logo.png

Vladi Narsia

საქართველოს პატრიარქის სახელით გამოქვეყნებული ეპისტოლეების წაკითხვა დიდი ხანია აღარ ღირს, რადგან რეალური ავტორ(ებ)ი გვემალებიან “წმინდანის“ სახელის უკვან. ასეთი ეპისტოლეები საპატრიარქოს პროპაგანდისა და იდეოლოგიზაციის ინსტრუმენტებია და არა სამოძღვრო წუხილის გამომხატველი სიტყვა. 2023 ეპისტოლეც არ ღალატობს ამ ტრადიცას. რამდენიმე ნაწილისაგან შედგენილი ეს ტექსტი, როგორც იტყვიან ერთი მესიჯბოქსით არის ნაკარნახევი და მისი მიზანი პროპაგანდა და იდეოლოგიზაციაა. 

ეპისტოლეს პირველი ნაწილი ერთი შეხედვით ზოგადი ხასიათისაა, თუმცა მთავრდება საინტერესო სიტყვებით: „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“ ვინ არის, ან ვინ არ არის უფლის მორწმუნე, ამის შესახებ ეპისტოლეს ბოლო ნაწილი გვპასუხობს. 

მეორე ნაწილი დოგმატურ-კონსტიტუციური ხასიათისაა. ეპისტოლესთვის შეუფერებელი ამ მძიმე დოქტრინალური ლექსიკიდან ბევრს ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ ერთი რამ კი ფრიად კეთილად სთქუა ავტორმა : “... ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის.“  სჩანს ძვირფასმა დოგმატიკოსმა არაფერი იცის ეკლესიის იერარქიის მიმართ წაყენებულ უმძიმეს ბრალდებებზე და არც კრებსების შესახებ გაუგია, თორემ რა ნამუსით უნდა მოუწოდო მრევლს სულის და სხეულის სიწმინდის დაცვისკენ, როცა „კრებსების იერარქია“ გახრწნილ-განრღვეულია და ამაზე არაფერ ამბობ?!

მესამე ნაწილი მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობის ისტორიულ ჭიდილს ეხმიანება და მწუხარებით გვაუწყებს - რომ არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების არნახული პროგრესი ვინძლო ქართულ რელიგიას სასმისით ხელში ისევ ემტკიცებინა - მეორედ მოსვლა ყაზბეგში, წყალათხიდთან მოხდებაო. მაგ სასმისი კი დავლიეთ, მაგრამ ბოლოს „სწავლის კენწერო გატკბილდა“ და არ დავრჩით უგუნურებაში. გაუმარჯოს მეცნიერებას! 

მეოთხე ნაწილი პროპაგანდისტული ხასიათისაა და განმარტავს თავისუფლებას როგორც ზნეობრივი პრომატის ქვემდებარე აქტს. ზნეობა აქაც ჩვენისთანა მდაბიოებებისთვის არის ნახსენები, თორემ იერარქია ამისგან დიდი ხანია განთავისუფლებულია. აი, მაგალითად, ეპისტოლეს უცნობი ავტორი წუხს: „აგრესიული მეტყველება მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს“. მეუფე იაკობის მეტყველება?  მეუფე სტეფანესი? მეუფე სპირიდონის? და სხვა ზეპურ სამღვდელოთა? 

მეხუთე ნაწილი, ბოდიში მომითხოვია და, მთლად სუსის თუარა, ნახევრად სუსის და ნახევრად ქოც-ბოტ-ინტელექტის შეკვეთილი მგონია ????) .  აქ, ქრისტიანული სათნოების პრინციპი - მშვიდობა, ისეთ ბინძურ შიშებშია გამომწყვდეული, რომ სათნოებად საერთოდ აღარ გამოიყურება, თითქოს ზემოთ ნათქვამ თავისუფლებასა და მშვიდობას შორის კავშირი არც არსებობდეს. უცნობი ავტორი უკრაინის მაგალითზე გვეუბნება, რომ თუ მშვიდობას ხელს არ უწყობთ, იცოდეთ „უფლის მორწმუნე“ არ ხართ და ღვთის საქმეს არ აკეთებთო. „საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა-ო“. ანუ, ისტორიულად და დღესაც ჩვენი მტერი ის არის ვინც მშვიდობას გვინგრევს, ან ფარული მოწოდებებით ჩვენს მშვიდობას ემუქრებაო. (ვის უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?). 

მავნე უცნობო, „ვიფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი“ - თავისუფლებასთან ერთად. თქვენ კი ეპისტოლეების წერა გესწავლოთ!”

ნანახია: (541)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას