logo.png

Tamaz Lomidze

 

"ხშირად მქონია ხოლმე საუბარი სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე “ქრისტიანებთან” და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ვეუბნები: გააპროტესტე, თქვი საწინააღმდეგო აზრი, ასწავლე, უქადაგე, შენი ცხოვრებით უჩვენე სწორი მაგალითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იძალადო. როგორც კი ძალადობისთვის ასწევ ხელს, გაუფასურებულია და ძალადაკარგია შენი სიტყვა. მპასუხობს: კი, მართალია, მაგრამ მაგათ სიტყვა არ ესმით. შემდეგ ვეკითხები ხოლმე და აქ მთავრდება ჩვენი საუბარი: კარგი, ვთქვათ ადექი და სცემე, რადგან არ ესმის. შემდეგ თუ ისევ გააგრძელა კიდევ სცემე უფრო მაგრად, კიდევ და კიდევ სცემე და ბოლოს რას აპირებ? უნდა მოკლა? აქ სამარცხვინოდ გაიყურსებიან რადგან იციან, რომ მოკვლა არ შეიძლება და თან საკუთარ თავში მოდუღარი სიძულვილი არ ასვენებთ, ადამიანის განადგურება უნდათ. ასეთებს ეუბნება ქრისტე: უკვე მკვლელები ხართ ღვთის წინაშე თუ ადამიანის სიძულვილი გაქვთ გულში, უკვე დაგირღვევიათ მცნება “არა კაც ჰკლაო” . დაფიქრდით, სად მიგიყვანთ ეს უკონტროლებელი სიძულვილი და ძალადობა, ნუ იქნებით მკვლელები!"

"ეს არის ჩემი ქრისტე, ასეთი ქრისტე გვწამს ქრისტიანებს

"საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. ... რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა." (ბიბლია, ესაია 53, 3. 7. 9)

კეტი არ ჩაურტყამს თავში ადამიანისთვის, არც თვალი ჩაულურჯებია ვინმესთვის, არც უგინებია და არც ფანჯრები დაულეწია, არამედ ისეთი მშვიდი იქნება ჩემი ძე "ხმას არ აუწევს ქუჩაში, გადატეხილ ლერწამს ფეხს არ დაადგამს და მბჭუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს არავისო" ამბობს მამა ღმერთი. (ბიბლია, ესაია 42, 2-3)

და თქვენ, თქვენ რომელი ქრისტე გწამთ?"

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (433)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას