logo.png

სასწრაფოდ ჯებირი - რუსეთის საზღვართან!

 

არის მსოფლიოში  ორი ბედნიერი ქვეყანა - ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი, სადაც ერთგან კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, ხოლო მეორეგან - სულ ორი ათეული.

ამ დროს ჩინეთთან ყველაზე დიდი და ყველაზე მეგობრული საზღვარი სწორედ ამ ორ ქვეყანას აქვს.

გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ ჩრდილოეთ კორეიდან ჩიტიც ვერ გამოიტანს ამბავს, ხოლო რუსეთიდან გაჭირვება უკვე ადგმევინებს ხალხს ენას.

შემოკრულია პირველი განგაშის ზარები!

პუბლიცისტი ვიქტორია ვოლოშინა https://www.rosbalt.ru/:

„ჯერ კიდევ გუშინ იმედი გვქონდა, რომ კორონავირუსი აერიდებოდა ჩვენს ქვეყანას, როგორც ჭირიანს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსი თურმე არ უფრთხის თვით პოლიტიკურ წყობასაც - პირიქით, მრავლდება იქ, სადაც მეტი ამჩემფეხება ხალხი ცხოვრობს ბარდაკსა და ტოტალურ სიცრუეში.

ვითომ ხომ ჩინეთთან დაგვეკეტა საზღვარი და ამ ტაჯიკებსა და უზბეკებს, ჩინეთთან ღია საზღვრის მქონეთ, ჩვენთან კორონავირუსის ტესტებს ჩაუტარებენ?

ან რისი იმედი გვაქვს ამ ბედკრულ რუსეთში, სადაც წესიერი მედიცინა არ გაგვაჩნია, სადაც იხურება საავადმყოფოები და პოლიკლინიკები, სადაც წყალმომარაგების დეფიციტია და ქვეყნის მოსახლეობის 30-მა პროცენტმა არ იცის, რა არის კანალიზაცია!

ამ პირობებში ბუნებრივია ვარაუდი, რომ კორონავირუსი გაერთმნიშვნელიანებულია გრიპთან და ფილტვების ანთებასთან და ვინ დაიწყებს დაავადებულებისა და გარდაცვლილების გარჩევას.

ეგებ ცოტათი ახლა მაინც შეფიქრიანდნენ ამა ქვეყნის მამები - რადგან ინფექციას ვერ უმკლავდება ვერც ფული, ვერც „ედინაია როსიას" წევრობა, ვერც გვარდიელების ხელკეტები და ვერც პრეზიდენტის „პირდაპირი ხაზი“!

იქნებ სიკვდილის შიშმა მაინც გაამხელინოს მათ - რამდენია ავად, რამდენია გარდაცვლილი და კორონავირუსმა მაინც გააღვიძოს  სამოქალაქო თვითშეგნება იმის გასარკვევად - სად მიდის ჩვენი გადასახადები ჯანმრთელობის დაცვის რეფორმებისათვის, რა გვესაქმება სირიაში, რატომ ვწერთ ახალ კონსტიტუციას და რამდენის მოპარვა შეიძლება დაუბრკოლებლად - რათა ვიცხოვროთ რეალურ სამყაროში და არა სიცრუის მრუდე სარკეში!

 

სლავა რაბინოვიჩი - ცნობილი ბიზნესმენი https://censoru.net/:


 

 

„სამი დღის წინ ჩამომივიდა მეგობარი საფრანგეთიდან, სადაც ოჯახთან ერთად სრიალებდა თხილამურებით.

 

როგორც დააკვალიანეს - ინსტრუქციის მიხედვით, ოჯახის წევრებთან ერთად ჩაჯდა სახლში ნებაყოფლობით კარანტინში. მით უფრო, რომ ყველა მათგანს ჰქონდა საერთო სისუსტისა და გაციების საწყისი ნიშნები.

მას იმედი ჰქონდა, რომ ჩამოსვლისთანავე მიიღებდა სათანადო გამოკვლევას.

 

გამოვიდა კი ისე, რომ ჯერ ხომ აეროპორტში არ გამოუჩენიათ რაიმე ყურადღება და შემდეგ სახლიდან ორი დღე რეკავდა ექიმის გამოსაძახებლად. მოვიდა სასწრაფო და უარი უთხრა ტესტირებაზე. აღმოჩნდა, რომ მოსკოვში სულ ორი ლაბორატორიაა, რომლებიც მუშაობენ კორონავირუსის ტესტებზე. მესამე დღეს ძლივს მიაღწია სისხლის ანალიზის ჩაბარებას. ექიმებმა უთხრეს, რომ დალოდებოდა პასუხს 7 დღის განმავლობაში, ხოლო მანამდე, ყოველი შემთხვევისათვის, ოჯახის ყველა წევრს ერთად დაუსვეს მწვავე რესპირატორული დაავადების დიაგნოზი.

 

როგორც ჩემმა მეგობარმა გამოარკვია, იმ დღეს სულ მეოთხე ტესტი ყოფილა მათ მიერ ჩატარებული. და ეს მაშინ, როცა სამხრეთ კორეაში დღეში ტარდება 100 ათასი ასეთი ტესტი.

ჩემი და ჩემი მეგობრის დასკვნით, პუტინის რუსეთი გაცილებით დაბლა დგას, ვიდრე აფრიკის ყველაზე განუვითარებელი ქვეყნები, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როდესაც განავალი ეშხეფება ვენტილატორს!

 

ქსენია სობჩაკი - პოლიტიკოსი https://stolicaonego.ru/:

 

სობჩაკი გამოთქვამს ეჭვს, რომ „კორონავირუსის მასშტაბებს რუსეთში შეგნებულად არ ამხელენ“!

 

მისი მონათხრობით, ამ რამდენიმე ხნის წინ მის შვილთან, პლატონთან ჩამოვიდა მასწავლებელი ჩინეთიდან, მაგრამ ის ზომები, რომლებიც მიღებული იყო   საზღვარზე, ამოიწურებოდა ტემპერატურის გაზომვით. სობჩაკმა თავად უქირავა მას ოთახი, რომ იქ გაეყვანა კარანტინით გათვალისწინებული დრო; მერე კი, მაინც გადაწყვიტა თავი დაეზღვია და აეღო მისთვის კორონავირუსის ანალიზები.

 

აღმოჩნდა, რომ მოსკოვშიც კი კერძო კლინიკები არ აკეთებენ კორონავირუსის ანალიზებს - ყველა მოსკოველმა უნდა მიაკითხოს ცენტრში გრაფის ქუჩას. მაგრამ ავადმყოფობის აკიდების შიშით, ცოტა თუ ვინმე გაემგზავრება ამ ქუჩაზე,  რადგან  განსაკუთრებით მრავლად იქნებიან იქ კორონავირუსით პოტენციურად დასნებოვნებულნი.

 

სობჩაკი თვლის, რომ რუსეთში ცდილობენ არ გააფუჭონ სტატისტიკა - კორონავირუსის სიმპტომები ჰგავს გრიპის და პნევმონიის სიმპტომებს, ამიტომ, ანალიზების გარეშე ძნელია გარკვევა, რით არის ადამიანი ავად.

                                       

რუსეთის მედიცინა დღეს - ასე გამოიყურება ბოტკინის სახელობის ინფექციური საავადმყოფო პეტერბურგში, სადაც აწვენენ პაციენტებს ეჭვით კორონავირუსზე.

 

ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტი მოწმობს, რომ როგორც კორეაში, ისე რუსეთში კორონავირუსით დასნებოვნებულთა რიცხვი საგანგებოდ არის გასაიდუმლოებული.

თუ განვითარებულ ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში, რომელსაც ჩინეთთან არც საზღვარი და არც დიდი მეგობრობა არ გააჩნია, ათი ათასამდე დაავადებულია კორონავირუსით, ჩინეთთან კეთილმეზობლობაში მყოფი რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა, თავინთი უსაზღვროდ გრძელი საზღვრებით ამ ქვეყანასთან, სულ ცოტა ათჯერ მეტ დაავადებულს უნდა ითვლიდნენ სადღეისოდ თავიანთ ქვეყნებში.

ასე რომ, ყველა ვარაუდით, რუსეთს ამჟამად ჰყავს კორონავირუსით დაავადებული მრავალი ათეული ათასი ადამიანი, რაც დიდი საფრთხეა საქართველოსთვის!

ვიცით, რომ სიცრუის საბჭოურ-სოციალისტური აღმატებულობის პრინციპით არც ჩრდილოეთი კორეა და არც რუსეთი არ გაამხელენ ინფიცირებულთა რაოდენობას. არ გაამხელენ და ნუ გაამხელენ, ეგ ჩვენი საქმე არ არის! ხოლო ჩვენი საქმე კი არა და, უპირველესი მოვალეობაა - თუ ვკეტავთ ირანისა და ჩინეთის საზღვრებს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, დავკეტოთ რუსეთის საზღვარი. და თუ წლების წინ პუტინი აღუკვეთდა ქართველებს რუსეთისაკენ სავალ გზებს, დღეს ჩვენ უნდა აღვმართოთ გადაულახავი ჯებირი რუსეთთან!

 

"დავითისგზის“ მიმომხილველი

 

ნანახია: (1733)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას