logo.png

Gelasi Aroshvili

 

"ჯუნიორი ჟურნალისტების და საპატრიარქოს საომარ ბატალიებზე, რომლებიც როგორც წესი ბავშვების ცემა-ტყეპით და დედის გინებით მთავრდება ხოლმე, ერთი ძველი ამბავი გამახსენდა, რომელიც ვფიქრობ მეტ-ნაკლებად გასაგებს გახდის სასულიერო პირთა ასეთ არაადექვატურ რეაქციებს.

80-იანების ბოლოს, მახსოვს სემინარიაში, რომელიც მაშინ მცხეთაში იყო, სამთავროს მონასტერში, ერთხელაც თბილისიდან დაბრუნებულმა აღელვებულმა რექტორმა გვითხრა, - საღამოს პატრიარქის ინტერვიუ იქნება რადიოშიო. ეს იყო პირველი საჯარო რადიო-ინტერვიუ, ამიტომაც მთელი საპატრიარქო ძალიან ღელავდა, როგორ მიიღებდა კომუნისტური მთავრობა, კ.გ.ბ., წითელი ინტელიგენცია, რას იტყოდნენ კრემლში და ა.შ. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ აქ უნდა გაჟღერებულიყო ისტორიული ძეგლების, ძველი ეკლესია-მონასტრების, საპატრიარქოსთვის გადაცემის მოკრძალებული თხოვნა. სატრაპეზოში შეგვკრიბეს და ყველამ მოვუსმინეთ ინტერვიუს. პარტიისა და მთავრობის გულისხმიერების და მორწმუნეთა მიმართ მათი დაუღალავი ზრუნვის დოქსოლოგიით გაჟღენთილი უღიმღამო, კონფორმისტული ინტერვიუ, უძრავი ქონების საკმაოდ თამამი თხოვნით დასრულდა. კომ.პარტიის ცეკას რეაქცია პოზიტიური აღმოჩნნდა და ნელ-ნელა დაიწყო საპატრიარქოსთვის ძველი ტაძრების და მონასტრების გადაცემა. დროთა განმავლობაში, ბუნებრივია საპატრიარქოს მადა გაეზარდა და მიმდებარე ტყეების, სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების, ტბების და ა.შ. მოთხოვნა დაიწყო. კონკორდატის მიღებით ეს პროცესი იურიდიულად დაკანონდა. თუ შევარდნაძის დროს ეს პრიხვატიზაცია მაინდამაინც თვალში საცემი არ იყო, მიშას დროს ამ ყველაფერმა, მანამდე არ ნახული ტემპები და მაშტაბები შეიძინა. მოკლედ დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება საპატრიარქოს ხელში აღმოჩნდა. ასე და ამრიგად ჩამოყალიბდა პრივილიგირებული ფეოდალურ-ბრაჰმანული კასტა საპატრიარქოს სამღვდელოების სახით. ჰოდა უნახავმა რა ნახაო და კომუნისტების დროიდან დაშინებული და დაკომპლექსებული იერარქია, რომლისთვისაც ცნობადი სახეები, მსახიობები, რეჟისორები, წითელი აკადემიკოსები, მწერალთა კავშირის წევრები, რაიკომის მდივნები და პროკურორები ლამის ზეადამიანები იყვნენ, თავად აღმოჩნდა ფავორში. შესაბამისად ამუშავდა ფსიქოლოგიური ფაქტორი, მათ ხელში აღმოჩნდა ის ძალაუფლება და სიმდიდრე რაზეც ვერც იოცნებებდნენ, და რეაქციამაც არ დააყოვნა, აუსრულებელი კომპლექსების რეალიზაციის დრო დადგა და ისინიც პროვინციული თავშეუკავებლობით გადაეშვნენ თვითტკბობაში და გარყვნილებამდე მისულ ფუფუნებაში. ამასობაში სასულიერო დასი, ყოფილი რეციდივისტებით, უბირი მუტრუკებით, პროფესიონალი აფერისტებით, ხეპრე უწიგნურებით შეივსო. ამბიცია იცოცხლე, და ამ ხალხმა პირად საკუთრებად აღიქვა წინააპართა კულტურული დანატოვარი, რომელიც მთელ ერს და საერთოდ კულტურულ კაცობრიობას ეკუთვნის. ადგილებზე თავხედი, ხეთაგანი მოურავები დაადგინეს და შეუზღუდავი უფლებებით აღჭურვეს. მოკლედ, თავი ამ ყველაფრის ბატონ-პატრონებად წარმოიდგინეს და გეგმა-ზომიერად დაიწყეს ლოჯიების მიშენება ანუ უნიკალური არქიტექტურული თუ ფრესკული მხატვრობის შედევრების და ინტერიერების დამახინჯება. მათ მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ კრიტიკას კი საშინელი აგრესიით და ცინიკური უტიფრობით პასუხობენ. საკუთარ თავს ისტორიის ფურცლებიდაან გადმომხტარ ლეგენდარულ გმირებად და უდიდეს მოღვაწეებად აღიქვამენ, ყველა დანარჩენი კი, დიდი თუ პატარა სამშობლოს მტერი და მოღალატეა."

წერს გელასი აროშვილი.

ნანახია: (531)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას