logo.png

სატანისტური რიტუალი თუ ძველი უკრაინული სიმღერა ცისა და მიწის გაჩენის შესახებ?

მასალას ავრცელებს "მითების დეტექტორი"

ანი ქისტაური

22 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა ნინი ხუნდაძეფანტინა (23), ნოზაძე მიშკა,  უკრაინის ერთ-ერთ ტაძარში გადაღებული ვიდეო გაავრცელეს. პოსტის ავტორები ვიდეოს თანმხლებ აღწერაში ამტკიცებენ, რომ ვიდეოში უკრაინელების მიერ კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარებული სატანისტური რიტუალია წარმოდგენილი. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ ტაძარში მყოფი პირები უკრაინული სიმღერის თანხლებით წრიულად მოძრაობენ.

გავრცელებული პოსტების მცდარ აღწერას შეიცავს. ვიდეო არა კიევ-პეჩორის ლავრაში, არამედ ლვივის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარშია გადაღებული და ძველ უკრაინულ, მრავალხმიან სიმღერას ასახავს, რომელსაც სატანისტურ რიტუალთან კავშირი არ აქვს. საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით “Коло Раю” 13 იანვარს ლვივში გაიმართა, შემოსული თანხა კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას მოხმარდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ტაძრის დეტალები, საკურთხეველი,  კამარა, პილასტრები და კაპიტელები ჩანს, როემლთა საშუალებითაც იმ კონკრეტული ტაძრის პოვნა გახდა შესაძლებელი, რომელშიც ვიდეო არის გადაღებული. ეკლესია, რომელსაც სატანისტური რიტალის განხორციელებას მიაწერენ, არა კიავ-პეჩორის ლავრა, არამედ ლვივის წმინდა პეტრასა და პავლეს გარნიზონული ტაძარია, რომელიც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში იმყოფება.
 

კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

ლვივის წმინდა პეტრასა და პავლეს გარნიზონული ტაძარის კამარა

 

კადრი ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოდან.

კადრი იუთუბზე ატვირთული ვიდეოდან, რომელიც ღონისძიებას “Коло Раю” ასახავს.


წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს ტაძარი  ლვივში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიურ ნაგებობაა და ბაროკოს არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ ძეგლს წარმოადგენს.  შენობაზე 1610-1630 წლებში იტალიელი იეზუიტი არქიტექტორები  ჯაკომო ბაროზი, ჯაკომო დელა პორტამ  და ჯაკომო ბრიანო მუშაობდნენ.  ტაძარი 2010 წლიდან ლვივის საკრებულოს გადაწყვეტილებით უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებში გადავიდა. ისტორიის გარკვეულ პერიოდში ეკლესია გარნიზონული ტაძრის ფუნქციას ასრულებდა, ამჟამად კი მასში ლვივის მთავარეპისკოპოსის სამხედრო სამლოცველო ცენტრის კაპელანები მსახურობენ. 

 რას ასახავს ვიდეო?

2023 წლის 13 იანვარს, ლვივში წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში, შობისა და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული “კოლიადა” სახელწოდებით  “Коло Раю” გაიმართა. 

პროექტის მიზანს იმის ჩვენება წარმოადგენდა, თუ როგორ არის უკრაინული შობა სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა რეგიონისა და ხალხის გაერთიანების საერთო სულიერი საფუძველი. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ ბავშვები და მოზარდები – როგორც ქალაქ ლვივიდან, ასევე მთელი უკრაინიდან (მათ შორის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან); სამხედრო მოსამსახურეების, ემიგრანტებისა და მოხალისეების ოჯახები; პროფესიონალი საოპერო მომღერლები და მოყვარულები, რომლებსაც უბრალოდ უყვართ უკრაინული ხალხური სიმღერები. ღონისძიების აღწერის თანახმად, Коло Раю მხატვრულ-სასიმღერო პროექტია, რომელმაც  ავთენტური უკრაინული სიმღერებისა და უძველესი სულიერი გალობის მკვლევარის, ულიანა გორბაჩევსკაიას, ხელმძღვანელობით მთელი უკრაინა გააერთიანა.  საშობაო კონცერტი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას მოხმარდა.

ფეისბუკზე გავრცელებულ ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ «Коло Раю» არის ტრადიციული, უძველესი სიმღერა, რომელიც წარსულის, აწმყოსა და მომავლის აღორძინების სიმბოლოა. “ჩვენ შევძლებთ მოვისმინოთ უძველესი სიმღერები, რომლებსაც 1000 წელზე მეტი ისტორია აქვს. «Коло Раю» ერთგვარი ლოცვაა, რადგან გულწრფელი, მრავალხმიანი სიმღერა ყოველთვის ღმერთთან ურთიერთობის ტოლფასია.”

ვიდეოში  ძველი უკრაინული სიმღერა “Ой як же було ізпрежди віка”- (ოი, როგორ იყო საუკუნის წინ) ისმის, რომელიც 1994 წელს  ეთნომუსიკოსმა ჰანა კოროპნიჩენკომ კიევის ოლქის მაკარივის რაიონის სოფელ გრუზკეში ჩაიწერა. ამ სიმღერის ავთენტური შესრულების ჩანაწერები ალბომებში: “Ой як же це було ізпрежди віка…” და “Коровай” მოხვდა. სიმღერის ყველაზე ცნობილი არანჟირება კომპოზიტორმა კონსტანტინ მელაძემ მიუზიკლისთვის “Вечера на хуторе близ Диканьки” შეასრულა. 

სიმღერაში მოთხრობილია იმ უხსოვარ დროზე, როცა სამყაროში არსებობდა მხოლოდ ლურჯი ზღვა, ცისა და მიწის გარეშე. წმინდანები პეტრე და პავლე ზღვაში ანთებული ცეცხლის გარშემო ისხდნენ.  პავლე ეუბნება პეტრეს, რომ წავიდეს ზღვის ფსკერზე, მოაგროვოს ყვითელი ქვიშა და დათესოს მთელ სამყაროში, რათა დაიბადოს მიწა და ცა. “ცა ვარსკვლავებით, მიწა ყვავილებით”

ლვივის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში გადაღებული ვიდეო მასალა  იუთუბის სხვა მომხმარებლებმაც(1,2)  გაავრცელეს, სადაც როგორც სიმღერის სახელი, ასევე გადაღების ადგილი არის მითითებული.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სხვადასხვა ტაძარში ჩატარებული ღონისძიების შესახებ ვიდეომანიპულაციები 2022 წლის იანვარშიც ვრცელდებოდა. ფეისბუკ-მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელები ეკლესიებიდან “რუსი მღვდლების გაყრის” შემდეგ ქრისტიანული ტრადიციებისა და სულიერების საწინააღმდეგოდ იქცევიან. რეალურად, უკრაინის ტაძრებში გადაღებული წარმოდგენები თემატიკით უკრაინულ საშობაო-საახალწლო ტრადიციებთან არის დაკავშირებული. უფრო ვრცლად  გავრცელებული ვიდეომანიპულაციებისა და შობა-ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ წაიკითხეთ  “მითების დეტექტორის” მასალაში:

წყაროების შესახებ

ფეისბუკ ანგარიშს ფანტი ნა და მის სხვა ანგარიშებს (123) სხვადასხვა თემაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ფანტინა ერთ-ერთი იყო იმ ანტივაქსერულ ანგარიშებს შორის, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონსპირაციების თეორიებისა და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს.

ფეისბუკ ანგარიში Нини Хундадзе “კონსერვატიული მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის, ალტ-ინფოს მხარდამჭერია. ანგარიში ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ამართლებს. ნინი ხუნდაძეს მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

ფეისბუკ ანგარიში Nozadze Mishka ფეისბუკ ჯგუფის არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მას მანიპულაციური ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ნანახია: (419)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას