logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

საპატრიარქოს გაძარცვა 1972 წლის აპრილში და შემდგომი მოვლენები

"1972 წლის 7 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის გარდაცვალების დღეებში გაიძარცვა საპატრიარქო ეფრემ მეორის გარემოცვის მიერ. ამაზე ბევრი წერია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას არალეგალურ გამოცემა "საქართველოს მოამბე"-ში (N 1, 1976). სადაც მოყვანილია საპატრიარქოსთან დაახლოებული ერთი-ორი პირის ჩვენებანი, რომ "უდიდესი ეროვნული საეკლესიო განძეული დაიკარგა". ნაძარცვის ასეთი შეფასება არის გაზვიადება, რადგან საქართველოს საპატრიარქოს და მართლმადიდებელ ეკლესიას საბჭოთა ხელისუფლებამ თითქმის ყველაფერი ღირებული ჩამოართვა 1920-30-იან წლებში, ნაწილი მუზეუმებს გადასცა, ნაწილი შედარებით არასამუზეუმო, მაგრამ ფასეული ნივთები, დაიტაცეს. 1952 წელს აშენებულ სიონის საპატრიარქო პატარა სახლში აღარაფერი ეროვნული საგანძური არ ინახებოდა გარდა: ანტონ პირველის ჯვარ-პანაღიების, ზურმუხტის თვლებიანი საკათოლიკოსო ბარტყულის (ანტონ პირველის ლალის თვლებიანი საკათალიკოსო ბარტყულა 1950-იან წლებში დაიკარგა მელქისედეკ მესამის დაუდევრობით), ანტონ პირველისავე ვერცხლის სალიტურგიო კვერთხის და მოოქროვილი ვერცხლის საკათოლიკოსო მიტრისა (მე-18 ს.). ასევე ინახებოდა წმ. შიო მღვიმელის ძვლები (წმინდა ნაწილები) შიომღვიმის მონასტრის გაუქმების გამო ეფრემ მეორის მიერ საპატრიარქო რეზიდენციაში გადატანილი 1960-იან წწ. ეს ყველაფერი არ დაკარგულა 1972 წელს, თუ ვინმეს ეროვნული და სამუზეუმო ფასეულობის ქურდობა უნდოდა, ეს ჩამოთვლილი ოქრო-ვერცხლის ნივთები უნდა დაეტაცებინა პირველ რიგში, მაგრამ არაფერი მაგდაგვარი.

თუმცა ზოგადად, მატერიალური ქონება (ძვირფასი ჯვარ-ხატები, წიგნები, ჭურჭელი და სხვა) ბუნებრივია იყო საპატრიარქო სახლში და ის ნამდვილად დაიტაცეს, პირველ რიგში ეფრემ მეორის დედმამიშვილთა ოჯახებმა, რომელთაც დიდი დაჭმა მოუვიდათ ერთმანეთთან ეფრემის პირადი ნივთების განაწილების დროს და სამღვდელოება ძლივს აშველებდა მათ. ასეთ პირობებში საფიქრებელია ახლად გაეპისკოპოსებულ-გაქორეპისკოპოსებულმა ღარიბ-ღატაკმა და თბილისში სახლის არ მქონე 27 წლის გაიოზ კერატიშვილმაც ნამდვილად მოითბო ხელი, რაშიც ბრალს სდებდა მას ზვიადი და მერაბი და ბევრი სხვაც, რადგან ეპისკოპოს გაიოზს, როგორც ქორეპისკოპოსს, პირდაპირ ევალებოდა საპატრიარქოს ქონების მოვლა-პატრონობა. ის წაიღებდა ასევე წიგნებს, რომელნიც ასე უყვარდა მას და საარაკოდ დიდი ბიბლიოფილი გახდა ეპისკოპოსობის 6 წლის მანძილზე (1972-1978). შემდგომში, კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე (დევდარიანი) აცხადებდა ახლობელთან: რომ ჩავიბარე საპატრიარქო სახლი და გადმოვედი ქაშვეთიდან სიონში საცხოვრებლად, ჭიქაც არ დამხვდა რომ წყალი დაემელია, ქაშვეთიდან წამოვიღეო. ასე რომ, ნამდვილად გაიძარცვა საპატრიარქო 1972 წლის აპრილში.

შეგახსენებთ, რომ 1923-1990 წლებში სანაპიროზე არსებული საპატრიარქო (ყოფ. საეგზარქოსო) სასახლე მთელი თავისი ავეჯით ჩამორთმეული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ და კათოლიკოს-პატრიარქები სიონის ეზოში ცხოვრობდნენ პატარა სახლში. სხვათაშორის, 1978 წლის აპრილში სიონის საპატრიარქო რეზიდენციის დიდი ხანძრისას, ზემონახსენები ანტონ კათოლიკოსის ვერცხლის კვერთხი და წმ. შიო მღვიმელის ძვლების დიდი ნაწილი დაიწვა, დანარჩენი კი გადარჩა. დაიწვა ასევე მე-18 საუკუნის წმ. ნინოს ფერწერული ხატი ვერცხლის არშიით, გადატანილი საგარეჯოს ნინოწმინდის ნამონასტრალიდან საპატრიარქოში მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის მიერ 1970-იან წლებში.

ისიც აღსანიშნავია რომ თუ 1972 წელს გაღლეტილი საპატრიარქო გადაიბარა ახალმა პატრიარქმა დავით მეხუთემ, მან 1977 წლის ნოემბერში სავსე და მდიდარი საპატრიარქო გადააბარა მემკვიდრეს, პირველ რიგში შემნახველ სალაროში საპატრიარქოს ანგარიშზე საეკლესიო შემოსავლებიდან (უპირველესად წმ. სანთლის და საეკლესიო კალენდრის გაყიდვიდან) დაგროვილი 5 მილიონი რუბლის სახით, რომელიც შიოლაშვილმა 5 წელში გააქრო (შეჭამა)."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (261)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას