logo.png

საქართველოს ეკლესიის უდიდესი წმინდანი - შიო მღვიმელი ერთი ასურელ მამათაგანია. ყველიერის ხუთშაბათი ღირსი მამის ხსენების დღეა. მის ურიცხვ სასწაულთქმედებათაგან მხოლოდ მცირედი შემორჩა მატიანეებს. ისინი აღესრულებოდა როგორც წმინდანის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ. ქვემოთ მოგითხრობთ ერთი ასეთი სასწაულის შესახებ.

 

      შიო მღვიმელის მიერ შერისხული  გვირგვინოსნის სინანული

 

ქართლის მთავარმა სტეფანოზმა, შიომღვიმის მონასტერში ინება სტუმრობა. მონასტერს პატრიარქთან ერთად ეწვია და, პატივმოყვარეობით აღვსილმა, საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო მასპინძელთაგან ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიმართ  მიგებული უპირატესი პატივი. განაწყენებულმა ხელისუფალმა ორი მამული წაართვა მონასტერს.

მომდევნო ორი ღამის განმავლობაში სტეფანოზს ძილი დაუფრთხო ოქროს კვერთხითა და ხელში ჯვრით გამოცხადებულმა შიო მღვიმელმა, რომელიც მკაცრად დაემუქრა – თუ მონასტერს მამულებს არ დაუბრუნებდა, მკაცრად აზღვევინებდა. განმეორებადმა სიზმარმა შეაშფოთა სტეფანოზი, მაგრამ ორივე მამულის დაბრუნება მაინც არ ეთმობოდა. ამიტომ მესამე ღამეს მამა შიომ ეკლესიის მტერს გადაუწყვიტა სასჯელის ზომა და, მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულმა ერისმთავარმა საჩქაროდ უბრძანა მსახურს, წართმეული მამულები დაებრუნებინა ტაძრისათვის, მსახურს ფეხები შეეკრა და ადგილიდან ვერ დაიძრა. სტეფანოზს კი კიდევ ერთხელ გამოეცხადა მამა შიო, ოღონდ ამჯერად არა ძილში, არამედ ცხადში და შერისხა: „როგორადაც გულით ხარ ბრმა, თვალითაც ისე დაბრმავდები შენ, შენი ცოლიცა და შვილებიც! გონებასაც აგირევთ, ვიდრე უფლის ნებით არ გამოსწორდები!“ მყისვე აუსრულა დანაპირები და ყველა მხილველისათვის შესაბრალის ჰყო:  სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს სიცოფე შეეყარათ – ერთმანეთზე შმაგად იწევდნენ საკბენად და გაიძახოდნენ, რომ ღვთის მონის, შიოს მიერ იგვემებოდნენ. 

ქართლის დიდებულებმა გულისხმა ჰყვეს და სტეფანოზი და მისი ცოლ–შვილი ხელფეხ შეკრულნი წაიყვანეს ნეტარი შიოს მონასტერში. მონასტრის მამებმა თანაგრძნობით მიიღეს სტუმრები – სტეფანოზის მთელი ოჯახი წმიდა შიოს საფლავზე მიიყვანეს, ლოცვა აღასრულეს, შემდეგ იღუმენმა საფლავის მტვერი აიღო, ბარძიმში ჩაყარა და სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს შეასვა. შეშლილნი მყისვე მოვიდნენ ცნობას, მაგრამ სიბრმავე მათი არ განიკურნა. მამები ნეტარ შიოს შეევედრნენ, ელოცა თვალისჩინდაკარგულთათვის. სტეფანოზმა მწიგნობარს დააწერინა წერილი, სადაც შენდობას სთხოვდა მამა შიოს და ორ საუკეთესო სოფელს  სწირავდა მონასტერს სამეფო სოფლებიდან.  იღუმენმა წყალში ამოავლო ნეტარი შიოს კვერთხი და მერე იმ წყლით თვალები მობანა სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს. მათაც მაშინვე აეხილათ თვალები.

სტეფანოზმა გასცა ბრძანება, რათა ქვეყანასა ქართლისასა ყველა ეკლესია გაენთავისუფლებინათ ხარკისა და ყოველგვარი იძულებისაგან. თავად იგი დიდი მწყალობელი შეიქნა ეკლესიებისა და სამღვდელოებისა, ოჯახთან ერთად ყოველწლიურად ადიოდა  შიომღვიმის მონასტერში და ეკლესია–მონასტრების მშენებლობაში გაწეულ სხვა ღვაწლთან ერთად სწორედ მისი მმართველობის პერიოდში აიგო ჯვრის მონასტრის უდიდესი ნაწილი!

ნანახია: (1702)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას