logo.png

რას ამბობდა ვაჟა-ფშაველა მღვდლებზე, რუსეთსა და ადამიანის უფლებებზე

ვაჟა-ფშაველა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ავტორია, რომელსაც ქვეყანაში არა მხოლოდ მოთხრობებითა და პოემებით თუ ლექსებით, არამედ პუბლიცისტური წერილებითაც იცნობენ. თუმცა, მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებშიც არაერთი ისეთი მონაკვეთია, რომელიც კარგად გადმოსცემს თავის თანამედროვეობას, თუმცა დღემდე აქტუალურია. მწერლის ნათქვამის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას აზრი ზოგიერთ საკითხთან მიმართებით დღესავით ნათელია.

მაგალითად...

ეროვნულ თვითგამორკვევაზე:

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

"განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე".

— კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, 1905 წელი.

რუსეთზე:

ვაჟა-ფშაველა და დავით კლდიაშვილი.

ფოტო: დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"ეს მეზობელი ერი ხომ დიდი ხანია, რაც ჩვენი მეზობელია და ჩვენ იმისი. ხოლო მეზობლობის წესს რომელიც დაარღვევს, იმას კი განსამართლება, განსჯა უნდა და არა ყვირილი: "მეზობლები ვართ, მეზობლებიო!" ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა, ხუმრობა საქმე არ არის, მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!.. ამგვარი აზრების ქადაგებას არა უშავდა რა კიდევ, რომ ისეთის სხივით არა ჰმოსავდენ, თითქოს ქვეყნის წყლულთა წამალი მხოლოდ ეს არის და სხვა არარა, რომ მთელი ქვეყნის ფიქრს არ აშორებდენ უმთავრესი აზრიდამ, საგნიდამ და არ აცდენდენ ამ ასკუპდი-გადასკუპდის ცქერაში. ამ ვაჟბატონებმა ჯერ ის უნდა იცოდენ, რომ ერი შაერთებულად გენიოსია, იმას შაიძლება გარკვევით არ ესმოდეს თავისი მდგომარეობა, მაგრამ უეჭველია, რომ გრძნობს კი".

— ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა

"მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა [...] გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა..."

— სადღეისო წერილი მეგობართან

სასულიერო პირებსა და ეკლესიაზე:

ვაჟა-ფშაველა თავისი სახლის წინ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / ეროვნული ფოტომატიანე

"მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს… ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგეზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ?"

"თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს…"

"გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა".

— მღვდლების ვინაობა, 1906 წელი

დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა.ეს სატკივარი ჟამთა ვითარების ნაყოფია. დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში.

— ეპისკოპოს ანტონის აზრი ფშავ-ხევსურთა სარწმუნოებაზე, 1914 წელი

თავისუფლებასა და მისით მონიჭებულ პასუხისმგებლობაზე

ფოტო: ლევან თაქთაქიშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

"მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის".

— რა არის თავისუფლება?

გენდერულ თანასწორობასა და ტოლერანტობაზე

ვაჟა-ფშაველა და თავისი ოჯახი.

ფოტო: ლიტერატურის მუზეუმი / ეროვნული ფოტომატიანე

"მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით".

ნანახია: (350)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას