ?!

მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ იცინოდნენ ქართველები და ერთმანეთის მიყოლებით  აჩენდნენ დედები შვილებს საქართველოს გასამრავლებლად -  რამდენი ბავშვი დაიბადა 1991-სა და 1992 წლის დასაწყისში!

როგორ ეტანებოდა ხალხი ეკლესიებს - ტყუილად ნუ დაიბრალებენ საკუთარ თავზე  ანაფორიანი მამაოები - სწორედ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ აავსო ტაძრები სარწმუნოებადამშეული ხალხით!

ნურც სპორტის მესვეურები დაიბრალებენ ეროვნულობას - 1990 წლის 30 მარტს შედგა პირველი მატჩი საქართველოს პირველობაზე და გავიხსენოთ, როგორ ერთხმად  ეწინააღმდეგებოდნენ ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, მათი უმრავლესობა ეროვნულ ჩემპიონატს. ამ ჩემპიონატის შეუძლებლობის დასტურად უპირებდნენ ფოთის გუნდს 10:0-ით დამარცხებას. გავიხსენოთ, როგორ გულშემატკივრობდა  100 ათასი მაყურებელი ფოთის კოლხეთს და როგორ გაიმარჯვა მან 1:0. რა ბედნიერი იყვნენ თბილისელები საკუთარი გუნდის დამარცხებით და ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებით!

გავიხსენოთ, როგორ უღიმოდა ხალხი ერთმანეთს, როგორდები და ძმები და როგორ მშობლიურად ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის!

გავიხსენოთ, ერთ მუშტად როგორ შეგვკრა საერთო მიზანმა და საერთო განსაცდელმა.

და მინდა დაგეკითხოთ:  ქართველებო -  მაინცდამაინც მტერი უნდა შემოგვესიოს, მაინცდამაინც საბჭოთა ხელისუფლება და რუსული ტანკები უნდა შემოგვეჭრან, რომ დავიბრუნოთ ეს ურთიერთ   სიყვარული და თანაგრძნობა?

 

გიორგი ერიშვილი

პირველი პუბლიკაცია:

https://www.georoyal.ge/

ნანახია: (1617)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას