ღვთისმშობლის აღსრულებული სასწაულები მართლმადიდებელ საქრისტიანოში
როდესაც ჟამთააღმწერელი ღვთისმშობლის სასწაულზე ჰყვება ქართული ლაშქრის მონღოლთაგან გადარჩენისას, იქვე კონსტანტინოპოლში მის მიერ მოხდენილ სხვა უფრო ადრინდელ სასწაულს ადარებს. აი, რას გვიამბობს იგი: ,,...და ესრეთ იხსნა ერი თვისი ყოვლადწმინდამან ღვთისმშობელმან და განარინა უმსჯავროსა სიკვდილისაგან, ვითარ ოდესმე იხსნა ქალაქი იგი დიდი კონსტანტინოპოლი, რაჟამს-იგი ბარბაროზთა მძვინვარედ გარემოიცვეს, მხედართმავრობასა სარვაროსისასა და მძვინვარედ აღდგომასა ხაღან მთავრისასა, ვითარ დაინთქნეს ზღვად მბრძოლნი ქალაქისა მის, მისდა მინდობილისანი, რამეთუ აღედუღნა ზღვა და განდნა ძივთი ნავისა და დაინთქნეს ზღვა შეწევნითა ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისთანა და მხდომთა ზედა წვიმა აწვიმა, ვითარ ძველ ოდესმე სოდომელთა ზედა“.
სწორედ კონსტანტინოპოლის გადარჩენის დღის აღსანიშნავად არის დაწესებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული (1 ოქტომბერი ძვ. სტილით), რაც X საუკუნის შუა წლების შემდეგ მოვლენებს უკავშირდება:
დიდი ხნის წინათ იყო ეს - ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში მრისხანე მტერი შემოიჭრა. ის უკვე სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლსაც ემუქრებოდა. ბერძენი ხალხი გრძნობდა, ღონე არ შესწევდა საკუთარი ძალებით მოეგერიებინა მტრის თავდასხმა. და აი, მან ცრემლიანი ლოცვა-ვედრებით მიმართა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ვისაც მანამდეც არაერთგზის ეხსნა იგი უცხო ტომთა შემოსევისაგან. აურაცხელი მლოცველი გაეშურა ვლაქერნის ტაძარში, სადაც უდიდესი სიწმიდენი იყო დაცული: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოსასხამი და მისი ომოფორი, ანუ თავსაბურავი, საფარველი, რომელიც მხრებზე ეშვება. და აი, ღამისთევის ლოცვის დროს ტაძარში მყოფ ნეტარ ანდრიასა და მის მოწაფეს - ეპიფანეს საკვირველი სახილველი წარმოუდგათ. ჰაეროვან სივრცეში, სამეუფო კართა მხრიდან, მათკენ მოემართებოდა დიდებული დედა ღვთისა, გარშემორტყმული ზეციური ამალით. უფლის წმიდა წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი და მოციქული იოანე მახარებელი გვერდით მოჰყვებოდნენ მას და ხელსაც აშველებდნენ, უკან კი მოჰყვებოდა დიდი სიმრავლე სპეტაკ სამოსელში გამოწყობილი წმიდანებისა. როცა ღვთისმშობელი ამბიონს მიუახლოვდა, ნეტარმა ანდრიამ, თითქოს საკუთარ თავს არ ენდობაო და საკუთარ თვალებს არ უჯერებსო, ჰკითხა ეპიფანეს -„თუ ხედავ შენც დედოფალს სამყაროისა?“ ეპიფანემ მიუგო:„ვხედავ და შევძრწუნდები!“ და როცა ისინი ასე, შეძრწუნებულნი, თრთოლვით შეჰყურებდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს,იგი მუხლმოყრილი დიდხანს ილოცვიდა და ცრემლით დაილტობდა თავის ღვთაებრივ და ყოვლადწმიდა სახეს. როცა დაასრულა ლოცვა, თვით საყდართანაც მივიდა საკურთხეველში და იქაც ილოცვიდა წინამდგომელი ერისათვის. და რაჟამს დაასრულა მხურვალე ლოცვა-ვედრება, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მოიხსნა ელვის მსგავსად მბრწყინავი საფარველი და ორივე ხელით მთელს ხალხს გადააფარა, ვინც კი მაშინ ტაძარში იყო. ამ საკვირველმა სახილველმა ისე გაამხნევა ბერძნები, რომ მეორე დილას ისინი გაბედულად შეებრძოლნენ მტერს, სძლიეს და გააქციეს.
***
ბერძენთა იმპერატორის ლეონ ბრძენის მეფობის დროს, მეხუთე საუკუნეში, პირველ ოქტომბერს, დიდებულ ვლაქერნის ეკლესიაში, რომელიც იყო აშენებული სტამბოლში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, სრულდებოდა ღამისთევის ლოცვა. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით, რომელთა შორის იყო ანდრია სალოსი. ღამის მეოთხე საათზე ანდრია სალოსმა აღაპყრნო თვალნი თვისნი ზეცას და დაინახა, რომ ვითომც ტაძარს აღარ ჰქონდა თაღები და გუმბათი და დაინახა ზეციური დედოფალი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ანათებდა რა როგორც მზე, ის იდგა ჰაერში, და მის გარშემო იდგნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელ-მთავარნი, მოწამენი და ყოველნი ზეციურნი ძალნი, და ფარავდა რა თავისი წმიდა ომოფორით ქრისტიანებს, ევედრებოდა მათთვის ძესა თვისსა და ღმერთსა ჩვენსა. წმინდა ანდრიამ ჰკითხა იქვე მდგომ თავის მოწაფეს - ნეტარ ეპიფანეს: „ხედავ, ძმაო, ქვეყნის შუა მდგომელს?“ - ვხედავ, წმიდაო მამაო, და შეძრწუნებული ვარ, მიუგო მან. - იმ დროიდან დადგენილია დღესასწაული ღვთისმშობლის მფარველობისა, რათა ქრისტიანებს ახსოვდეთ ეს სასწაული და იცოდნენ ვის უნდა მივმართოთ გაჭირვების დროს და ვის უნდა შევწიროთ სამადლობელი მსხვერპლი, როცა გასაჭირისგან განვთავისუფლდებით.
„და თქვა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობა მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა“ (ლუკ. 1, 46-50)
* * *
ხატთმებრძოლობის პერიოდში მართლმორწმუნე ქრისტიანებს ლუდიის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისაგან აღსრულებული სასწაულები განამხნევებდა. ამ ხატის შექმნის ისტორია წმიდა მოციქულების - პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველის სახელებთან არის დაკავშირებული. როდესაც ისინი იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლუდიაში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, იქ ახლადმოქცეულთათვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს. იერუსალიმში დაბრუნებული წმიდა მოციქულები ევედრებოდნენ დედა ღვთისას, მოენახულებინა და თავისი მუნმყოფობით განენათლა და ეკურთხა ახალი ტაძარი. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიუგო: „წარვედით მშვიდობით, და მეცა მუნ ვიქნები თქვენთან ერთად“. და მართლაც, ტაძარში მობრუნებულმა მოციქულებმა ერთ-ერთ მთავარ სვეტზე იხილეს საკვირველი სიმშვენიერის ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. შემდეგში თვით დედაც ღვთისა მოვიდა ლუდიიდ მონასტერში და თავის ხატებას განსაკუთრებული მადლი და ძალა მიანიჭა.
იმპერატორ იულიანე განდგომილის ჟამს, მეოთხე საუკუნეში, ლუდიაში ახალი სასწაული აღსრულდა. ტაძარში ქვისმთლელები გაგზავნეს უკეთურებმა, რათა გაენადგურებინათ საკვირველმოქმედი გამოსახულება. მაგრამ რამდენიც არ ეცადნენ ქვისმთლელები, მოეტეხათ და გადაეშალათ წმიდა ხატი, იგი არა და არ ქრებოდა, არამედ სულ უფრო ღრმად შედიოდა სვეტში. დიდება მომადლებული ხატისა მთელს ქვეყანას მოედო. მისგან ასლი გადაიღეს, რომელიც შემდეგ რომში გადაასვენეს. ნიშანდობლივია, რომ ამ ასლმაც საკვირველმოქმედების ძალა შეიძინა.
არსებობდა ღვთისმშობლის სხვა ხელთუქმნელი ხატიც ლუდიაში. იგი ამ ტაძარში იმყოფებოდა, რომელიც წმიდა მოციქულ პეტრეს მიერ განკურნებული ენეას მიერ იყო აგებული. როცა წარმართებმა და იუდეველებმა მოისურვეს ქრისტიანებისთვის წაერთმიათ ეს ტაძარი, მაშინ განმგებლის განკარგულებით იგი სამი დღით ჩაჰკეტეს, რათა ამ ხნის განმავლობაში ღვთის სასწაული მოვლენოდათ მოცილე მხარეებს და ამგვარად გადაწყვეტილიყო დავა. როცა სამი დღის შემდეგ ტაძარი გააღეს, მასში ღვისმშობლის ხელთუქმნელი გამოსახულება იხილეს.
***
კონსტანტინოპოლში პატრიარქ მინას მწყემსმთავრობისას ერთი ებრაელი ყრმა ქრისტიან თანატოლებს დაუმეგობრდა და მათთან ერთად მიიღო წმინდა ზიარება. შინ დაბრუნებულმა კი ყოველივე მშობელ მამას მოუთხრო. მამამისი, იუდეველი რისხვით აღივსო და გონებადაბნელებულმა შუშის გამოსადნობ ღუმელში ჩააგდო საკუთარი შვილი (იგი შუშის გამოდნობის ოსტატი იყო). დედამ არაფერი უწყოდა მომხდარის შესახებ და ორი დღე ამაოდ დაეძებდა ვაჟიშვილს. მესამე დღეს მეუღლესთან მივიდა სახელოსნოში მოთქმა-ტირილით და, ანაზდად, ცეცხლით აგიზგიზებულ ღუმლის გუგუნში თავისი დაკარგული ძის ხმა გაიგონა. ერთსა და იმავე დროს გახარებულმა და შეშინებულმა დედამ უმალ გამოსადნობ ღუმელს მიაშურა და აალებულ ნაკვერჩხლებში თავისი ძე დაინახა, მაშინვე ამოიყვანა ცეცხლიდან და გაოცებულმა ჰკითხა: - როგორ არ დაიწვი ცეცხლში, რა ძალამ გადაგარჩინა? ყრმამ მიუგო: - ჩემთან ვიღაც ქალი მოდიოდა, გაბრწყინებული სამოსი ეცვა და ის მაძლევდა საჭმელს, როცა მომშივდებოდა და ცეცხლს კი წყალს ასხამდა! ეს ამბავი მთელმა ქალაქმა შეიტყო და ყველა ერთხმად განადიდებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელმაც იუდეველი ყრმა იხსნა იმის გამო, რომ მას წმინდა ზიარება ჰქონდა მიღებული, და იმისთვისაც, რომ მრავალი სხვა კონსტანტინოპოლელი იუდეველი მოექცია. მომხდარის შესახებ თვით იმპერატორმა იუსტინემაც შეიტყო, რომელიც იმპერიის აღმოსავლეთ, ბერძნულ ნაწილს - ბიზანტიას განაგებდა. მან ბრძანა, მოენათლათ ის ყრმა და დედამისი, რომელთაც ამის სურვილი გამოთქვეს, მამამისი კი, რომელმაც არ ისურვა წმინდა ნათელის მიღება, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ. ღვთისმშობლის ამ სასწაულის შესახებ მოგვიანებით მთელმა საქრისტიანომაც შეიტყო. იგი აღწერილი აქვთ მემატიანეებს - ევაგრეს, ევსევის, ნიკიფორეს.
* * *
ღირსმა მამამ პალადი ალექსანდრიელმა ერთხელ შემდეგი ამბავი მოუთხრო თავისი სენაკის სტუმრებს: ერთ მის ნაცნობ კეთილმსახურ კაცს ღვთისმოშიში და მორჩილი მეუღლისაგან ექვსი წლის ასული ჰყოლია, რომელსაც მშობლები კეთილმსახურებითა და ღვთის შიშით ზრდიდნენ. ერთხელაც ამ კაცს კონსტანტინეპოლს გამგზავრება მოუხდა. მეუღლემ ნავსადგურამდე მიაცილა და დამშვიდობების წინ, სხვათა შორის ჰკითხა: „ვის ხელთ გვტოვებ მე და შენს ასულს?“ „ჩვენი დედოფლის - ღვთისმშობლის ხელთ“, - უპასუხა ოჯახის თავმა, დაემშვიდობა ცოლს და გემით გაემგზავრა.
მალე ამის შემდეგ მისი მეუღლისა და ასულის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა ერთი ბოროტმოქმედის მხრიდან. საქმე ასე მომხდარა: ეშმაკმა ჩააგონა ამ კეთილშობილი სახლობის ერთ-ერთ მსახურს, ხელი აღემართა თავის ქალბატონზე, მოეკლა იგი, გაეტაცებინა ძვირფასი ნივთები და გაქცეულიყო. მართლაც, ბოროტმოქმედმა დანა აიღო სამზარეულოდან და საძინებელი ოთახისკენ წავიდა; მაგრამ როგორც კი შეეხო კარის ზღურბლს, ანაზდად დაბრმავდა და ვერც წინ წადგა ნაბიჯი და ვერც უკან. დიდხანს ეცადა, როგორმე შესულიყო ოთახში, მაგრამ უხილავი ძალა ერთ ადგილას აკავებდა. მიუხედავად ანაზდეული საკვირველი დაბრმავებისა, უგუნურმა ბოროტმოქმედმა ვერ გულისხმა-ყო ამაში საღმრთო განგებულების ხელი, ყოველივეზე რომ ზრუნავს სამყაროში, და განსაკუთრებით კი - ადამიანზე: მას კვლავაც სურდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, განეხორციელებინა ეშმაკის მიერ ჩაგონებული ბოროტმოქმედება. და აი, მან თვით დაუწყო ხმობა თავის ქალბატონს, მომიახლოვდიო. ქალბატონს გაუკვირდა მსახურის ქცევა და უბრძანა, თვითონ შემოსულიყო. მაგრამ მსახური კვლავ და კვლავ უმეორებდა, მომიახლოვდი, ანდა შენი ასული მაინც გამოგზავნეო. მან კი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ეჭვობდა და არც შიშობდა თავისი და ქალიშვილის სიცოცხლის გამო, მაინც რატომღაც გადაწყვიტა არ მისულიყიო მსახურთან. მაშინ მსახურმა, სიბრაზისგან გონდაკარგულმა იმის გამო, რომ ვერ ასრულებდა თავის განზრახვას, საკუთარი თავი განიგმირა დანით... ქალბატონის კივილზე დაუყოვნებლივ შეიყარნენ მეზობლები. ბოროტმოქმედმა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სიკვდილის წინ ყოველივე აუწყა მათ. ამ შემთხვევით ყველამ შეიცნო საღმრთო განგებულების გამოუკვლეველი ნება. მათ ერთხმად განადიდეს შემოქმედი ღმერთი და მართალ მორწმუნეთა მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მარადის ქალწული მარიამი.
***
ნეტარი მუზა ქალწული (V) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჰკითხა: „გსურს ჩემთან წამოხვიდე და ამათ გვერდით იცხოვრო?“ „მსურს“, - უპასუხა გოგონამ. „ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. 30-ე დღეს მოვალ და წაგიყვან“. ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, მისი საქციელით გაკვირვებულ მშობლებს ნეტარმა მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ. 25-ე დღეს მუზა დასნეულდა, 30-ე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. „მოვდივარ, დედოფალო“, - დაიძახა გოგონამ და მიიცვალა.
***
მღვდელმთავარი კირილე ალექსანდრიელი ბავშვობიდანვე იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში იზრდებოდა და ძალაუნებურად საზრდოობდა ცრურწმენებით, რომლებიც იოანე ოქროპირის წინააღმდეგ იყო მიმართული. ღირსმა მამა ისიდორე პელუსიელმა არაერთხელ მოუწოდა მღვდელმთავარ კირილეს, შეეტანა ამ ეკლესიის დიდი მამის სახელი წმინდანთა დიპტიქში, მაგრამ მღვდელმთავარი კირილე ყურად არ იღებდა. მაგრამ ერთხელ სიზმარში მას ეჩვენა არაჩვეულებრივი ტაძარი, სადაც ღვთისმშობელი იმყოფებოდა ანგელოზებისა და წმინდანების გარემოცვაში, მათ შორის იოანე ოქროპირიც იდგა. როდესაც მღვდელმთავარმა კირილემ ღვთისმშობელთან მიახლოება და თაყვანისცემა მოისურვა, მღვდელმთავარმა იოანემ არ მიაკარა იგი წმინდა ადგილს. ღვთისმშობელმა სთხოვა იონე ოქროპირს, ეპატიებინა წმინდა კირილესათვის, რომელმაც უნებლიედ, საქმის ვითარების არცოდნის გამო ჩაიდინა ცოდვა მის მიმართ. როდესაც ღვთისმშობელმა დაინახა, რომ იოანე ჭოჭმანობდა, უთხრა მას: ,,მიპატიე, რამეთუ ბევრი რამ გააკეთა ჩემს სადიდებლად, ადამიანებს შეაყვარა ჩემი თავი და დამიბრუნა ღვთისმშობლის სახელი“. მღვდელმთავარმა იოანემ შეჰკადრა: „შენი ბრძანების თანახმად ვპატიობ მას“ და შემდგომ სიყვარულით გადაეხვია და გულში ჩაიკრა მღვდელმთავარი კირილე. მღვდელმთავარმა კირილემ მოინანია ის, რომ ამდენ ხანს უარყოფდა ღმერთის რჩეულს. მან შეკრიბა ყველა ეგვიპტელი ეპისკოპოსი და წმიდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის საპატივცემულოდ დიდი ზეიმი გადაიხადა.
***
განდეგილი ბერის - იოანეს შესახებ ჰყვება ასკალონის ეპისკოპოსი დიონისე, რომ ამ სათნოებით გამორჩეულ ბერს თავის სენაკში, სოფელ სხოში, ჰქონია ღვთისმშობლის ხატი ყრმა იესოთი. დააპირებდა თუ არა შორ გზაზე დიდი ხნით გამგზავრებას, სადაც არ უნდა წასულიყო - იერუსალიმში, სინაის მთაზე, ეფესოში თუ სხვაგან,- დაანთებდა კანდელს ხატის წინ და ლოცვით შესთხოვდა ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელს, მის არყოფნაში თვითონ ყოვლადწმიდას ეზრუნა კანდელზე, რათა სინათლე მის დაბრუნებამდე არ ჩამქრალიყო. მართლაც, სასწაულებრ - რამდენი ხნითაც არ უნდა მოშორებოდა იგი თავის სამყოფელს, - ერთი, ორი თუ მეტი თვის განმავლობაში, - კანდელი განუწყვეტლივ ჩაუქრობლად ენთო დედა-ღვთისმშობლის ხატის წინ.
* * *
მორწმუნე ჭაბუკი ღირსი დოსითეოსი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. თავისი ოცნების ქალაქში, იერუსალიმში ყოფნისას, გეთსიმანიის ბაღში დიდხანს უყურებდა განკითხვის დღის გამოსახულებას. ანაზდად თავის გვერდით უცნობი დედაკაცი დაინახა, რომელმაც აუხსნა მას, თუ რა იყო გამოსახული სურათზე. ჭაბუკმა დოსითეოსმა ჰკითხა: „ვით შეიძლება საუკუნო სატანჯველთა აცილება თავიდან?“ რაზეც პასუხი მიიღო: „მარხვა დაიცავი, არ მიიღო ხორცი და რაც შეიძლება დიდხანს ილოცე“. ამ სიტყვების თქმისთანავე უცნაური მოძღვარი გაუჩინარდა. დოსითეოსი მის ძებნას შეუდგა ქალაქში, მაგრამ ამაოდ, რამეთუ თანამოსაუბრე მისი თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო. ღვთის დედის გამოცხადებამ დიდი გავლენა მოახდინა ჭაბუკის სულზე და სავანეში თვისი მოძღვრისადმი სრულყოფილი მორჩილებით და საკუთარი ნების სრული უარყოფით მთლად გაითავისუფლა სული გულისთქმის ა და პირმოთნეობისაგან და დაიმკვიდრა საუკუნო სასუფეველი.
***
ყოვლად საკვირველია ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის მოქცევა ღვთისმშობლის მიერ. მარიამ ეგვიპტელი ალექსანდრიელი იყო და 12-დან 29 წლამდე, 17 წლის განმავობაში, სიძვა-მრუშობით ცხოვრობდა. ავხორცობით მისი დაავადება იმდენად მძიმე იყო, რომ, როგორც თვითონ აღიარებდა, ადმიანის ცხოვრების მიზანი და უმთავრესი დანიშნულება ხორციელი სიამე ეგონა და ამიტომ გასამრჯელოსაც არასდროს არ იღებდა თანამემრუშეთაგან, მიუხედავად იმისა, რომ, ძალზე ღარიბად ცხოვრობდა. და, აი, ერთხელაც, იერუსალიმში თავშესაქცევად ჩასულ მარიამს (ჯვართამაღლების დღესასწაულზე ალექსანდრიიდან ხომალდებით დიდძალი ხალხი მიემართებოდა ხოლმე იერუსალიმისკენ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ცხადად დაანახვა მისი ბილწი ცხოვრება: ტაძარში შესვლის მოსურნე მარიამ ეგვიპტელმა ვერაფრით ვერ შეძლო კარიბჭის ზღურბლზე გადაბიჯება! მის გვერდით ყველანი თავისუფლად შედიოდნენ ეკლესიაში, მას კი რაღაც ძალა არ უშვებდა. მაშინ სინანულის ცრემლები წასკდა ცოდვილ დედაკაცს და იქვე, ტაძრის კედელთან, ყოვლადწმინდა ღვთსმშობელი გამოეცხადა, რომელმაც გადარჩენის გზაც ასწავლა: შენი უმძიმესი ცოდვისგან მხოლოდ უდაბნოში მარტო ცხოვრება გადაგარჩენს: წადი იორდანეს იქით, უდაბნოში და დარჩენილი ცხოვრება იქ გაატარე,მე კი შეგეწევი ხსნის გზაზეო. მარიამ ეგვიპტელიც ასე მოიქცა და 57 წელიწადი მარტომ იცხოვრა უდაბნოში, ვითარცა ანგელოზმა და სიცოცხლის ბოლოს უფლის წმინდა ნაწილთაც ეზიარა წმინდა ზოსიმე ბერის ხელით, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მოუთხრო. წმინდა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება დიდად შემაგონებელი მაგალითია იმისა, რომ რა ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის შეეწევა ღმერთი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხმყოფელობით,თუკი სინანულის გზას დაადგება და ზურგს შეაქცევს ცოდვას.
* * *
კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიოს ტაძარში მსახურობდა ერთი ღვთისმოშიში და სათნო კაცი, სახელად რომანოზი. იგი ღრმად მორწმუნე და კეთილმსახური ადამიანი იყო, თუმცა კი სრულიად გაუნათლებელი, წერა-კითხვის არმცოდნე. ამის გამო მას დაკისრებული ჰქონდა ყველაზე მარტივი საქმეები ეკლესიაში: ასუფთავებდა და განამზადებდა ღვთისმსახურებისათვის აუცილებელ საგნებს, ანთებდა სანთლებსა და კანდელებს, ალაგებდა ტაძარს, წმენდდა ნივთებს და ყველა სხვა ამდაგვარ საქმეს ასრულებდა, ხოლო ღამ-ღამობით ველად გადიოდა განმარტოებული ლოცვისათვის, ქალაქის გარეთ მდებარე ვლაქერნის ტაძარში. საღვთისმსახურო საქმეების აღსრულება კი სრულიად არ ძალ-ედვა და არც ჰქონდა რაიმე სამღვდელო წოდება. მიუხედავად ამისა, პატრიარქი ექვთიმე, რომელსაც ძალზე უყვარდა რომანოზი მისი გულმოდგინებისათვის, მორჩილებისა და დაუღალაობისთვის, სხვა სამღვდელოთა თანაბარ პატივს მიაგებდა მას, და მისი ბრძანებით რომანოზი გასამრჯელოსაც სხვების ოდენს იღებდა. ამის გამო ბევრი უკმაყოფილო იყო, ზოგი კი შურით აღივსებოდა ამ პატიოსანი მუშაკის მიმართ და თვით პატრიარქზეც დრტვინავდა, - რატომ გაგვითანასწორა ესოდენ უბრალო და გაუნათლებელი კაციო.
მაგრამ უფალმა კეთილად ინება სწორედ ამ უბრალო ადამიანის მეშვეობით განეცხადებინა მორწმუნე ერისათვის ზეცისმიერი გაცისკროვნებისა და განათლების მთელი ძალა: ერთხელ, ქრისტეს შობის მიმწუხრზე, როცა ღვთისმსახურებას ტაძარში თვით ხელმწიფე ესწრებოდა და რომანოზი ჩვეულებისამებრ სანთლებს ანთებდა, გუნდის მგალობლებმა მუჯლუგუნის კვრა დაუწყეს მას და თან ყვედრებით ეუბნებოდნენ:
- შენ ჩვენნაირ გასამრჯელოს იღებ და ჩვენი დარი პატივით სარგებლობ! მაშ, ამოდი ამბიონზე და ჩვენთან ერთად იგალობე ღვთის სადიდებელი!
ასე, მთელი მორწმუნე ერის გასაგონად შეარცხვინეს მგალობლებმა წმიდა რომანოზი, და იგიც დიდად დამწუხრდა, ისე, რომ ცრემლიც კი წასკდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, როცა ტაძარი მთლიანად დაცარიელდა, გულშემუსრვილი რომანოზი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, ქვე დაემხო მის წინაშე და მხურვალედ ევედრა ზეციურ დედოფალს, დამეხმარეო. მერმე შინ დაბრუნდა და ისე დაიძინა, რომ ლუკმაც არ ჩაუდვია პირში. და აი, ღამით, სიზმრეულ ხილვაში, რომანოზს თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, ხელთ რაღაც გრაგნილი ეპყრა და უთხრა:
- განაღე პირი და ჭამე ესე!
რომანოზმაც შეჭამა გრაგნილი (ბერძნულად „კონდაკიონი“) და მაშინვე გამოეღვიძა. გული საოცარი სიხარულით აღვსებოდა, რადგან ღვთისმშობლისაგან დიდი ნუგეში მიიღო და გონებაშიც უჩვეულო გაცისკროვნებასა და გულისხმის-ყოფას შეიგრძნობდა.
ზეგარდამო ღვთის დედისაგან შთაგონებული წმიდა რომანოზი ტაძრისკენ გაეშურა და ღამისთევის ლოცვაზე მაშინ მივიდა, როცა კონდაკი უნდა ეგალობათ. მაშინდელი წეს-ჩვეულების შესაბამისად, იგი პირდაპირ ამბიონზე ავიდა და ყველას გასაოცრად, საკვირველი ტკბილი ხმით იწყო თავის მიერვე შედგენილი სადიდებლის გალობა: „ქალწული შობს დღეს ზეაღმატებულად...“ და შემდგომი ამისა. არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა ასეთ უბრალო, კნინ და გაუნათლებელ ადამიანში ესოდენი სიბრძნე და გალობის უნარი. შემდეგ წმიდა რომანოზმა იქ მყოფთ მოუთხრო სიზმრეულ ხილვაში გამოცხადებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნუგეშისა და ამის მიღებული ნიჭის შესახებ. ყველამ ერთხმად განადიდა უფალი და ხორციელად მისი მშობელი დედა.
გულმოდგინე მსახურებისათვის პატრიარქმა ექვთიმემ დიაკვნად აკურთხა წმიდა რომანოზი და, აქედან მოყოლებული, მას არ შეუწყვეტია ღმერთისაგან მიღებული ნიჭის ეკლესიის საკეთილდღეოდ გამოყენება: სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა ღმრთივსულიერ საგალობლებს და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ წმიდა რომანოზს ეკუთვნის ათასამდე საეკლესიო საგალობელი, რომლებითაც ჩვენ დღემდე განვადიდებთ ღვთისმსახურების აღსრულებისას.
წმინდა მღვდელმთავარ თეოდორე სიკეოტელს ფარულმა მტრებმა მოწამვლა დაუპირეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ხორბლის სამი მარცვალი მისცა ღირს თეოდორეს, რომელმაც შეჭამა ისინი და უვნებლად გადარჩა.
***
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ვატოპედიის ხატზე დედა ღვთისა გამოსახულია მარჯვნივ მობრუნებული სახით, 807 წლის 21 იანვარს მომხდარი სასწაულებრივი მოვლენის ნიშნად. ღვთისმშობელმა ხატიდან მოაბრუნა თავისი სახე მონასტრის იღუმენისაკენ, რომელიც ამ დროს წმინდა ხატის სიახლოვეს ლოცულობდა, და აუწყა მას, რომ ავაზაკნი სავანის გაძარცვას აპირებდნენ. იღუმენმა მიიღო საჭირო ზომები და სავანე გადაურჩა საფრთხეს. ამ სასწაულებრივი მოვლენის მოსახსენიებლად სასწაულთმოქმედი ხატის წინ მარად ანთია უშრეტი კანდელი.
***
ღირსი მამა ნეოფიტე მნათედ მსხურობდა ვატოპედიის მონასტერში, ათონის წმინდა მთაზე. ერთხელ იგი მძიმედ შეიქნა ავად და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიმართა მხურვალე ლოცვით, რომელსაც განკურნებას ევედრებოდა და იგი ღირს იქმნა ხმა მოესმინა ღვთის დედის ხატისაგან: „აჰა, ერთი წელი გეძლევა შენ, რათა განიმზადო თავი აღსასრულისთვის“. სასწაულებრივად განკურნებულმა ნეოფიტემ გაამრავლა თავისი მონაზვნური ღვაწლი, რითაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან განსვლისთვის განიმზადებდა სულს. ერთი წლის შემდეგ, კვირა დღეს, როცა იგი უფლის წმინდა საიდუმლოთა ზიარებისთვის ემზადებოდა, მას კვლავ მოესმა ხმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისაგან, რომელიც აუწყებდა,- შენი აღსასრულის ჟამმაც მოაწიაო. წმინდა ნეოფიტე ეზიარა წმიდა საიდუმლოთ და მშვიდად ჩაბარდა უფალს.
***
ღირსი მამა ფილოთეოსი, ყმაწვილობაში თავის ძმასთან ერთად, თურქებმა მოიტაცეს და დილეგში ჰყავდათ დამწყვდეული, მაგრამ დედამ ღვთისამ სასწაულებრივად გამოიყვანა ისინი იქიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მათი დედის სახით გამოეცხადა ყრმებს და თავისავე სახელობის მონასტერში მიიყვანა მცირე აზიის ქალაქ ნეაპოლში. ამ მონასტერში ფელოთეოსი და მისი ძმა ბერებად აღიკვეცნენ, რის შემდეგაც მორჩილებას ეწეოდნენ იღუმენის მიერ დანიშნულ თანამდებობაზე - ეკლესიარხებად.
ძმების დედამ, რომელმაც უკვე მრავალი წელი იყო, საერთოდ არაფერი იცოდა თავის დაკარგულ ძეთა შესახებ, მიატოვა ამა ქვეყნის ამაო ცხოვრება და ღვთის საიდუმლო განგებულებით, ამავე ქალაქის დედათა მონასტერში განმარტოვდა. და, აი, ერთხელ, როცა რამდენიმე სხვა მონაზონთან ერთად იგი მამათა იმ სავანეში იყო მისული ტაძრის დღესასწაულზე, სადაც ღირსი ფილოთეოსი იღვწოდა თავის ძმასთან ერთად, ევდოქსიამ შეიცნო ორ ჭაბუკ ბერში თავისი ძენი. ხოლო, როდესაც ჰკითხა, თუ საიდან გაჩნდნენ აქ, ძმებმა მიუგეს: „შენ უფრო კარგად არ იცი?!“ განა შენ არ განგვათავისუფლე დილეგიდან და შემდეგ აქ მოგვიყვანეო?“ ასე დარწმუნდა ევდოქსია ღვთის დედის მადლიან მეოხმყოფელობაში, ვის წინაშე ლოცვა-ვედრებაშიც ჰპოვებდა იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთ ნუგეშს.
ღირს ათანასე ათონელს შეჭირვების ჟამს ზეციურმა დედოფალმა არგუნა თავისი ხილვა. ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც წუთიერად სულმოკლეობამ შეიპყრო და წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით. „ვინ ხარ და საით მიდიხარ?“ - ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. -„მე აქაური ბერი ვარ“, - უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. -„და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!“ -„შენ ვინა ხარ?“ - ჰკითხა ათანასემ. „მე დედა ვარ შენი უფლისა“, - მიუგო უცნობმა და წმიდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს.
ვოლინის ეპარქიაში, პოჩაევოს მთაზე ლავრაა გაშენებული. ეს მთა სხვებზე გაცილებით მაღალია და თავისი გამოქვაბულებით იქცევს ყურადღებას. ისინი ბუნებრივადაა გამოკვეთილი და მეტად მოსახერხებელია. ამ გამოქვაბულში ორი ბერი სახლობდა, ღვთის მადლით ისინი ლოცვის, თავშეკავებისა და მორჩილების ღვაწლში იმყოვებოდნენ. ერთ-ერთი მოღვაწე ღამის წესისამებრ მთის მწვერვალზე ავიდა სალოცავად და მოულოდნელად ცეცხლის სვეტში ქვაზე მდგარი ყოვადლადწმიდა ღვთისმშობელი იხილა. ბერმა ამის შესახებ თანამოღვაწესაც აცნობა და ორივე ღთისმოშიშებით უმზერდა ამ გამოცხადებას. ხილვა ერთმა მწყემსმაც შენიშნა, რომელიც ბიჭებთან ერთად მთის ძირში ცხვარს აძოვებდა და მთაზე ამოვიდა. აქ ორ ბერს შეხვდა, ისინი ადიდებდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ საოცარი ხილვისა და მადლის გამო, რომელიც მისი გამოცხადების ადგილას დარჩა. ყოვლადწმიდა ქალწულმა ქვაზე დატოვა თავისი ნაბიჯის ანაბეჭდი, რომელიც დღემდე კამკამა წყლითაა სავსე. მისი ყოვლადწმიდა ფეხის ქვეშ ქვა ცვილივით დარბილდა და ცხოველსმყოფელი წყალი აღმოაცენა. ამ ანაბეჭდში წყალი არასოდეს ილევა, თუმცა თავყვანისმცემლები გამუდმებით იღებენ წყალს, რათა მისი საშუალებით სხვადასხვა სნეულებანი განკურნონ. ღვთისმშობელი პოჩაევოს მთაზე 1340 წელს გამოჩნდა და ქვაზე ფეხის ანაბეჭდი დატოვა. ამ დროიდან პოჩაევოს მთა ღთის მადლის სამკვიდრებელი გახდა, ხოლო უფროსადკურთხეული მარიამის ტერფის ანაბეჭდი მრავალი სასწაულის დაუშრეტელ წყაროდ იქცა.
***
1664 წელს ათონის მთის მეტრაპეზე ნილოსი შუაღამისას ანთებული კვარით შევიდასატრაპეზოში და ხმა შემოესმა “აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემ სახეს”. ნილოსმა ჩათვალა რომ ეს ძმების მიერ მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიუქცევია და ძველებურად გაივლიდა ხოლმე ხატის წინ ანთებული კვარით. გავიდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: “ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ესე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?” ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. მაშინ გაახსენდა ადრე ნათქვამი სიტყვებიც და იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე. მიხვდა, ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ნათქვამის უგულებელყოფის და დაუდევრობის გამო. ნილოსს დაბრმავების შემდეგ თვალის ტკივილები სტანჯავდა და დღედაღამ წმიდა ხატის წინაშე ლოცულობდა და მოთქვამდა. ერთხელ მას ხმა მოესმა : “ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, აცნობე ძმებს, რომ მე ვარ მათი მფარველი და მცველი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივატოვებ, ყველასთვის ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი, ჩემივე მეოხებით შეისმენს მათ ლოცვას, ასე რომ დღეიდან ჩემს ხატს “მსწრაფლშემსმენელი” ეწოდება რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ”.
ამ სასწაულებრივი ამბის შესახებ მთელმა ათონის მთამ შეიტყო. ამის შემდეგ ბერებმა ადგილს, სადაც წმიდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენლის სახელობის ტაძარი ააგეს.
***
ღვთისმშობელი იყო რუსეთის გამორჩეული წმიდანის, სერაფიმე საროველის მფარველი და მეოხი მთელი სიცოცხლის განმავლობაში: ყმაწვილობაში იგი მძიმედ დაავადდა და სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. სიზმარში ბიჭუნამ ყოვლადწმიდა დედა უფლისა იხილა, რომელიც მონახულებასა და განკურნებას დაჰპირდა მას. არ გასულა დიდი დრო მას შემდეგ და მათი ოჯახის კარმიდამოზე სამღვდელოებმა გაიარეს დიდებით სვლით, რომელთაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი მიჰქონდათ. დედამ ხელში აყვანილი ბავშვი ხატთან მიიყვანა, რომელსაც იგი ემთხვია და იმ დღიდან სწრაფად დაიწყო გამოჯამრთელება.
სასულიერო მოღვაწეობის მანძილზეც, სხვადასხვა დროს ღვთისმშობელი, პეტრე და იოანე მოციქულებთან ერთად, გამოცხადებია წმიდანს და ერთხელ სნეულებისგან აღადგინა იგი და მეორედ - ავაზაკთაგან ნაგვემი, ცემით მიღებული ჭრილობებისაგან. ხოლო მეუდაბნოებითა და განმხოლოების აღთქმის აღსრულებით, წმიდა ცხოვრების ჯილდოდ ღირსმა მამა სერაფიმემ მაღალი სულიერი სიწმიდე მოიპოვა. 1825 წლის 25 ნოემბერს, სიზმრისეულ ჩვენებაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ღირს სერაფიმეს იმ ორ მღვდელმთავართან ერთად, რომელთა ხსენებაც ამ დღეს იდღესასწაულება (წმიდა კლიმენტისთან - რომის პაპთან და წმიდა პეტრესთან, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსთან ერთად), და უბრძანა მას გამოსულიყო განმარტოებისაგან, რათა უძლური ადამიანები მიეღო, რომელნიც დარიგების, ნუგეშის, ხელმძღვანელობისა და კურნებისათვის მოვიდოდნენ მასთან. მართლაც, წმიდა სერაფიმემ შეიძინა ადამიანთა გულთამხილაობის უნარი და, როგორც სულიერი მკურნალი, ღვთისადმი აღვლენილი ლოცვითა და მადლიანი სიტყვით ანიჭებდა შვებას სულიერ და ხორციელთ სნეულთ.
***
ერთ მძიმე ცოდვილს, ცნობილს თავისი უკეთურებით, ჩვევად ჰქონდა წამდაუწუმ ღვთისმშობლისათვის მიემართა ანგელოზთამიერი მოკითხვით: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა!“ ერთხელაც ეს კაცი უდაბნოში მოხვდა და გზა დაებნა. შიმშილისა და წყურვილისაგან ერთობ გაითანგა და ბოლოს ისეთ მძიმე დღეში ჩავარდა, რომ საერთოდ გადაეწურა გადარჩენის იმედი და ფიქრობდა, წყურვილით და შიმშილით უნდა მოვკვდეო.
მაგრამ, აი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იხილა მრავალ მშვენიერ ქალწულთან ერთად, რომელთაც სხვადასხვა ნუგბარ-ნუგბარი ჭამადი მოჰქონდათ მისთვის, ოღონდ ეს ყველაფერი წაბილწულ, არაწმიდა ლანგრებზე ედოთ.
-„ჭამე!“ _ უთხრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა. მაგრამ ცოდვილმა კაცმა ვერ შეძლო ჭამა:
-„არ შემიძლია ეს ვჭამო, რადგან, მართალია, საჭმელი ძალზე კარგია, მაგრამ ლანგრები, რომლებითაც ისინი მოგიტანიათ, საძაგლობითაა წაბილწული და არაწმიდაა“.
მაშინ ყოვლადწმიდა ქალწულმა უთხრა:
-„მეც არ ძალმიძს იმ მოკითხვათა მიღება, რომელთაც შენ წამდაუწუმ აღმომივლენ, რადგან თუმცა თავისთავად იგი კარგია, მაგრამ წაბილწულ ბაგეთაგან და არაწმიდა გულისაგან მომდინარეობს, რაც უსიამოა ჩემთვის. ამიტომ წარვედ და პირველად განიწმიდე შენი სულიერი სიბილწისაგან, და მხოლოდ მაშინ განძღები ზეციური საზრდოთი“.
ამით ხილვა დასრულდა. მონანულმა ცოდვილმა კი, თავისდა სასიხარულოდ, საკუთარ სახლთან დაინახა თავი. შემდგომში მან, გულწრფელი მონანიებითა და კეთილმსახური ცხოვრებით მთლიანად გამოისყიდა უწინდელი უკეთურება.
***
მთავარეპისკოპოსი ამბერკი მოგვითხრობს შემდეგი შემთხვევის შესახებ: ბულგარეთში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევა მოხდა - ერთგან 14 წლის ყმაწვილი ბიჭი მომკვდარიყო; როცა მას წესს უგებდნენ, ანაზდად იგი წამოიმართა კუბოდან და უნუგეშო, სასოწარკვეთილი ტირილი დაიწყო. თავდაპირველად საშინლად შეძრწუნებულმა და იმავდროულად გახარებულმა ახლობლებმა დამშვიდება დაუწყეს ბიჭს და როცა ეს, დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხეს, ჰკითხეს კიდეც, რატომ ტიროდა ასე მწარედ. და ბიჭმა შემდეგი მოუთხრო მათ: „როცა მე მოვკვდი, მაშინვე იმ ადგილებში მოვხვდი, სადაც ცოდვილნი ეწამებიან. რა საშინელი სახეები ჰქონდათ მათ! მე არ შემიძლია ამის დავიწყება, ხოლო მათი ტანჯვის გადმოცემა არც ძალმიძს! ეს იმდენად შესაზარი და საშინელი იყო, რომ ამის წარმოდგენა ადამიანს არ შეუძლია! მერე სამოთხის სავანეებისაკენ წამიყვანეს, და მე ვიხილე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; ვნახე, თუ როგორ ლოცულობდა იგი ცოდვილთათვის და მთელი მსოფლიოსათვის. მისი პირისახე, გაბრწყინებული საკვირველი არაამქვეყნიური სიმშვენიერით, გატანჯული იყო მწუხარებით, ცრემლები ნაკადულებად ჩამოსდიოდა. როცა მე დამინახა, ღვთისმშობელმა მითხრა: „შენ არ დარჩები, უკან, ქვეყნად დაბრუნდები ადამიანებთან. უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით; მე უკვე ძალი აღარ შემწევს ვილოცო მათთვის, ძალ-ღონე მეცლება მათს გამო... დაე, შემიცოდონ მე!“
ამ მოვლენამ შესძრა მთელი ბულგარეთი, და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან თუკი ესე ცოდვილი ქვეყანა კიდევ არსებობს, იმით, რომ მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უფლისადმი აღვლენილი ლოცვები იცავს.
***
როგორც ცნობილია, 1941-1945 წლების სამამულო ომში მოსკოვის, პეტერბურგისა (ლენინგრადის) და ცარიცინის (სტალინგრადის) ბრძოლების შემდეგ, უდიდესი ორთაბრძოლა მოხდა კურსკთან (ე.წ. „კურსკის რკალი“), რომელშიც ორივე მხრიდან რამდენიმე მილიონი მებრძოლი და აუარება ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა გარდატეხა ომში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაშისტების განდევნა. მისი უშუალო მონაწილეების უტყუარი მოწმობით (ეს კი ასობით ადამიანია!), ბრძოლის დაწყების წინ მებრძოლებმა ცაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დაინახეს: იგი საკვირველად მბრწყინავი გამოჩნდა ღამით, ცაში, და ხელის მოძრაობით თითქოს შეტევისკენ მოუწოდებდა მათ. სახილველი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა უმრავლესობა ათეისტურად აღზრდილი და ურწმუნო იყო, მუხლებზე ემხობოდნენ და პირჯვარს ისახავდნენ. ყველა მხნეობით აღივსო დ უშიშრად შეება მტერს, რადგან ცხადი იყო, რომ ღმერთი შეეწეოდათ. კურსკის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შემობრუნება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში.
***
2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი სასწაულებმა შეძრეს
მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე (მაცხოვრის საფლავის საძმო)
2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა, საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო (გადაიცა საუდის არაბეთში, პალეტინაში და ყველა მეზობელ ქვეყანაში ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში, განთავსდა ინტერნეტში არაბულ ენაზე).
ეს არაბი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. წლები გადიოდა, მაგრამ ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. მთელს საუდის არაბეთში ბევრ ექიმს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ვაჟს მშობლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურჩევდნენ, რადგან მამაკაცს მათი კანონი ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევდა. არაბმა, ძალზე გადაღლილმა და გულგატეხილმა, ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად წასვლა გადაწყვიტა. დამასკოში მათ იქირავეს ლიმუზინი, რომლის მძღოლი გიდის მოვალეობასაც ასრულებდა. მას სთხოვეს, რომ სირიის ღირსშესანიშნაობები ეჩვენებინა. მძღოლმა ცოლ-ქმრის მოწყენილი და დარდიანი სახეები შენიშნა და ჰკითხა - მისი მომსახურებით ხომ არ იყვნენ უკმაყოფილონი. მაშინ მათ თავიანთი პრობლემის - უშვილობის შესახებ უამბეს. ამის გაგონებისას მუსულმანმა მძღოლმა უთხრა, რომ აქ, სირიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ „სეინდანაღიას“ (არაბულად ნიშნავს - ქალწულ დედოფალს) სახელობის მონასტერი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები შვილის გაჩენას ევედრებიან. მონასტერში მათ აძლევენ ფითილს ამ სასწაულმოქმედი ხატის კანდელიდან და მაშინ, ქრისტიანების „მარია“, მათივე რწმენისა და მისწრაფების შესაბამისად პასუხობს. არაბმა და მისმა ცოლმა მძღოლს „ქრისტიანების ქალწულთან“ წაყვანა მოთხოვეს და თან აღუთქვეს, რომ თუკი ნატვრა აუხდებოდათ, მძღოლს 20000 დოლარს მისცემდნენ, ხოლო მონასტერს 80000 დოლარს შესწირავდნენ.
მივიდნენ მონასტერში და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მონაზვნებმა აუხსნეს. სახლში დაბრუნების შემდეგ ქალი დაორსულდა და ლამაზი და ჯანსაღი ბიჭი გააჩინა. მაშინვე, როგორც კი მეუღლემ იმშობიარა, არაბმა აღთქმის შესრულება გადაწყვიტა და სირიელ მძღოლს დაურეკა, რათა მას დამასკოს აეროპორტში დახვედროდა და მონასტერში წაეყვანა. მძღოლმა, შეტყობინებისთანავე, ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და თავის ორ თანამზრახველთან ერთად არაბის მოკვლა და გაძარცვა გადაწყვიტა, რადგანაც იცოდა, რომ მას მონასტრისთვის განკუთვნილი 80000 დოლარიც თან ექნებოდა. მართლაც ასე მოხდა. არაბს აეროპორტში დახვდნენ, მონასტრის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს: მოკვეთეს თავი, ხელები, ფეხები და მანქანის საბარგულში ჩააწყვეს, სხვა უკაცრიელ ადგილზე რომ დაემარხათ. გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე, მაგრამ უეცრად ლიმუზინის ძრავა ჩაქრა და ისინიც მანქანიდან გადმოვიდნენ. ერთმა გამვლელმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, რომ მათთვის დახმარება გაეწია, მაგრამ ბოროტმოქმედებმა, იმის შიშით, რომ დანაშაული არ გამჟღავნებულიყო, ანიშნეს, რომ დახმარებას არ საჭიროებდნენ. თუმცა მძღოლმა საბარგულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთები შეამჩნია და პოლიციას აუწყა. პოლიციაც თითქმის ხუთ წუთში ადგილზე გაჩნდა და ბოროტმოქმედებს საბარგულის გახსნა მოთხოვა. აკანკალებულმა მძღოლმა ახადა საბარგული და იქიდან სრულიად საღსალამათი არაბი გადმოვიდა. მანქანის საბარგული სისხლით იყო სავსე. ხოლო არაბს კისერზე და კიდურებზე ნაკერების კვალი ემჩნეოდა. გადმოსვლისთანავე არაბმა ყველას აჩვენა ნაჭრილობევის კვალი კისერზე და უთხრა: „...ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია - სხეულის ნაწილები მიმიკერა“. ლიმუზინის მძღოლს და მის თანამზრახველებს ენა მუცელში ჩაუვარდათ, თვალებს არ უჯერებდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ და ყვიროდნენ: „...ჩვენ მოგკალით, ჩვენ აგკუწეთ, თავი მოგაჭერით და ეს შენა ხარ? შენ ადამიანი არა ხარ?“. პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანა. თავად არაბი კი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა და მეცნიერებმა წერილობით დაადასტურეს ეს ბრწყინვალე სასწაული. თვალნათლივ ჩანდა ძაფისა და გაკერვის კვალი. არაბი საქვეყნოდ, საინფორმაციო საშუალებებში აღიარებდა: რომ „ყოვლადწმიდამ გამიკერა სხეული და აღმადგინა მისი ძის ძალით“, თან აღნიშნავდა, რომ მართლმადიდებლურად მონათვლის დიდი სურვილი აქვს.
ამ სასწაულის შესახებ სირიის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას ხალხში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.
მკვდრეთით აღდგენილმა არაბმა ტელეფონით შეატყობინა თავის მეგობრებსა და ნათესავებს, რათა სირიაში ჩასულიყვნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოეხატათ. მართლაც, ყველანი ჩავიდნენ და არაბმა მადლიერების ნიშნად მონასტერს არა 80000, არამედ 800000 დოლარი შესწირა. დღეს იგი თავად უყვება ყველას ამ სასწაულის შესახებ და თხრობას ასე იწყებს: „...როდესაც მე მუსულმანი ვიყავი, ეს ამბავი შემემთხვა და მას შემდეგ არც მე და არც ჩემი ოჯახი მუსულმანები აღარა ვართ...“
ამ ფაქტმა არა მხოლოდ არაბეთის მუსულმანური ქვეყნები, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი შეძრა და ხალხის მღელვარება და გაოცება გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მუსულმანი რელიგიური ლიდერები ამ სასწაულის უარყოფასა და დაკნინებას შეეცადნენ, რათა მარადცოცხალი იესო ქრისტეს ეკლესიაში მუსულმანების მასობრივი გადასვლა თავიდან აეცილებინათ.
ნანახია: (3210)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას