logo.png

12 (25) თებერვალი - დღესასწაული

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის

 

ტროპარი
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

* * *

მადლიერებით ვადიდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ გამოუთქმელი წყალობის გამო, რომელიც მან მოგვმადლა თავისი ყოვლადწმიდა ხატის მეშვეობით: „გიხაროდენ, რომელმან მოგვანიჭე ჩვენ წმიდა ხატი შენიგიხაროდენ, რომელმან მფარველობა მისი აღვითქუგიხაროდენ, რომელმან ნიჭი საკვირველებათანი მიანიჭე მას…“

მრავალი საოცრება და ქველისმოქმედება აქვს ჩადენილი ივერთა სავანეში ღმრთისმშობელს თავისი ხატის პატივისცემით. იმდენად ბევრი, რომ შეუძლებელია, აქ ჩამოვთვალოთ ყველა მათგანი. დაწვრილებით გადმოცემებს მათ შესახებ ინახავს მონასტრის მატიანე:

 

* * *

ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე.

* * *

წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ – „ბარბაროსი“. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატულიშავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი.

* * *

1308 წელს ივერთა მონასტერი სასტიკად დაარბიეს სპარსელებმა, რომლებიც მიუახლოვდნენ ათონის მთას 15 ხომალდით და ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. უსჯულოთა სიმრავლით შეშინებულმა ბერებმა გამოიტანეს ტაძრებიდან წმინდა ჭურჭელი, მათთან ერთად კარიბჭის ხატიც და ციხე-კოშკს შეაფარეს თავი. მონასტერში შემოჭრილმა სპარსელებმა იწყეს სავანის უმოწყალო ძარცვა და მთავარი ტაძრის გუმბათის ჩამონგრევაც მოიწადინეს. ამ მიზნით გუმბათის შემკავებელ მარმარილოს სვეტებს მათ თოკები გამოაბეს და გამხეცებულნი ეწეოდნენ, მაგრამ ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ამის მხილველმა ბერებმა გულის სიღრმიდან ცრემლით ღაღადჰყვეს ზეციური დედოფლისადმი და მანაც, ყოვლადძლიერმა, არ უგულებელჰყო მათი ვედრება. ვერ მოასწრეს მონასტრის საუნჯით დატვირთულმა ხომალდებმა ნაპირისგან მოშორება, რომ ამოვარდა სასტიკი ქარიშხალი და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. გადარჩა მხოლოდ ის გემი, რომელზეც იმყოფებოდა სპარსთა მეთაურიამირა. მან ეს უბედურება სავანის გაძარცვისათვის მოვლენილ ღმრთის სამართლიან რისხვად აღიარა, შენდობა და ღმრთის წინაშე მეოხება სთხოვა მამებს, დაუბრუნა მონასტერს ნაძარცვი ქონება და თვითონ გაიქცა შეძრწუნებული.

* * *

ალექსი კომნენოსის მეფობის დროს ათონის მთის ყველა ბერძნული მონასტერი დაცარიელდა რაღაც მავნე მწერების შემოსევის გამო. ზეციური მეკარისყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შეწევნით ქართველ მამებს არ მიუტოვებიათ მონასტერი და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას, როგორც გვიამბობს მემატიანე.

* * *

ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებშიპური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასავენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?“ „არა, – მიუგო მოგზაურმა, – ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა“. მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები“.

მწირი მაშინვე გაეშურა მონასტრისაკენ, იპოვა დარაჯი და სთხოვა პური მიეყიდა, და ხელში მონეტა ჩაუდო, რომელიც მისი თქმით ვიღაც ქალმა აჩუქა. ქალის ხსენებამ დარაჯი შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მონეტის დანახვამ ეჭვი გაუფანტა და მიხვდა, რომ სასწაული ხდებოდა. სასწრაფოდ ზარები დარეკა, რათა მამები შეეკრიბა და მათთვის მომხდარი ამბავი ეცნობებინა. მამებმა მოისმინეს ეს საკვირველი ამბავი და განცვიფრდნენ. დაადგინეს, რომ მწირის მიერ მოტანილი ოქროს მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლისადმი შენაწირი იყო და დიდი რუდუნებით კვლავ წმიდა ხატთან დაასვენეს. ამის შემდეგ ყველანი დაუყოვნებლივ აღნიშნულ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. სასწაულის სამახსოვროდ მამებმა გამოცხადების ადგილას დააყენეს პატარა სალოცავი. 1960 წელს კი ივერთა მონასტრის ბერ-მონაზონმა მაქსიმემ, რომელიც ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით, თავისი ხარჯებით მშვენიერი სამლოცველო ააგო ამ ადგილზე ივერიის ღმრთისმშობლის პატივსაცემად და მას წლების მანძილზე ემსახურებოდა. ეს სამლოცველო ლამაზი ფრესკებით არის დამშვენებული.

* * *

ვინაიდან მონასტრის მკვიდრნი ხარჯებს უფრთხილდებოდნენ, შეწყვიტეს სტუმრების მიღება და მათთვის ჩვეული სტუმარმასპინძლობა უარყვეს, საჭირო იყო, რათა მომხდარიყო ახალი სასწაული. ამიტომაც პური და ოსპი გაფუჭდა საწყობში, ღვინო და ზეთისხილი კი ერთიანად განადგურდა. ამ უცნაური ამბით შეშფოთებული ბერები ცრემლებით ევედრებოდნენ ღმრთისმშობელს, წყალობა მოეღო მათზე. შეიწყნარა მათი მუდარა მრავალმოწყალემ და მისი მადლით კვლავ უხილავად აივსო დაცარიელებული ჭურჭელი.

* * *

XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა მეუფე ტიმოთე გაბაშვილმა. ივერთა მონასტერში, ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინათ, ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც გაკვირვებულ ბერს მიუგო: „წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვისო!“ ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.

* * *

1821 წლის ბერძენთა აჯანყების საშინელ პერიოდში თურქი ჯარისკაცებით აივსო ათონის მთის ყველა სავანე, რომლებსაც დამპყრობელთა შენახვა და ხაზინაში უზარმაზარი გადასახადების შეტანა დაეკისრათ. დაცარიელდა ივერთა სავანე, აქ დარჩა მხოლოს რამდენიმე ბერი. ღამ-ღამობით თურქები ხედავდნენ ქალს ყრმით ხელში. ამ ამბავმა მათ აფიქრებინა, რომ ბერებს იქ სხვა ქალებიც ჰყავდათ გადამალული. მოუხმეს მონასტრის დარაჯს, ბერ-დიაკონ გრიგოლს და მისი წამების ფასად სცადეს გამოერკვიათ, თუ ვინ იყო ის იდუმალი სტუმარი, ღამით რომ ჩნდებოდა და კვლავ უჩინარდებოდა ხოლმე. სასტიკად ნაგვემი და დასისხლიანებული ბერი კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიუძღვა მათ და უთხრა: „ეს არის!“ ჯარისკაცები შიშითა და კანკალით გაეცალნენ იმ ადგილს.

* * *

ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვისა და პარაკლისების აღსრულება ჰქონდა დავალებული, თვალი მოჰკრა ზეციური სიმშვენიერის ქალს შავ შესამოსელში; მას ხელში ცოცხი ეკავა და მონასტერს ჰგვიდა. მღვდელი ადგილზე გაქვავდა, როდესაც მონასტერში ქალი იხილა და ისიც ცოცხით ხელში, მერე მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: „აქ რას აკეთებ, მონასტერს ჰგვი?“ უცნობმა უპასუხა: „რასაკვირველია. მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელია არავის გამოუგვია!“

ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, ანუ .. თომას კვირას. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, რომ სულთანმა გამოსცა განკარგულება ათონის მთიდან თურქეთის ჯარების გამოსვლის შესახებ. მას შემდეგ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად და სამადლობლად თომას კვირას ყველა ტაძარში სრულდება ღამისთევით ლოცვა. რამეთუ ცოცხით, რომელიც ღმრთისმშობლის შეწევნის ნიშანი იყო, თურქები გახვეტილ იქნენ წმიდა მთიდან დაღმრთისმშობლის სავანე გაიწმინდა სიბილწისა და უკეთურებისაგან.

* * *

1854 წელს ათონზე შიმშილობა ჩამოვარდა. აქ მოღვაწეთა უდიდესმა ნაწილმა მიატოვა წმიდა მთაორმოცი ათასი ბერიდან დარჩა მარტოოდენ ათასი და მათაც გაქცევა ჰქონდათ განზრახული. მაშინ ღმრთისმშობელი გამოეცხადა მეუდაბნოე მამებს და უთხრა: „რისი შეგეშინდათ? ყველაფერი გაივლის და მთას კვლავ აავსებენ მოღვაწენი. სანამ ჩემი ხატი ივერთა მონასტერში იმყოფება, არაფრის გეშინოდეთ და მშვიდად იცხოვრეთ თქვენს სენაკებში. აი როცა მე გამოვალ ივერთა მონასტრიდან, მაშინ დაე ყველამ აიღოს თავისი ჩანთა და წავიდეს, სადაც ენებოს!“ გავიდა დრო და ათონზე შიმშილობა შეწყდა, ბერ-მონაზვნური ცხოვრება კი უწინდელ კალაპოტში ჩადგა.

* * *

1865 წელს ივერთა სავანეში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა 16 ეკლესია, სენაკები და რამდენიმე შენობა გაანადგურა. ტაძარს, რომელშიც კარიბჭის ხატი იმყოფებოდა, ცეცხლი არ შეჰხებია.

* * *

ღმრთისმშობელს არ მოსწონს, რომ ივერიის პატიოსანი ხატი უწმინდური სულის ადამიანებმა ჩამოატარონ ლიტანიობაზე. ამ დროს იგი საშინლად მძიმდება და ისინიც მაშინვე სხვას გადასცემენ ხატს და თვითონ გარბიან. არც ყველა ფოტოგრაფი მოსწონს. საჭიროა, რომ ისინი წმიდა ადამიანები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფოტოფირები უმოწყალოდ ნადგურდება. ერთი საეჭვო ყოფაქცევის კაცს დაჟინებით უცდია ფოტო გადაეღო ხატისათვის დღესასწაულზე, როცა თესალონიკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი მსახურობდა და რა მოხდა?! ხელები დაუდამბლავდა, აპარატი შორს გადატყორცნა, მთლად კანკალმა აიტანა და შიშითა და სირცხვილით გაუჩინარდა. მოზეიმენი კი ამბობდნენ: „ცოცხალია კარიბჭის ღმრთისმშობელი“.

* * *

1920 წელს ახალგაზრდა ათენელ მეფუტკრეს, სახელად ილიას, გრიპის გართულების შედეგად უმძიმესი ფორმის ფილტვების ანთება დაემართა. ექიმებისგან იმედგადაწურული სასიკვდილოდ გამზადებული იწვა. დედამისი, ქვრივი ქალი, მთელი ღამის განმავლობაში ევედრებოდა ყოვლადუბიწოს მის გადარჩენას. ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა მუხლმოყრილი დედა, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი იყო. სწორედ ეს განამტკიცებდა მის რწმენას. მეორე დღეს ილია სრულიად განიკურნა. მადლიერების ნიშნად ამ ქალმა ათონის ივერთა მონასტერს ოქროს სამაჯური შესწირა, რომელიც დღეს კარიბჭის ხატის წინ ასვენია.

* * *

სოფელ ჰერამილიტინიში მღვდელ მიხეილ პაკალისს ჰყავდა 20 წლის ასული, სახელად დესპინელა. გოგონას დამბლა ჰქონდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. მამა მიხეილს სახლში ჰქონდა ივერიის ღმრთისმშობლის ქაღალდის ხატი, რომლის წინაშეც გალობდა და მხურვალე გულით შესთხოვდა შვილის გამოჯანმრთელებას. ერთხელაც დილით დავრდომილი გოგონა გაჯანსაღებული სიხარულით ჩაეკონა თავისი ოჯახის წევრებს და ეს სიხარული მთელს სოფელს გადასდო. მამამ კი წერილი გააგზავნა მონასტერში, რომელშიც გამოთქვამდა უსაზღვრო მადლობას კარიბჭის ღვთისმშობლის მიმართ.

* * *

1960 წლის აგვისტოში სპარტას მისტრაში დედათა მონასტრის მახლობლად ცეცხლი მოეკიდა არქეოლოგიურ სათავსოს და ისტორიულ ტაძარს მთლიანად განადგურებას უქადდა. არავითარ ადამიანურ ძალას არ შეეძლო შველა. იქ მხოლოდ იღუმენია და მონაზვნები იყვნენ, რომელთაც არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

ამ მძიმე წუთებში იღუმენია ივერთა მონასტრის უახლოესი მეტოქისკენ მიბრუნდა და ივერიის ღმრთისმშობელს შეევედრა: „ყოვლადწმიდაო კარიბჭის ღმრთისმშობელო, გვიხსენი!“ დახმარება იმწამსვე მოვიდა. ხანძარი შეჩერდა, ბოლოს კი ისე ჩაქრა, რომ არავითარი ზიანი არ მიუყენებია მონასტრისათვის. მონაზვნებმა მაშინვე სამადლობელი ლოცვები აღუვლინეს მარადის ქალწულს.

ეკლესიის დიდი მამა, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „როცა შეჰყურებ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს, მთელი გულით მიისწრაფე მისკენ, რომელიც მეუფებს სასუფეველში, და ჰმადლობდე მას, რამეთუ მან შვა, ძუძუ აწოვა და აღზარდა სოფლის მაცხოვარი; რამეთუ არ დაგვტოვებს ჩვენს უხილავ ბრძოლაში თავისი მეოხებისა და შეწევნის გარეშე“. ღმრთისმშობლის ხატთან მორწმუნეთა მიერ აღვლენილი ყოველი ლოცვა ხომ ზეციურ მამასთან ადის, რომელსაც ძალუძს თავისი მადლით დაამსხვრიოს ეშმაკის ხელმწიფება და აღადგინოს სული დაცემის უფსკრულიდანოღონდაც მოუხმოს ამ სულმა მარადის ქალწულს, გულის სიღრმიდან შეჰღაღადოს თავის ჭეშმარიტ დედას. სოფლისათვის მიუწვდომელია ეს საიდუმლო: მთელს კაცორბიობას და ყოველ ადამიანს ჰყავს დედა, რომლის სიყვარულიც უკანასკნელი თავშესაფარი და გადარჩენის იმედია ღმრთის დაკარგულ და რწმენას მოწყვეტილ შვილთათვისგვწამდეს ჩვენი დედისა, სახიერი მეკარისა, და ვსასოებდეთ, რომ იგი ჩვენს ყველა ცოდვას განწმენდს და შეგვეგებება მისი ძისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფევლის კართან. ამინ.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი”, თბილისი, 1999 .

 

ნანახია: (1834)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას