logo.png

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

 

"მოყვარეს პირში უძრახეო...

პირდაპირ უნდა დავწერო სათქმელი, ყოველგვარი ფასადურობის გარეშე.

ამ ერთი კვირის წინ 100 წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი მთავარი აღმდგენელისა და ავტოკეფალიის აღდგენის ოფიციალურად გამომცხადებლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს (ოქროპირიძე) გარდაცვალებიდან.

ძვირფასო ქართველო მღვდელმთავრებო, თქვენ ბრძანდებით იერარქები იმ ეკლესიისა, რომლის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მთელი შეგნებული სიცოცხლე იბრძოლა ლეონიდე ოქროპირიძემ, არაერთხელ პირადი უსაფრთხოება სასწორზე დადო და სიმართლითა და შიშველი ხელებით ებრძოლა რუსეთის იმპერიას (მაშინაც და დღესაც არაერთი "რძენაწყენი" და "უკუღმა მონათლული" ქართველისთვის ძვირფასი რომ არის). თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, ბევრი თქვენგანი, დღეს მღვდელმთავარი უბრალოდ ვერ იქნებოდა, იმდენად შემცირებული იყო რუსული მმართველობისას საქართველოში ეპარქიების რაოდენობა და ვინც იქნებოდით მღვდელმთავარი, დიდი ალბათობით, მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვასაც ვერ აღასრულებდით...

ხარისხი და პატივი გსურთ ლეონიდე ოქროპირიძის მიერ ავტოკეფალიამოტანილ ეკლესიაში და ამ ავტოკეფალიის აღმდგენელი პატრიარქის გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის თავზე (თვისობრივად განსხვავებული ისტორიული თარიღია, რომელიც არასდროს განმეორდება) ერთი პანაშვიდი ვერ აღასრულეთ?! ერთი შესაბამისი განცხადება ვერ გაავრცელეთ?! ასე გვსურს წინსვლა?! არა და "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა"...

მადლიერება ერთ-ერთი სათნოებაა და ღვთისადმი მადლიერება ადამიანებისა და მათ შორის ერთ-ერთ უპირველესად წინამორბედებისადმი მადლიერებაზე გადის... სხვაგვარად ძალიან გაუჭირდება არსებობა ნებისმიერ შეგნებულ ადამიანს, ოჯახს, სახელმწიფოსა და მათ შორის ეკლესიას... ამ დღეებში ვერ დავინახეთ თქვენგან მადლიერება და პატივგება იმ დიდი კათოლიკოს-პატრიარქისადმი, რომლის მიერ აღდგენილი ავტოკეფალიის საფუძველზე თქვენ ხელთ სამღვდელმთავრო კვერთხნი გიპყრიათ...

კიდევ არ არის გვიან, ისტორიას დაუტოვეთ თქვენი ქმედება და შთამომავლობას მადლიერების მაგალითი - იქნებ, ახლა მაინც ინებოთ და პატივი მიაგოთ კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც მინიმუმ - მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვის შესაძლებლობა მოგცათ და მაქსიმუმ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლობის დიდი პატივი მოგანიჭათ!"

წერს ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

ნანახია: (531)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას