logo.png

 

Nana Gegetchkori

Zurab Guruli

 

"გერმანია აღმოჩნდა პირველი, დიდი ევროპული ქვეყანა რომელმაც ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. დროებით შეჩერება ვაქცინაციის აკრძალვას არ ნიშნავს. ქვეყნები, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, დაელოდებიან გამოძიებას ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების შემდგომ განვითარებულ გართულებებთან დაკავშირებით და გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით მიიღებენ გადაწყვეტილებას საბოლოო მოქმედებაზე.

საფრანგეთი და იტალიაც აპირებს გერმანიის გამოცდილება გაიზიაროს და ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები დროებით შეწყვიტოს.

ამგვარი ქვეყნების რიგში კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფოა. მათი გადაწყვეტილება განაპირობა ცნობებმა ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში განვითარებულ თრომბოზულ გართულებებზე.

22 საათი არც გასულა ასტრაზენეკას უახლესი განცხადებიდან. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: - არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები თრომბოზულ გართულებებსა და ვაქცინაციას შორის უშუალო კავშირზე. იქვე აღნიშნულია, რომ მსგავსი გართულებების პროპორციული წილი არ აღემატება ზოგადად პოპულაციაში ვენური თრომბოემბოლიზმის პროპორციულ წილს.

ასტრაზენეკას თავიდანვე შეექმნა პრობლემები ევროპაში. რამდენიმე ქვეყანა უარს ამბობდა ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაეცა 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. საბოლოოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისი გამოყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაუშვა.

ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, ასტრაზენეკას ვაქცინით მიღებული სარგებელი აღემატება მისგან მომდინარე პოტენციურ რისკს და ვერ ხედავენ მისი აკრძალვის საჭიროებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ასტრაზენეკას კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუღია. ამერიკის მთავრობას უკვე შეძენილი აქვს ასტრაზენეკას რამდენიმე ათეული მილიონი დოზა და ის გამოუყენებლად ინახება. რამდენადაც ვიცი, ევროპულმა ქვეყნებმა მოითხოვეს ამერიკელებისგან, რომ ეს დოზები მათთვის დაეთმოთ, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ამგვარ დახმარებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით რომ დაელოდება FDA ვერდიქტს ვაქცინის კლინიკურ პრაქტიკაში დაშვებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი ქვეყანა სადაც ასტრაზენეკა უკვე გამოიყენება, კანადაა. კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტრინ ტრუდომ, დღეს გაავრცელა მიმართვა: - ვინაიდან არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული კავშირი თრომბოზულ გართულებებსა და ასტრაზენეკას ვაქცინას შორის, კანადა არ შეწყვეტს მის გამოყენებას-. ჯასტინ ტრუდომ მოსახლეობა დააიმედა, რომ კანადაში შემოსული არც ერთი ამპულა არ ეკუთვნის იმ ცნობილ პარტიას რომელზეც არსებობს თრომბოზული გართულებების ეჭვი (ABV5300). განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანისთვის საუკეთესო შეიძლება იყოს ის ვაქცინა რომელზეც მას უმოკლეს დროში მიუწვდება ხელი.

რას მოგვითხრობენ ციფრები?

ყოველ წლიურად, ვენური თრომბოემბოლიზმის შემთხვევები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უვითარდება დაახლოებით 100,000 ადამიანიდან 100 ინდივიდს, და ექსპონენციულად იზრდება 5-ზე ნაკლები შემთხვევით 100,000-ს მოსახლეზე 15 წელს ქვემოთ ასაკობრივი ჯგუფში და საშუალოდ 500 შემთხვევით 80 წელს გადაცილებულთა შორის. დაახლოებით ერთ მესამედს ამ ადამიანებისას ვენური თრომბოემბოლიზმი ფილტვების არტერიაში აღენიშნებათ, 2/3 კი შემთხვევებისა კი ქვემო კიდურების ვენებზე მოდის. მიუხედავად ანტიკოაგულაციური თერაპიისა, ვენური თრომბოემბოლიის გამეორების შემთხვევები 7%-მდე მერყეობს პირველი შემთხვევიდან 6 თვის განმავლობაში. დიაგნოზიდან პირველი თვის განმავლობაში სიკვდილიანობა ქვედა კიდურების ვენების თრომბოზების შემთხვევაში 6%-მდეა, ფილტვის არტერიის თრომბოზის შემთხვევაში კი 12%-ს აღწევს. (Richard H. White. The Epidemiology of Venous Thromboembolism. Circulation. 2003;107:I-4–I-8)

რა ვიცით ასტრაზენეკას ჯგუფში განვითარებული თრომბოზულ გართულებებზე?

ამ მხრივ ყველაზე სანდო ალბათ ასტრაზენეკას ოფიციალურ განცხადებაში მოყვანილი ციფრებია, რადგან მათ მიუწვდებათ ხელი მონაცემებზე ყველა ქვეყნის მაშტაბით. 2021 წლის 14 მარტს 18:00 საათზე გამოქვეყნებული განცხადებაში ვკითხულობთ: - უსაფრთხოების ბაზის დეტალური განხილვის შედეგად, სადაც დარეგისტრირებულია ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი 17 მილიონი ადამიანი, დადასტურებული პირდაპირი კავშირი თრომბოზულ გართულებებსა და ვაქცინაციას შორის ნანახი ვერ იქნა ვერც ერთ ასაკობრივ თუ სქესობრივ ჯგუფში და მედიკამენტის პარტიას შორის. ამ 17 მილიონი ადამიანიდან 15 პაციენტს განუვითარდა ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი და 22 შემთხვევაში თრომბოზი აღინიშნებოდა ფილტვის არტერიაში. ეს მონაცემები ეხება 8 მარტამდე დაგროვილ ინფორმაციას. როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ვიცით, მას მერე მსგავსი გართულების კიდევ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის ლეტალური გამოსავლით. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ: - ასტრაზენეკას ვაქცინის კვლევის ეტაპზეც იყო თრომბოზული გართულებების ერთეული შემთხვევები და მათი რიცხვი პლაცებოს ჯგუფში ჭარბობდა. კვლევის პროცესში ამ ვაქცინაზე ჩატარდა ხარისხის კონტროლის დაახლოებით 60-მდე კვლევა 20 დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. (Update on the safety of COVID-19 Vaccine AstraZeneca. 14 March 2021 18:00 GMT. AstraZeneca. com)

როგორია თრომბოზული გართულებები კოვიდ-19-ით ავადობისას?

ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი ჯერაც არ არსებობს. ამ დროისთვის გვაქვს რამდენიმე კვლევა, რომელსაც CDC-ს ვებგვერდზე იპოვით.

1. Venous and arterial thromboembolic complications in COVID-19 patients admitted to an academic hospital in Milan, Italy. Lodigiani et al. Thrombosis Research (Apr 23, 2020).

ჰოსპიტალიზირებული პაციენტების 7%-ს აღენიშნებოდა სხვა და სხვა ტიპის თრომბოზული გართულებები. ამ პაციენტების 8%-ს დაუდგინდა ფილტვის არტერიის თრომბოზი, 2.5% - თრომბი აღმოაჩნდა თავის ტვინის სისხლძარღვებში (იშემიური ინსულტი), 1.1%-ს მწვავე კორონარული სინდრომი ან მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდა. თრომბოზული გართულებებით შემოსული პაციენტების 25% გარდაიცვალა.

2. Pulmonary Embolism in Patients With COVID-19. Awareness of an Increased Prevalence. Poissy et al. Circulation (Apr 24, 2020)

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების 6%-ს აღენიშნებოდა ფილტვის არტერიის თრომბოზი. ამ პაციენტების 91% დიაგნოზის მომენტისთვის უკვე ღებულობდა ანტიკოაგულაციურ თერაპიას (ეგრეთ წოდებულ სისხლის გამათხელებელს).

3. Autopsy Findings and Venous Thromboembolism in Patients With COVID-19. Wichman et al. Annals of Internal Medicine (May 6, 2020).

აუტოფსიის შედეგად დადგინდა რომ 58%-ს გარდაცვლილ პაციენტთაგან აღენიშნებოდა თრომბოემბოლიები რომელიც სიცოცხლეში დიაგნოსტირებული არ იყო. აქედან 33% გახდა პაციეტების გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

რას გვიყვებიან ზემოთ მოყვანილი ფაქტები?

1. კოვიდი არის უკიდურესად პროთრომბოზული დაავადება.

2. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში თრომბოზული გართულებების პროპორციული წილი ბევრად მეტია ჩვეულებრივ მოსახლეობაში არსებულ ამგვარ წილზე.

3. ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილთა შორის 17 მილიონი ადამიანიდან, 8 მარტის მონაცემებით, 37 პაციენტს აღმოაჩნდა სხვადასხვა ტიპის თრომბოზული გართულება. ჯერჯერობით უმრავლესობა ამ შემთხვევების კვლევის ობიექტს წარმოადგენს, თუმცა წინასწარი მონაცემებით თრომბოზების უშუალო კავშირი ვაქცინაციასთან მეცნიერულად დასაბუთებული არ არის.

4. 8 მარტის შემდგომაც აღირიცხა რამდენიმე თრომბოზული გართულება. ამ შემთხვევების დეტალური ანალიზი ლიტერატურაში ჯერჯერობით არ იძებნება.

5. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო დღეისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შედეგად მიღებული სარგებელი აღემატება მის მიერ გამოწვეულ პოტენციურ რისკს და ვაქცინაციის შეჩერებას არ უწევს რეკომენდაციას.

6. მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციისა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა ასტრაზენეკას აცრის გამოყენება. ქვეყნების უმრავლესობაში შეწყდა ვაქცინაცია ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენებით - ABV5300.

ვცდილობთ, ამ რთულ და წინაარმდეგობრივი ინფორმაციით სავსე დროში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ და მოგაწოდოთ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები კოვიდ ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც ექიმებს, გვევალება პაციენტს პატიოსნად და ოპერატიულად მივაწოდთ ფაქტებზე დამყარებული, უახლესი ინფორმაცია. განვუმარტოთ ამათუიმ სამედიცინო ნიუანსების დეტალები, რათა თვითონ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება რა გზებით გაუფრთხილდეს საკუთარ სიცოცხლეს.

არ ვეწევით ვაქცინაცის პროპაგანდას, ჩვენთვის უცნობი პაციენტებისთვის ვერ გავცემთ რჩევებს და არავის თავს არ ვახვევთ ჩვენს პირად გადაწყვეტილებას.

ყველა ადამიანს აქვს უფლება განკარგოს საკუთარი სიცოცხლე და აირჩიოს მკურნალობის და პრევენციის მისაღები ინდივიდუალური ფორმები.

აქვე, ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ის საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების უსაფრთხოებას.

პატივისცემით

Nana Gegetckori

Zurab Guruli

ნანახია: (812)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას