logo.png

The Helsinki Union of Georgia - National Regeneration

 

დღეს აქტუალური გახდა დავით გარეჯის თემა, როცა მასთან დაკავშირებული აზრთა და მათი დამამტკიცებელ წყაროთა ბუნდოვანი სხვადასხვაობა ჭარბობს. ისმის კითხვა: რომელი სახელმწიფოებრივი, თუ საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტებით შეგვიძლია დავამტკიცოთ და განვამტკიცოდ, რომ გარეჯის მონასტრის კომპლექსი საქართველოა?


"საოცარი ხალხი ვართ ქართველები. მსოფლიო გადანაწილების პროცესებში ღრმად ვეფლობით, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას კი ზერელედ ვუყურებთ. თანაც ყოველთვის ნაჩუქარს ველოდებით და პრო-ობა გვირჩევნია, საკუთარი გარჯით მიღწეულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მერე კი, უბრძოლველად მოპოვებულს უნიათოდ ვანიავებთ და ახალ პრო-ბ-ს ვირგებთ.
აბა, გავიხსენოთ, საუკუნის წინ, თავდაპირველად საქართველოს დემოკრატიული რესპიბლიკის საგარეო ორიენტაცია იყო პრო-გერმანული, ხოლო პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის იმპერიის დამარცხების შემდეგ, პრო-ბრიტანული. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა თითქმის ხუთი საუკუნის მონობის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის დაშლის შედეგად. მე-15 საუკუნის შემდეგ ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო. ნაჩუქარი დამოუკიდებლობა სამ წელიწადში ჩვენივე უნიათობით დავკარგეთ და საბჭოური იმპერიის კლანჭებში ავღმოჩნდით, როგორც ყოველთვის, მაშინაც ისტორიულად ტკბილად შევეგუეთ ყოველივეს და თბილი „ძილ-ბურანის ნეტარების“ ქურქში გავეხვიეთ.
მანამდე კი, დაახლოებით 102 წლის წინ, კიდევ გვქონდა შანსი სახელმწიფოდ შევმდგარიყავით, მაგრამ ვაი, რომ ისევ ჩვენი უნიათობითა და ამის გამო ჩვენდამი დასავლეთის პოზიციათა არამდგრადობის გამო ჩვენს მიმართ, ყველაფერი წყალში გადაიყარა.
1919 წლის 14 მარტს, საქართველოს პირველი არჩეული პარლამენტის თავჯდომარის ნიკოლოზ ჩხეიძის ხელმოწერით მოკავშირეთა ანტანტის უმაღლეს საბჭოს გადაეცა ყველაზე მაღალი დონის სტრატეგიული დოკუმენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემორანდუმი, რომელიც მოითხოვდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას და მის ცნობას იმ პერიოდის საზღვრებში. ეს დოკუმენტი წარმოდგენილ რუქასთან ერთად უნიკალური იყო არამარტო იმ დროისათვის. მართალია იგი ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ დღესაც აქტუალურია თავისი მნიშვნელობით. სამწუხაროდ, ჩვენი „ურაპატრიოტული“ დამოკიდებულების გამო, მასობრივ და სოციალურ მედია საშუალებებში, წარმოიდგინეთ მუზეუმებშიც, ეს რუქა გავრცელდა სათაურით ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში", რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მიუხედავად ერთა ლიგის მიერ ამ დოკუმენტის არაღიარებისა, ამ დოკუმენტს უდიდეს სტრატეგიული, იურიდიული და ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და როგორც სჩანს, აქვს დღესაც. ამ დოკუმენტს გააჩნდა და დღესაც გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა არამხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც. სწორედ მის გარშემო შედგა კონსენსუსი და ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტა გააერთიანა. საქართველოს ფაქტობრივად ამხელა ტერიტორია არასდროს ჰქონია და ძლიერ დასანანია, რომ ჩვენთან ერთად დასავლეთმაც ეს ვერ გამოიყენა. სკეპტიკურად განწყობილი და კომუნისტური იდეებით დაბრმავებული ხალხი, შურით დაგესლილი დასავლეთი და მოგვიანებით ზოგიერთი მეცნიერიც ამ რუქას ,,ქართულ იმპერიალიზმს" უწოდებდა.
დარჩა მხოლოდ ისტორიული მეხსიერება, რომელიც ქართველებს აერთიანებდა, ჩვენთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი, გარე სამყაროსთვის კი, გადამწყვეტი არგუმენტი არ ყოფილა და როგორც ბევრჯერ ყოფილა შეგვატოვეს მხეცის ხახაში. 1921 წლის თებერვლის მდგომარეობით, ჩამონათვალთაგან ტერიტორიებზე, საქართველო უკვე პრეტენზიას აღარ და ვეღარ აცხადებდა. სოჭზე, ოლთისზე, ლაზეთზე, სადავო იყო ლორე და ზაქათალა, გაგრასათვის, ახალქალაქის, არტაანისა და ამ ტერიტორიების დაცვისათვის ქვეყანამ უზომოდ ბევრი იბრძოლა.1921-23 წლებში, საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო ჩვენი ართვინი და არტაანი, სადავო ზაქათალა და ლორე აზერბაიჯანელი და სომხური გახადა …
აი, ასეთი იყო ამ მოკლე პერიოდში ქართული საზღვრების ისტორია …
როგორც ცნობილი მკვლევარნი განმარტავენ, დე-ფაქტო აღიარება ქვეყნის ცნობის პირველი ნაბიჯია, ფაქტის ცნობა, რომ რაღაც სუბიექტი ნამდვილად არსებობს სახელმწიფოს ფორმით. დე-იურე კი სრულფასოვანი საერთაშორისო აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს.
აი, რა გვქონდა, რა დიდებული სტრატეგიული მნიშვნელობის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გვეპყრა ხელთ და ტერიტორიებთან ერთად როგორ დავკარგეთ დამოუკიდებლობაც.
თითქმის იგივე მიზეზთაგან, ანალოგიურად განმეორდა 1990-1991 წლების უკვე საქართველოს რესპუბლიკის ისტორია ...
მაგრამ დარჩა ქართული სახელმწიფოს ისტორიული, სამართლებრივი სახის დოკუმენტების წყება, რომლებიც დღესაც ძალაშია და ქართველთა ხელთაგან ელიან მის ამოქმედებას ...
ვინაიდან გასული საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კანონიერი გზით არ გაუქმებულა, საქართველოს კანონიერ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, არ არსებობდა საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანის სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ, ძალადობრივად, ანექსია-ოკუპაციის გზით ფაქტობრივად დავკარგეთ დამოუკიდებლობაცა და თავისუფლებაც.
საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტების, იურიდიულად დღესაც ძალაში მქონე მთელი რიგი სამართლებრივი და საკანონმდებლო ბაზის არსებობა, უფლის შეწევნით, ერთ დღესაც მისცემს საშუალებას ქართულ სახელმწიფოს დაიბრუნოს ძალითა და უკანონოდ წართმეული ძველი დიდება და მხოლოდ სამართალმემკვიდრეობის აღდგენით გაბრწყინდება და გასხივოსნდება ქართული სახელმწიფოებრივობა.
უდაოა, რომ დღესაც, უცილებლად უნდა ვაცნობიერებდეთ პასუხისმგებლობას ქართველი ერის წინაშე, ვალდებულნი ვართ ვეყრდნობოდეთ რა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით განცხადებულ პრინციპებს, კანონიერი, ლეგიტიმური საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუცია (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) და მისი ქვემდებარე სახელმწიფო კანონმდებლობები იყო და კვლავაც რჩება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების უზრუნველყოფის გარანტი.
რაც შეეხება, ლოკალურად დავით გარეჯის კომპლექსთან და მსგავსად სახელმწიფოს ტერიტორიების დავებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ ისეთი უნიკალური სახელმწიფო მნიშვნელობის არგუმენტები და დოკუმენტაციები, როგორიცაა 1919 წლის 14 მარტის ყველაზე მაღალი დონის სტრატეგიული დოკუმენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემორანდუმი და მასთან არსებული რუქები. არც 1938 წლების ნამდვილი რუქების არსებობა უშლის ხელს ტერიტორიის საჩვენოდ გადაჭრის საქმეს, მაგრამ თუ გამოვალთ იმ სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული ფაქტებიდან გამომდინარე, რომ როგორც 1921 წლისა და 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან, კოლონიზატორი ქვეყნის აგრესიის, ოკუპაცია-ანექსიიდან გამომდინარე, როცა 1921-1990 წლები თავადვე საქართველოს კომუნისტური უზენაესი საბჭოს მიერ იქნა გამოცხადებული უკანონო პერიოდად და შემდგომ 1992 წლიდან დღემდე პერიოდი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ასევე შეფასდა როგორც უკანონო, უკანონო პერიოდების ამოგდებით კი ძალაშია სწორედ საქართველოს რესპუბლიკის 1919 წლის სტრატეგიული დოკუმენტი, რაც სადაოდ არ ხდის სამართლებრივად და იურიდიული ძალის მქონედ საქართველოს რესპუბლიკის ნამდვილი და კანონიერი ტერიტორიების არსებობას.
დიახაც, ლეგიტიმური სახელმწიფოებრივი აქტებით უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.
სახელმწიფოს შიდა კანონები ამდაგვარად სწყვეტენ ამ ტერიტორიული მოწყობის საკითხს და მას უნდა დაერთოს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრიცა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც.
ამრიგად, რათქმაუნდა დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორია საქართველოს იურისდიქციის ქვეშაა და მასთან ერთად როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ლტოლვას თავდაუზოგავი ბრძოლა სჭირდება."

აცხადებს საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება.

 

ნანახია: (675)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას