logo.png

ყველაზე რესპექტაბელურ რუსულ საეკლესიო საიტზე - http://www.pravoslavie.ru/129291.html დაიბეჭდა ალექსანდრე ბოგატირიოვის დოკუმენტური მოთხრობა. თხრობისა და შინაარსის მიხედვით, მისი მთავარი გმირი - სახელით, კილოკავით, მართლმადიდებლობით -  ქართველი გახლავთ ეროვნებით.  სწორედ ამ მიზეზით გთავაზობთ მოთხრობის თარგმანს. დასკვნების: როგორც პოზიტიურის, ისე - ნეგატიურის გაკეთება მკითხველისათვის მიგვინდვია.

 

                        სისხლის აღების გარეშე - რანაირად?

                           (ძნელი გზა ეკლესიურობისაკენ)

 

ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, რა პრობლემების წინაშე უხდებათ დგომა მღვდელმსახურებს, როდესაც აღსარების დროს ისმენენ ჩადენილ ცოდვებსა თუ ცოდვის განაზრახებს.

ზოგჯერ ისეთი ფაქტების გაგება უხდებათ, გაფიქრებისგანაც კი  რომ გააჟრჟოლებს ადამიანს, ამისთანა რამე  რომ  არის საერთოდ ქვეყნად შესაძლებელი.

იძულებითი უღმერთობის მთელი საუკუნის განმავლობაში ადამიანები სჩადიოდნენ სხვადასხვა საქციელს ისე, რომ არც კი უფიქრდებოდნენ მათ ზნეობრივ არსს. მაგალითად, იმ საქონლის ქურდობა, რასაც საწარმო უშვებდა, არ ითვლებოდა ქურდობად. ხოლო  თავის მართლება დამაჯერებლადაც კი გამოიყურებოდა: „ყველას გამოაქვს და მე სხვაზე ნაკლები რითი ვარ?“ „ყველაფერი სახალხოა, ესე იგი საჩემოც არის, სხვანაირად ვერ იცხოვრებ“. ყოველგვარი მიწერები და ყალბი ცნობები ცხოვრების ნორმად იყო  ქცეული. ხოლო, როდესაც ადამიანები მოვიდნენ ეკლესიაში და გაერკვნენ, რომ მთელი ცხოვრება ცოდვებში გაუტარებიათ, ეს ჩათვალეს გადამეტებულ შეფასებად.

მამა ანდრეი არაერთგზის ყოფილა მომსწრე იმისა, თუ როგორ არ მიიჩნევდნენ მისი მრევლის წევრები  ცოდვად სიცრუეს, ქურდობას, სარეცელის შერყვნას, აბორტებს და თვით ბავშვების მიგდებასაც „გადაყვარებული“ მეუღლისათვის. მაგრამ იყო მის ცხოვრებაში, ერთი სრულიად არაორდინარული შემთხვევა.

მის ტაძარში დროდადრო ჩნდებოდა მავანი უცნაური ბატონი. მოვიდოდა, როგორც წესი, შუაგულ მსახურების დროს სამი ნახევარმეტრიანი  სანთლით ხელში; ჯიკავ-ჯიკავით ხმაურიანად მოარღვევდა მორწმუნეთა რიგებს მაცხოვრის ხელთუქმნელისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მიმართულებით; შემდეგ მიდიოდა ჯვარცმისაკენ და დიდხანს წვალობდა სასანთლეებზე მათი დამაგრებისათვის. რამდენადაც სანთლები ძალიან მსხვილი იყო, ხოლო სასანთლეზე არ იპოვებოდა სათანადო ჭრილი, მას ამ თავისი სანთლების დადგმა კი არა, ლამის ჩახრახვნა უხდებოდა. ამ დროს ის ერთთავად ქშინავდა და დიდი გულმოდგინების დემონსტრირებას ახდენდა.

სანთლები ხშირად უვარდებოდა იატაკზე და ხალხი ღელავდა ამის გამო. ერთნი აქებდნენ სანთლების ღირსებას - ერთობ უჩვეულო სანთლები მოჰქონდა, თანაც - ნამდვილი  ცვილისა; სხვები განიკითხავდნენ შემომსვლელს: „უჯობდა ტაძარში ეყიდა ის სანთლები, რაც აქ გვაქვს და თავი არ დაემეტებინა სხვებისათვის - სანთელი ტაძარში უნდა იყიდო: ეს ხომ შესაწირია!“

თუმცა, ის შესაწირსაც არ აკლებდა - თითო-თითო ათასს დებდა ორ ყუთში და თანაც ისე, რომ ყველას დაენახა, როგორ კუპიურებს ჰყრიდა. ჩაყრიდა და მაშინვე გადიოდა ტაძრიდან. ის არ ამბობდა აღსარებას, არ ეზიარებოდა, არასოდეს არ იდგა წირვის დამთავრებამდე.

ერთხელ მოვიდა მაშინ, როდესაც მრევლი ლიტურგიის შემდეგ მიდიოდა ჯვარზე სამთხვევად. ჯვარისთვის არ უკოცნია, მაგრამ მამა ანდრეის სთხოვა, დალაპარაკებოდა მას.

მამა ანდრეის დიდი ხანია, თავად სურდა ეთხოვა მისთვის, არ მოეცდინა ადამიანები ლოცვისაგან და აჰყვა საუბარში.  ჯერ სახელი ჰკითხა.

-რეზო, -  უპასუხა მან.

- ეს ქრისტიანული სახელია? თქვენ მონათლული ხართ? - დაინტერესდა მამა ანდრეი.

-რა თქმა უნდა, მონათლული ვარ - აღშფოთდა უცნაური სახელის მქონე.

-მომიტევეთ, ჩემს პრაქტიკაში (მართალია, ის დიდი არ არის) ასეთ სახელს არ შევხვედრივარ.

-ჰოდა, აი, ახლა შეხვდით. მე იმის თქმა მინდოდა, რომ...

ის რამდენიმე წამს ჩაფიქრდა და მკვეთრად გამოხატული კავკასიური კილოთი განაგრძო:

-საქმეები მიმდიოდა ცუდად, ახლა კი გამომიკეთდა. როგორც კი თქვენს ეკლესიაში დავიწყე სიარული, ყველაფერი კარგად ამეწყო. ფული ახლა ბევრი მაქვს და მინდა შესაწირავების მოტანა.

მამა ანდრეიმ გაურკვევლად დაუქნია თავი:

-რას საქმიანობთ?

-ავტოსერვისს ვფლობ. თავიდან პატარა ბენზინგასამართი მქონდა, ახლა - დიდი მაქვს. ყველამ იცის, გარიბალდის ქიჩაზე. კიდევ - ავტოსამრეცხაო გავმართე. მე ვთვლი, რომ ღმერთი მეხმარება და მეც მინდა მისთვის რამე გავაკეთო. გადავწყვიტე მღვდლებს უფასოდ ჩავუსხა ბენზინი...

ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

რამდენიმე დღის შემდეგ რეზომ დაურეკა მამა ანდრეის:

-მომისმინე, მამაო, დღეს რამდენიმე მღვდელს უფასოდ ჩავუსხი და ამ დროს ჩეთან მოვიდა ერთი    მღვდელი, შენსავით შავი ანაფორა ეცვა, ოღონდ ყელზე თეთრი პლასტმასის საყელო ჰქონდა. მითხრა, კათოლიკე ვარო. კათოლიკე რას ნიშნავს?

მამა ანდრეიმ რაც შეიძლებოდა მისთვის გასაგებად აუხსნა, რა განსხვავებაა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის.

რეზო ერთ წუთს დადუმდა და მერე აღშფოთებით წამოიძახა       :

-ააარა... ამას უფასოდ არ ჩავუსხამ.

ერთი დღის შემდეგ კიდევ დარეკა:

-აქ კიდევ ერთია მოსული, შავ ანაფორიანი, ოღონდ თეთრი საყელოს გარეშე; მეუბნება, დიაკვანი ვარო - ეს რაღაა?

მამა ანდრეიმ აუხსნა, ვინ იყო დიაკვანი და რა სხვაობა იყო მღვდელსა და დიაკვანს შორის.

რეზომ დაასკვნა:

-ესე იგი, ნახევრად მღვდელია?

მამა ანდრეის გაეცინა:

-დაახლოებით ასეა.

-მაშინ მე მას ნახევარ ავზს ავუვსებ.

დროდადრო რეზო ურეკავდა ხოლმე მამა ანდრეის და სთხოვდა, სტუმრებოდა და სწორედ მასთან ჩაესხა ბენზინი. მამა ანდრეი მადლობას უხდიდა, მაგრამ არ მიდიოდა. რეზო დაჟინებით უმეორებდა თხოვნას და ეკითხებოდა: -რატომ უარობ, რამე გაწყენინე? მე ხომ სიკეთის გაკეთება მინდა, შენ არ მითხარი, შემოწირულება კარგი საქმეაო?

მამა ანდრეი დაიღალა სიკეთის ჩადენის მოსურნის დარწმუნებით, რომ არ იყო ნაწყენი და რამდენჯერმე შეუარა. ეს ვიზიტები მიმდინარეობდა ავტოგასამართის გვერდით მდებარე კაფეში უხვი გამასპინძლების თანხლებით. რეზო საუბრის მოყვარული იყო, მაგრამ რწმენის შესახებ ცოტა კითხვას იძლეოდა. უფრო მეტს ლაპარაკობდა ცხოვრებაზე. ავლენდა  კაპიტალისტური იდეალებისადმი სიმპათიას. დარწმუნებული იყო, რომ უნდა ყოფილიყო წარმატებული და „ეცხოვრა კარგად“ (ანუ ცხოვრებისაგან აეღო ის, რისი აღებაც შეიძლებოდა) ასკეტიზმი და კრძალულება მიაჩნდა ფსიქიკური მოშლის გამოვლინებად და გულწრფელად უკვირდა, რატომ უნდა დაეცვა ერთგულება მეუღლისადმი და თავდაჭერილი ყოფილიყო ნებისმიერი  ცხოვრებისეული ვითარების პირობებში. ისინი, ვისაც არ გააჩნდა მიდგომ-მოდგომის და ფულის შოვნის უნარი, მიაჩნდა ნაკლულოვან და საცოდავ არსებებად.

ამ მსჯელობის მოსმენა ძალიან ძნელი იყო. მამა ანდრეი ცდილობდა, აეხსნა მისთვის ქრისტიანული სათნოების არსი, სახარებაც კი აჩუქა და მთელი საღამო დაუთმო მაცხოვრის მთის ქადეგების თხრობას. რეზო იჯდა შუბლშეჭმუხვნილი, რამდენჯერმე გაკვირვებით აიწურა მხრები და, როდესაც მამაომ უანგარობაზე ჩამოუგდო სიტყვა, წამოხტა და მწყრალად განუცხადა:

-მაშ მე ამას რატომ ვაკეთებდი? მე ღამეები არ მეძინა. იცი, ეს ყველაფერი რა ღირს? იცი, რა მიჯდებოდა ფულის შოვნა?

მამა ანდრეიმ ეს არ იცოდა და არც სურდა, სცოდნოდა. არც რეზოს გაუმხელია მისი დიდი ქონების შოვნის საიდუმლო. ის უფრო და უფრო ღიზიანდებოდა:

-მათ ცხოვრების უნარი არ გააჩნიათ, არაფრის გაკეთება არ სურთ. მიეჩვივნენ, რომ სახელმწიფო აჭმევს მუქთად, ჭამენ და კმაყოფილები არიან. ჰოდა, როცა საქმეს ააწყობ, კარგ ფულს იშოვი, მაშინვე შურით ივსებიან. ახლა კი - ცოდვაო... რა ცოდვაზეა ლაპარაკი? მე ამ ავტოგასამართმა გამაჭაღარავა!

რეზო აშკარად ამეტებდა. ჭაღარა სულ ცოტა ერია თმაში. მამა ანდრეიმ სცადა დაემშვიდებინა იგი, ურჩია - უფრო ხშირად ევლო ეკლესიაში  და მაშინ თანდათანობით გაეხსნებოდა ის, რაც ახლა გაუგებარი იყო მისთვის... მაგრამ ვერ შეძლო რეზოს დამშვიდება, მოუბოდიშა და ისე დატოვა გამძვინვარებული  ბიზნესის მოწამე.

ამის შემდეგ ავტოგასამართის მეპატრონე ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა ეკლესიაში. ხოლო, როდესაც გამოჩნდა, მანა ანდრეიმ ვერ იცნო ის. იყო გამხდარი, წვერგაუპარსავი, მუხლებზე გამობერილ ძველ სპორტულ პიჟამაში ჩაცმული; ფეხზეც დახეული ბოტასები ეცვა. შემოვიდა უჩუმრად, ტრადიციული სანთლების გარეშე, შემოსასვლელთან მიეყრდნო კედელს, მთელი მსახურების მანძილზე დარჩა ეკლესიაში და მერე ყველასთან ერთად მივიდა ჯვართან და პირველად ემთხვია მას.

რეზოს სამწუხარო ფერისცვალების მიზეზის დადგენა ძნელი არ იყო - ის გააკოტრეს.

ქალაქის ცენტრში საუკეთესო ავტოგასამართი, რომელსაც ყოველდღიურად დიდი მოგება მოჰქონდა, გამხდარა ბანდიტების ყურადღების ობიექტი. ეს რომ უბრალოდ ბანდიტები ყოფილიყვნენ, რეზო მოუვლიდა მათ - იპოვიდა  მათთან გამკლავების საშუალებებს, მაგრამ ისინი უბრალო ვინმეები არ იყვნენ - დიდ უფროსობასთან ჰქონდათ კუდი მიფსკვნილი. ჩამოართვეს რეზოს ავტოგასამართი და უთხრეს, ამითაც კმაყოფილი ყოფილიყო, რადგან ციხე არ ახეხინეს და რაიმე უფრო უარესი არ დამართეს...

-შეიძლება დავსაჯო ისინი? - მონაყოლის ბოლოს იკითხა რეზომ.

მამა ანდრეი მიხვდა, როგორ აპირებდა ის მწყენინებლების დასჯას  და ურჩია, გამოცდილ მღვდელმსახურ, მამა ანატოლისთან   მისულიყო:

-მე ახალგაზრდა მღვდელი ვარ, სულ ხუთი წელია, რაც მაკურთხეს, მამა ანატოლი კი - ორმოცდახუთი წლის წინ. ის გამოცდილი და დაფიქრებული მოძღვარია. მე გამიჭირდება ასეთ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემა,  შეიძლება შემეშალოს...

რეზომ დაუჯერა და წავიდა გამოცდილ მღვდელმსახურთან. მეორე დღეს ის ისევ ესტუმრა მამა ანდრეის.

მამა ანდრეი მას ტაძრის ზღურბლთან შეხვდა:

-რაო, რა გითხრა მამა ანატოლიმ?

-მითხრა, რომ უნდა დავსაჯო, ოღონდ სისხლის აღების გარეშე!

რეზო მამა ანდრეის ყურთან დაიხარა და თითქმის ჩასჩურჩულა:

-მე კარგად ვერ გავიგე... რას ნიშნავს „სისხლის  გარეშე“ - წყალში უნდა დავახრჩო თუ ჩამოვახრჩო?

მთელი ღამე უჯდა მამა ანდრეი რეზოს და ამშვიდებდა. ისინი მის პატარა სამზარეულოში ისხდნენ დილამდე და ხანგრძლივი  სიტყვიერი კირთების შემდეგ, რეზო დათანხმდა უფლისათვის მიენდო შურისგება.

და, რაც ყველაზე საკვირველი იყო ახალგაზრდა მღვდლისათვის, რეზომ გამოთქვა აღსარების თქმის სურვილი და აღიარა, რომ ღირსეულად მიიღო საზღაური საკუთარი ცოდვებისათვის:

-მე სულ ქალებში დავდიოდი. ჩემმა ცოლმა იცოდა ეს, მაგრამ არ გამშორებია. მე მეგონა, ფულის გულისათვის ითმენდა. მაგრამ, როცა ყველაფერი წამართვეს, მაშინაც არ წასულა ჩემგან. ესე იგი, ფულში არ ყოფილა საქმე. წარმოგიდგენიათ, გუშინ მომცა ბებიამისის დანატოვარი საყურეები, ძველებური - ოქროსი, მათში ბრილიანტებია - ათი კარატი... არავის არა აქვს ასეთები. ვიცოდი, როგორ უყვარდა ისინი, მაგრამ მითხრა: -წაიღე ლომბარდში და ახალ საქმეს მოეკიდე, აუცილებლად გამოგივაო. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიტირე. სამი საათი ვტიროდი, ვერ ვჩერდებოდი. არავის... მხოლოდ მას სჯერა ჩემი. ამხანაგები - ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერ გავიგე! არ მყოლია მეგობრები! ყველას ვთხოვე თანხა საქმეში ჩასადებად, არავინ არაფერი მომცა, მხოლოდ ჩემმა ცოლმა გაიმეტა თავისი ყველაზე ძვირფასი საუნჯე!

ნახევარი წლის შემდეგ რეზოს საქმეები გამოსწორდა. ლომბარდიდანაც შეძლო საყურეების დახსნა. რეზოს გამანაწყენებლები კი დიდი ხნით ჩასვეს ციხეში.

 

 

 

ნანახია: (1170)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას