logo.png

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში. მისი დედ-მამა იყვნენ დარია და იოსებ ჩოლოყაშვილები. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. გიმნაზია არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და წარმოადგენდა ქართული ეროვნული განათლების სისტემის უმთავრეს კერას და გამოირჩეოდა ეროვნული სულისკვეთებით. იმ პერიოდში გიმნაზიის დირექტორად მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილი. 1907 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზია.
ორი წლის შემდეგ, 1909 წელს, ოცდაერთი წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსეთის არმიაში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, რომელიც ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკავალერიო შენაერთად. ჯარში მსახურობისას მიიღო ოფიცრის ჩინი, მიენიჭა პორუჩიკის სამხედრო წოდება. 1912 წელს ქაქუცა დაბრუნდა სამშობლოში. 1913 წელს ქაქუცამ ცოლად შეირთო ნინო ილიას ასული მეღვინეთუხუცესი, ვისგანაც ორი ასული – თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინა.
ქაქუცას ქორწილს მოგვიანებით ასე იგონებდა ნინო მეღვინეთუხუცესის ბიძაშვილი, 1921-1924 წლებში ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილის და 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი თავადის დიმიტრი (ავალო) ავალიშვილის ასული, ქ-ნი ნინო ავალიშვილი: “გაისმა ზურნადუდუკის ხმა, სიმღერა. ყველა მხიარულობდა. ცოტა ხანში ქაქუცამაც, თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა, თეთრი ცხენი შემოაჭენა თავის ძმებთან ერთად. ისე შემოაჭენეს ცხენები, რომ მე შემეშინდა და ტირილი დავიწყე. ჩვენი ნათესავი ბიჭი სულხან სულხანიშვილი ჩემი ტოლი იყო და მამშვიდებდა – ნუ ტირი, შენი ქორწილიც ასე იქნებაო. გაჩაღდა ცეკვა-თამაში. გადმოვიდა ქაქუცა, გაშალა ხელები და დაიწყო ცეკვა… გადაიყვანა ნინო საცეკვაოდ, თეთრ ქათქათა კაბაში გამოწყობილი, მორცხვად თვალებდახრილი, მშვენიერი, ლამაზი. თავს ქორივით დასტრიალებდა მკლავებგაშლილი ქაქუცა… ამ ქორწილის გარდა სხვა მრავალი ქორწილის მომსწრე ვარ, მაგრამ ასეთი სხვა არ მახსოვს”.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახი, მატანი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახი, მატანი

1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს. თავდაპირველად იგი გაწვეულ იქნა ასეულის მეთაურად ავსტრიის ფრონტზე, ერთ-ერთ საკავალერიო შენაერთში. ომში, სადაც 1917 წლის დამლევამდე დაჰყო, ქაიხოსრომ გამოავლინა სიმამაცე და საბრძოლო ნიჭიერება. ალექსანდრე სულხანიშვილი იგონებს: “ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დინჯი, დარბაისელი და უაღრესად კეთილი გულის პატრონი. ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობი ადამიანიც კი მიაქცევდა მის ყურადღებას. ის ძალიან უყვარდა ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო დაბადებული” (ალ. სულხანიშვილი, ჩემი მოგონებანი, სან-ფრანცისკო, 1981, გვ. 196).

ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით.
ავსტრიის ფრონტზე, 1914 წლის ოქტომბერში ქაქუცა დაიჭრა და გადაყვანილ იქნა კავკასიის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა საკავალერიო ასეულს. ამ დროს დაიწყო ოსმალთა ჯარის იერიში სარიყამიშთან სამხედრო მინისტრის ენვერ-ფაშას სარდლობით. სარიყამიშის აღების შემდეგ თურქებს დაგეგმილი ჰქონდათ ბათუმის აღება. სარიყამიშთან ბრძოლები 1914 წლის დეკემბერში გაიმართა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შენაერთი ირიცხებოდა გენერალ ვასილ გაბაშვილის კორპუსში. ჩოლოყაშვილის საკავალერიო ასეულს დაევალა სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მქონე სიმაღლის – “არწივის ბუდის” აღება და დაცვა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, ოსმალები უკუაგდო და დაიბრუნა სტრატეგიული მნიშვნელობის მთა “არწივის ბუდე”. მცირე ხნის შემდეგ თურქებმა ისევ განაახლეს იერიშები “არწივის ბუდის” დასაბრუნებლად. საბრძოლო ოპერაციისას ქაქუცა ფეხში დაიჭრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისევ განაგრძობდა ბრძოლას. ქაქუცა ისევ დაიჭრა, ამჯერად მკერდში. მიუხედავად ამისა, მისმა ასეულმა შეძლო “არწივის ბუდის” შენარჩუნება. თურქები უკუიქცნენ. გამოჩენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოებულ იქნა მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით, – ოქროს სახელობითი ხმლით.
ფრანგი პუბლიცისტი რემონ დიუგე თავის წიგნში “მოსკოვი და წამებული საქართველო” წერს: “თურქებისათვის სავალალოდ დამთავრებულ სარიყამიშის ბრძოლაში (დაახლოებით 20 000 თურქი დაიღუპა და გაიყინა ამ მაღალმთიან რეგიონში) ჩოლოყაშვილი დაიჭრა. მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია და ის სტრატეგიული პუნქტიც აიღო, რომლის ფლობა განსაზღვრავდა სამხედრო ოპერაციების შემდგომ ბედს. დაჭრილ ჩოლოყაშვილს ბრძოლის ველი არ მიუტოვებია, თუმცა უბრძანეს ჭრილობის შესახვევად საველე ჰოსპიტალში წასულიყო. მეორედ დაჭრილი, სარიყამიშში გამოიძახეს. ლაზარეთში დაწოლა უბრძანეს.
მეთაურს კი უპასუხა “მოვდივარ”-ო, მაგრამ ისევ რაზმთან დარჩა. მესამედ დაჭრილს გული შეუწუხდა. მაშინ კი იძულებული გახდა სამედიცინო დახმარებისათვის მიემართა”.
1915 წლის დამდეგს მძიმედ დაჭრილი ჩოლოყაშვილი მოათავსეს თბილისის წმ. ნინოს საავადმყოფოში. განკურნების შემდეგ ქაქუცა შედის გენერალ ნ. ბარათაშვილის მიერ ახლად დაარსებულ ქართულ ცხენოსანთა ლეგიონში ათასეულის მეთაურად. 1915 წელსვე ლეგიონი გაიგზავნა სპარსეთის ფრონტზე, სადაც ჩოლოყაშვილის ათასეულმა შეასრულა ბრწყინვალე რეიდი მესოპოტამიის უდაბნოში და 1916 წელს შეუერთდა ბრიტანეთის არმიას. ამ ოპერაციის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მეორე ჯვრით. მცირე ხნის შემდეგ მას მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში იწყებს სამსახურს და თავის გამოცდილებას ახმარს ქართული ჯარის მშენებლობას, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს იმ დროს წარმოებულ ბრძოლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ ქაქუცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა, მისთვის მთავარი იყო საქართველოს სამსახურში ყოფნა.

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი კვინიტაძე; Kakutsa Cholokashvili (right) and Gen. Giorgi Kvinitadze (left)

1921 წლის 25 თებერვალს ორჯონიკიძისა და საქართველოში რუსეთის ელჩის კიროვის ხელმძღვანელობით მე-11 წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა, რათა ,,წაღმა-უკუღმა გადაეხსნა საქართველო”. დაიწყო ტერორი ქართული ინტელიგენციის წინააღმდეგ.

1921 წლის 24 თებერვალს მენშევიკურმა მთავრობამ თბილისი დატოვა და ბათუმისკენ გაიქცა, ხოლო 17 მარტს საქართველო დატოვა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლია დევნილ მთავრობას და საქართველოში დარჩა. ამ დროს ქაქუცა გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იქნა მივლინებული რუსეთის ჯარის საწინააღმდეგო ცხენოსანი ნაწილის ჩამოსაყალიბებლად.
დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა ქაქუცა იწყებს ქართველი ერის განმათავისუფლებელ მოძრაობას. მენშევუკური მთავრობის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში ბრუნდება, სადაც ხვდება არტირელიის გენერალს კონსტანტინე (კოტე) აბხაზს, ილია ჭავჭავაძის უფროსი დის – ნინოს ვაჟიშვილს, საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) მეთაურს. ქაქუცა კოტე აბხაზთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსალოდნელი ბრძოლების თაობაზე.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი კახეთში გადადის და ქმნის ექვსკაციან ჯგუფს – “საქართველოს შეფიცულებს”. ჯგუფში შედიოდნენ: მიხა ბალიაშვილი, ვასო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშვილი, ს. ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა. ჯგუფს ორგანიზაცია უნდა გაეკეთებინა პარტიზანული ბრძოლის დაწყებისათვის. კახეთის გარდა ჩოლოყაშვილი სანდო პირებს გზავნის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში (დუშეთსა და გორის მაზრებში) და ქმნის ფარულ ორგანიზაციებს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეფიცულთა რაზმში

ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეფიცულთა რაზმში

1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ,,საქართველოს შეფიცულების” რაზმით ქიზიყიდან ალვანის ტყეში გავიდა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ექვსკაციან ჯგუფს სხვადასხვა დროს შეემატნენ: ალექსანდრე სულხანიშვილი, სვიმონ (სიკო) ჩოლოყაშვილი (ქაქუცას ძმა, რომელიც მალე დაიღუპა), რაფიელ ერისთავი, ელიზბარ ვაჩნაძე, ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ მაყაშვილი, ალექსანდრე კარგარეთელი, სერგო მაისურაძე, დიმიტრი ჭინჭარაული, მიხა ხელაშვილი, ალექსანდრე ბადურაშვილი, ილია ქარუმიძე, ალექსანდრე ცხვედაძე, გოლა პავლიაშვილი, მერაბ ჯორჯაძე, შალვა ნებიერიძე, მიშა ლაშქარაშვილი, ალექსი ფეიქრიშვილი, შალვა და ლევან ჯავრიშვილები და სხვები… რაზმის წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.

ნანახია: (550)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას